ხუთ. ნოე 21st, 2024

ჩვენი რუბრიკის სტუმარი გახლავთ ახალგაზრდა ექიმ-ლაბორანტი რუსიკო წულეისკირი, რომელიც ჩვენს ქალაქში საცხოვრებლად გათხოვების შემდეგ საყვარელ მეუღლე პაატა ლაგვილავასთან ერთად გადმოვიდა. მას შემდეგ წლები გავიდა და ის უკვე არა სენაკელი, არამედ უფრო მეტად ფოთელი გახლავთ. ექიმი ძალიან სასიამოვნო და საინტერესო მოსაუბრე გახლავთ, კოლეგები მასზე თბილად, სიყვარულით საუბრობენ: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის ასაკობრივი განსხვავებაა, მას ხშირად მივმართავ პროფესიული კითხვებით, რადგან ნამდვილი პროფესიონალია, ამავე დროს კარგი დედა, მეუღლე და კარგი შვილია“.

“წარმოშობით სენაკიდან ვარ. სასკოლო განათლება მესამე საჯარო სკოლაში მივიღე. 2000 წელს დავასრულე სკოლა და იმავე წელს ჩავირიცხე სამედიცინო უნივერსიტეტში, 2006 დავასრულე ბაკალავრიატი. გავიარე რეზიდენტურა და ლიცენზიის მიღების შემდეგ აქტიურად ჩავერთე საექიმო ცხოვრებაში. 10 წელია, უწყვეტად ვარ ამ სფეროში. ფოთში დაოჯახების მერე ვცხოვრობ და სამსახურეობრივი ცხოვრებაც უკავშირდება ფოთს. თავიდან მუშაობა დავიწყე ქალთა კონსულტაციაში მარინა ხოფერიასთან, შემდეგ ქალბატონი დოდო ჩარჩხალიას თხოვნით გადავედი ქალაქის საავადმყოფოში. იმ პერიოდში ესაჭიროებოდათ ექიმი. მეც პროფესიული თვალსაზრისით მერჩივნა მემუშავა კლინიკაში. მას შემდეგ რაც ქალაქში „ლაზიკა მედი“ გამოჩნდა სამედიცინო ასპარესზე, მას შემდეგ პარალელურად ვმუშაობ -ექიმ ლაბორანტად.

-ოჯახი და კარიერა…

-ოჯახს ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩემს ცხოვრებაში. რომ არა მათი ხელშეწყობა, თანადგომა, არ მექნებოდა ისეთი ცხოვრება, როგორიც დღეს მაქვს. დაოჯახებამდე ჩემი მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული ჩემს ცხოვრებაში, კარგი განათლება მიმაღებინეს. თუ საბაზისო ცოდნა არ აქვს ადამიანს, შემდეგ წარმატებას ფასი ეკარგება. პედაგოგი დედა მყავს, რომელიც ჩემი მასწავლებელიც იყო სკოლაში და მუდმივად ჩემს განათლებაზე ზრუნავდა. დაოჯახების შემდეგ ჩემი მეუღლეც ხელს მიწყობს, მოვახდინო საკუთარი თავის, ძალების რეალიზება. თავისთავად ოჯახი ძალიან დიდ ძალისხმევას, დროს მოითხოვს, მაგრამ მეუღლე ძალიან მეხმარება კარიერის შექმნაში.

– სვლა წარმატებისკენ…

-სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა რთული იყო. მარტივი არ არის, გინდოდეს, გახდე კარგი ექიმი და არ მოგიწიოს ბევრი რამის დათმობა. იყო სირთულეები და აუცილებელი გახლდათ მოთმენა და შემართება დიდი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. კარგად მახსენდება პირველი შეგრძნებები, როდესაც ახალი ვიყავი სამედიცინო სფეროში. ყველაფერს მძაფრად აღვიქვამდი. სასიამოვნო იყო, როდესაც ექიმები მაქებდნენ კარგად შესრულებული საქმის მერე. ჩემი სწორად გაკეთებული ანალიზებით საოპერაციო ოთახში შედიოდნენ ექიმები. ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია, რომ კარგად დასრულდეს ესა თუ ის ოპერაცია. დიდი პასუხისმგელობაა ექიმის პროფესია, განსაკუთრებით, როდესაც შენზე ბევრია დამოკიდებული. ხშირად უთქვამს ექიმს მადლობა იმისთვის, რომ სწორ შედეგზე გავსულვართ ჩემი შესრულებული გამოკვლევებით. მახსენდება პირველი მისვლა ფოთის კლინიკურ საავადმყოფოში. აუდიტორიაში დოდო ჩარჩხალიამ შეკრიბა სამსახურის პერსონალი და ჩემი თავი წარუდგინა მათ, როგორც ახალგაზრდა დამწყები ექიმი. ქალბატონი დოდოსგან მახსოვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, გამხადა საკუთარ შესაძლებლობებში თავდაჯერებული. იგი მშობელივით მედგა გვერდში და გამიკვალა გზა.

-სამსახურეობრივი მიღწევა

– როდესაც სამსახურში, კოლექტივში თავს კარგად გრძნობ, როდესაც კოლეგები შენი გაკეთებული საქმით კმაყოფილნი არიან, ეს დიდ მიღწევად მიმაჩნია. ასევე დამოკიდებულება, როცა სიამოვნებთ ჩემთან ურთიერთობა. გაცემული სითბო უკან პოზიტივით რომ გიბრუნდება, ეს ჩემთვის ძალიან საგულისხმო და სასიხარულოა.

