ორშ. დეკ 9th, 2024

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე რამაზ იოსელიანი დაინიშნა.
რამაზ იოსელიანი 1958 წლის 11 მარტს დაიბადა თბილისში. წარჩინებით დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი.

ცნობილი მსახიობი და საზოგადო მოღვაწე რამაზ იოსელიანი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა თითქმის ყველა დიდი თეატრის სცენაზე;

რამაზ იოსელიანი კარგად იცნობს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრს, მისი თანამშრომლობა ფოთის თეატრთან დაიწყო 2008 წლიდან რეჟისორის ამპლუაში, როცა ფოთის თატრის სცენაზე დადგა სპექტაკლი „ქვრივთა ნუგეშისმცემელი“, შემდგომ იყო კომედია – „სხვისი შვილების მამა“.
რამაზ იოსელიანი 2013 წლიდან ფოთის თეატრის მსახიობია. მონაწილეობდა ირაკლი გოგიას მიერ დადგმულ სპექტაკლში – „ვიდრე მთავარ გმირს ეძინა“.

რამაზ იოსელიანმა ითამაშა პოლონელი რეჟისორის დარიუშ ეჟერსკის მიერ დადგმულ სპექტაკლში – „ჩარეცხილები“, რისთვისაც დაჯილდოვდა შჩეჩინის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, (პოლონეთი) როგორც საუკეთესო მამაკაცი მსახიობი. ამავე როლით, კრიტიკოსების მიერ მოხვდა საუკეთესო მამაკაც მსახიობთა რეიტინგულ ხუთეულში.

ახლადდანიშნული სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი დირექტორთან თენგიზ ხუხიასთან ერთად შეხვდა თეატრის მსახიობებს, შემოქმედებით ჯგუფს, ტექნიკურ პერსონალს და თეატრის განვითარების მომავალ გეგმებზე ვრცლად ისაუბრა.