ფოთში ახალგაზრდებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანი კანონი თავისუფლებას“ პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაცია გამართა.
ორგანიზაციის წარმომადგენლები ფოთის მუნიციპალიტეტის 26 ახალგაზრდას შეხვდნენ, გააცნეს პროექტი, ისაუბრეს მის მნიშვნელობაზე და პროექტში ახალგაზრდების ჩართულობაზე. ასევე უპასუხეს ახალგაზრდების კითხვებს. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტესტირება.
როგორც პროექტის მენეჯერმა დასავლეთ საქართველოში, გიორგი მღვდელაძემ განგვიმარტა ტესტირების შედეგები რამოდენიმე დღეში იქნება ცნობილი, რომლის შედეგადაც შეირჩევა 15 ახალგაზრდული საკრებულოს წევრი, შესაბამისად ჩამოყალიბდება თემატური ჯგუფები და აირჩევა თავმჯდომარეც.
მღვდელაძის თქმით პროექტისთვის შეირჩა XI-XII კლასის მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები.
მისივე განმარტებით საქართველოს მასშტაბით პროექტის ფარგლებში 6000-ზე მეტ მოსწავლესთან გეგმავენ შეხვედრას. ტესტირების შედეგად მხოლოდ 2105 მოსწავლე შეირჩევა, რომლის მთავარი მიზანია მოტივირებული და განათლებული ახალგაზრდები ჩაერთოს თვითმმართველობის საქმიანობაში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ლიდერების გამოკვეთას.