ორშ. დეკ 9th, 2024

საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, თიბისი, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს მართავს, სადაც ადგილობრივ ფერმერებს სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის, თუ რა საბანკო პროდუქტები და სახელმწიფო პროგრამებია მათთვის ხელმისაწვდომი. ღონისძიებები მარტსა და აპრილში პანელური დისკუსიების ფორმატში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას, თიბისისთან ერთად, პარტნიორებიც მიიღებენ სოფლის განვითარების სააგენტოდან, „აწარმოე საქართველოდან“ და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამიდან.

შეხვედრებზე დასწრება შეუძლიათ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს, ასევე საშუალო ზომისა და მსხვილ ფერმერებს, ყველა პოტენციურ სტარტაპერს, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში აპირებს ბიზნესის დაწყებას.

„გადავწყვიტეთ პირადად შეხვდეთ ფერმერებსა და მეწარმეებს და გავაცნოთ, რა შესაძლებლობები არსებობს დღეს ბაზარზე, რათა მათ მიიღონ ყველა სარგებელი, რასაც ერთობლივად ვთავაზობთ, ჩვენ, თიბისი და ჩვენი პარტნიორები. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ გააფართოვონ, ან თუნდაც წამოიწყონ ახალი ბიზნესი. თიბისიში არა მარტო ინფორმაციის კონსოლიდაცია ხდება, არამედ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო და დონორ ორგანიზაციებთან. ამ პროგრამებში ჩართვა კი, თიბისის პროდუქტებთან ერთად უფრო ადვილია. გარდა ამისა, ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ უკვე შექმნილი გვაქვს ბიზნესზე მორგებული საბანკო პროდუქტები, რაც პარალელურად სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების პროგრამებში მონაწილეობას მოიცავს. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ბიზნესს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა და სარგებელი, რაც მას დასაფინანსებელი პროექტის წარმატებით შესრულებაში დაეხმარება,“ – შოთა გონგლაძე, თიბისის სახელმწიფო პროექტების მართვის ხელმძღვანელი.

თიბისი პარტნიორ სახელმწიფო და დონორ ორგანიზაციებთან ფერმერებს და მეწარმეებს არაერთ პროგრამაში ჩართულობას სთავაზობს. მათ შორის: სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად – შეღავათიანი აგრო კრედიტების სუბსიდირება და საგრანტო პროექტების თანა-დაფინასება; „აწარმოე საქართველოში“ – სესხზე დარიცხული სარგებლის სუბსიდირება, ბენეფიციარების მხარდაჭერა სესხზე არასაკმარისი უზრუნველყოფის შემთხვევაში (პროგრამა „საკრედიტო საგარანტიო სქემა“) და მიკრო და მცირე მეწარმეების საგრანტო პროექტების თანადაფინანსება; USAID-ის პროექტები: საგრანტო თანადაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა.

გარდა ამ ფინანსური პროგრამებისა, თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულ ადამიანებს სთავაზობს დახმარებას ტექნოლოგიების შემოტანასა და დანერგვაში, კონსულტაციებს და გამოცდილების გაზიარებას მათთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე.

შეხვედრები საქართველოს რეგიონებში შემდეგი კალენდრის მიხედვით გაიმართება:
• 10 მარტი – გორი
• 17 მარტი – ზუგდიდი
• 24 მარტი – ქუთაისი
• 6 აპრილი – გურჯაანი
• 7 აპრილი – თელავი
შეხვედრების ადგილის შესახებ, დაინტერესებული პირები დამატებით ინფორმაციას მიიღებენ.