ფოთში, მალთაყვის რეკრეაციულ ზონაში, ზღვის სანაპირო ზოლზე ბულვარის მშენებლობა -კეთილმოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები ინტენსიურად დაიწყო. სამუშაოებისთვის 4 მილიონ 180 ათასი ლარია გამოყოფილი, საიდანაც მიმდინარე წელს მილიონი ლარი იქნება ათვისებული.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,პირამიდა ფ რ”-ის ფილიალი, პროექტირების შემდეგ, პირველი ეტაპის სამუშაოებს უკვე შეუდგა. დაწყებულია ცენტრალური საავტომობილო ტრასიდან ზღვის ნაპირთან მისასვლელი გზის მშენებლობა, რომლის სიგრძე 570 მეტრია, სიგანე-6-8 მეტრი. აქტიურად მიმდინარეობს გზის საფუძვლის მოშანდაკება, ასევე, ზღვის სიახლოვეს ქვიშოვანი და მცენარეული გრუნტების მოხსნა, სამუშაოებში ჩართულია გრეიდერები, ბულდოზერები, დამტვირთველ-ექსკავატორები, სატვირთო თვითმცლელი ავტომანქანები.
გზის ყრილისა და ქვედა საფუძვლის მოსაწყობად, პარალელურად დაიწყება ბალასტის შემოტანა, გზის მშენებლობის შემდგომი ეტაპი ტროტუარების, ბორდიურებისა და სხვა ინფრასტრუქტურული კვანძების მოწყობა იქნება, რაც მოასფალტებით დასრულდება. მთლიანად სანაპირო ზოლზე გათვალისწინებულია გაზის, ელექტროენერგიის, წყლის, საკანალიზაციო კომუნიკაციების გაყვანა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა.
პროექტის სრული ღირებულება 18 მილიონ 507 ათას ლარს შეადგენს, რომლის რეალიზების შემდეგ მალთაყვის საკურორტო-დასასვენებელი ზონა თანამედროვე სარეკრეაციო არეალად გადაიქცევა.