– დევიზი, რითაც ხელმძღვანელობთ ცხოვრებაში

– თავმდაბლობა, მოთმინება და მოწყალება. მიმაჩნია, რომ თავმდაბლობა ადამიანის ის თვისებაა, რომელიც აუცილებელია ნებისმიერ დროს. მოთმინება ყველა საქმეში, ხოლო მოწყალება გაჭირვებული ადამიანის მიმართ, დახმარების გაწვდილი ხელი ჩემთვის აუცილებელი სულიერი მოთხოვნილებაა. ასე მივუყვები ჩემს ცხოვრებას.

– თქვენი ცხოვრების თანმდევი ისტორია …

– ჩემი ცხოვრება აღსავსეა საინტერესო ისტორიებით. გავიხსენებ ერთს, რომელმაც, ვფიქრობ, გამაძლიერა, გამომწრთო და დამანახა, როგორ მიყვარს და მომწონს ჩემი პროფესია. 2010 თუ 2011 წელი იყო. ღამის ორ საათზე საავადმყოფოდან გამოძახებაზე დამირეკეს, ახალგაზრდა პაციენტი იყო შემოყვანილი მძიმე მდგომარეობით. ესაჭიროებოდა სასწრაფო ოპერაცია და საჭირო გახლდათ ლაბორატორიული გამოკვლევები. მომაკითხა პაციენტის მამამ. გავუკეთე შესაბამისი ანალიზები და როდესაც მოვრჩი საქმეს, სახლში დაბრუნებისას დაგვეჯახა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მთვრალი მძღოლი. ძალიან მძიმე ავარია იყო, რთული შედეგებით, მთელი ორი წელი დასჭირდა ჩემს რეაბილიტაციას. ვამბობ, ალბათ უფალს ვუყვარვარ, რომ ასეთ საშინელ ავარიას გადამარჩინა. როგორც კი გამოვჯანმრთელდი, დავბრუნდი ისევ კლინიკაში სამუშაოდ, თუმცა გამოძახება უკვე აღარ არის „ევექსის“ დამსახურებით, რაც “ევექსის” დაქვემდებარების ქვეშ გადავიდა კლინიკა, პერსონალი ადგილზეა.

-წარმატების რეცეპტი…

– ჩემი წარმატების რეცეპტი ჩემი შვილები, ჩემი ოჯახია, რომელიც სტიმულს მაძლევს ვიყო წარმატებული ქალი. როდესაც ჩემს ირგვლივ სრული ჰარმონიაა, რაც გამოიხატება შვილების კარგად ყოფნით, საყვარელი ადამიანების ბედნიერებით, თავისთავად ეს ჩემთვის წარმატების მიზეზია. საქმისადმი ერთგულებააა ჩემი წარმატების რეცეპტი.

-განვლილი გზა…

– ცხოვრება, რომელმაც დღევანდელობამდე მომიყვანა, საამაყოა ჩემთვის – მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, მეუღლე, რომელიც ძალიან მიყვარს, საყვარელი შვილები და საყვარელი საქმე, რომელიც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ამიტომ ჩემი განვლილი ცხოვრებით უსაზღვროდ კმაყოფილი ვარ და ღმერთს მადლობა ამისათვის. უბრალოდ, მეტ დროს დავუთმობდი სწავლას. ბავშვების პატარა ასაკმა შემაფერხა ამ კუთხით, რომ მეტი ცოდნა მიმეღო.

-ჰობი…

– ძალიან მიყვარს საოჯახო საქმე, განსაკუთრებით კერძების მომზადება. ჩემი მეგობრები თვლიან, რომ ძალიან გემრიელ კერძებს ვამზადებ. მიყვარს ოჯახური, თბილი გარემო, სადაც ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანებს გავუმასპინძლდები ჩემი ნახელავი კერძებით, ეს ბედნიერებას მანიჭებს.

-განუხორციელებელი ოცნება…

-ძალიან მინდა მქონდეს ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობა, რომ შევძლო გაჭირვებული ადამიანების დახმარება, ეს იქნება სწავლა-განათლების მიღება თუ სხვა ყოფითი პრობლემა. ასევე, მინდა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩავუტარო საჭირო გამოკვლევები უფასოდ პაციენტებს. თუმცა, ამ ეტაპზე ამას ვერ ვახერხებ.

-სად ხედავთ თქვენს თავს წლების შემდეგ

– იმდენად მიყვარს აქტიური ცხოვრება, წლების შემდეგაც, სანამ მუშაობის უნარი მექნება, ძალიან დატვირთული რეჟიმით ისევ სამსახურში ვიქნები. როცა ჩავთვლი, რომ არ მაქვს საჭირო უნარები სამსახურისთვის, თავი წარმომიდგენია მზრუნველ, თბილ, მოსიყვარულე ბებიად.

-რჩევა ქალბატონებს…

– ქალბატონებს ვურჩევ, აუცილებლად დაისახონ მიზანი და მისთვის ყველაფერი გააკეთონ. უნდა იყვნენ მეტად აქტიურები და რეალიზებულნი. საზოგადოების სრულფასოვანი წევრი უნდა იყოს ქალი, რისთვისაც ბევრი უნდა იშრომოს. ყველა ქალს აქვს უფლება, იყოს ბედნიერი და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.