ხუთ. ნოე 21st, 2024

ფოთში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სამ საცხოვრებელ სახლს უკვე ორ წელზე მეტია სარემონტო სამუშაოები უტარდება. რემონტის ვადების ასე გაჭიანურებამ ამ კორპუსის მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწია.

როგორც ამბობენ, სარემონტო სამუშაოების დროს ზიანი მიადგა მათ ბინებს, ოთახებში დაზიანდა ჭერი, გაიბზარა კედელი და დღემდე წყალი ჩამოდის. მათი მოთხოვნაა ტენდერი თავიდან ჩატარდეს და უფრო კეთილსინდისიერ მშენებლებს გადაეცეთ მათი ბინები გასარემონტებლად.

რამდენიმე თვის წინ დაზარალებულებსა და სამშენებლო კომპანიას შორის ზარალის ანაზღაურების თაობაზე ოქმიც კი შედგა. თუმცა ეჭვობენ, რომ კომპანიამ შესაძლოა შეთანხმება დაარღვიოს უფინანსობის მომიზეზებით. ამ შემთხვევაში, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.

Msnews.ge შეეცადა დაკავშირებოდა შპს “ჯენერალ ქონთრაქშენ კომპანია“, სამშენებლო კომპანიის მესვეურებს და გაგვერკვია აპირებს თუ არა დაზარალებულების მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელობის პოვნა გაგვიჭირდა, მხოლოდ საქმეთა მწარმოებელი ვნახეთ, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა და კომენტარისგანაც თავი შეიკავა.

როცა კომპანიის წარმომადგენლებთან ვერაფრის გარკვევა ვერ მოვახერხეთ, შევეცადეთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების დავკავშირებოდით, მაგრამ აქ უფრო მეტ წინააღმდეგობებს გადავაწყდით. სხვადასხვა სამსახურისკენ გვამისამართებდნენ. ასე წრეზე სირბილის მიუხედავად, პასუხი ვერ მივიღეთ და ვერაფერი გავარკვიეთ.

ინგა გვასალია, ფოთი