პარ. ნოე 22nd, 2024

ფოთში, მდინარე რიონში ხიდიდან გადავარდნილი 16 წლის მოზარდის პოვნის მიზნით სპეციალური შტაბი შეიქმნა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ყველა შესაბამისი უწყება გაერთიანდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მიშა ფეიქრიშვილის განცხადებით, სამძებრო ღონისძიებები არ შეწყვეტილა და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გაგრძელდება, ვიდრე მოზარდი არ იქნება ნაპოვნი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად აქტიურად არის ჩართული , რათა რაც შეიძლება უმოკლეს დროში იქნეს მოზარდი ნაპოვნი. 20-მდე მაშველი და მყვინთავი მუშაობს ამჟამად მდინარე რიონში, პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეც-ტექნიკაც, რომელიც წყლის ქვეშ სპეციალური აპარატით აწარმოებს სამძებრო ღონისძიებებს. ასევე მიღებულია ზომები იმისთვის, რომ დაწეულიყო მდინარეში წყლის დონე, რათა გაუადვილდეთ მაშველებს მუშაობა, წყლის ქვეშ გავლებულია ბადეები. შეიქმნა სპეციალური შტაბი, სადაც ყველა შესაბამისი უწყება, ვინც ჩართულია ამ პროცესში შტაბში იქნება და ადგილიდან მოახდენს ყველაფრის ორგანიზებას, დაკვალიანებას და ზომების გატარებას,“- განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა.