ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი შეჩერებულია. გადაუღებელი წვიმების შედეგად სკოლის შენობა და ყველა საჭირო ინვენტარი მთლიანად დაზიანდა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა გოჩა ქორქიამ როგორც განგვიმარტა, საქართველოს ყველა სკოლაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო აწარმოებდა დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მათ შორის მე-4 საჯარო სკოლაშიც: “წინასწარი შესწავლით, მე-4 საჯარო სკოლის სახურავი საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას. სამუშაოები დაიწყო სასწავლო წლის დაწყების დროს, 16 სექტემბერს. გადახურვის სამუშაოები ხელს არ უშლიდა სკოლაში სასწავლო პროცესს, რადგან მე-4 სართულის საკლასო კაბინეტები ქვემოთ ჩამოვიტანეთ, მაგრამ ამ კოკისპირულმა წვიმებმა მთლიანად დააზიანა სკოლის ოთხივე სართული. დაიტბორა აბსოლიტურად ყველა საკლასო ოთახი. აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა სასწავლო პროცესის განახლება. ამიტომ პირველ ეტაპზე სამი დღით შევწყვიტეთ სასწავლო პროცესი. ამ დროის განმავლობაში რესურსცენტრმა სამინისტროსთან შეთანხმებით, დაიწყო ალტერნატიული სასწავლო დაწესებულების მოძიება, სადაც გადავიყვანდით მოსწავლეებს. ტერიტორიულად ყველაზე ახლოს მდებარეობს მე-5 სკოლა და შევათანხმეთ სამინისტროსთან. ჩამოვიდნენ სააგენტოდან ექსპერტები, რომლებმაც ზარალი შეაფასეს. ჩასატარებელი სამუშაოები 1 თვე გაგრძელდება და ამ ხნის განმავლობაში, ოქტომბრის ბოლომდე, მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები გადავლენ მე-5 საჯარო სკოლაში მეორე ცვლაში (14:30). თუმცა, გადასვლაც უცებ ვერ მოხერხდა. რადგანაც საჭიროებდა პროცედურებს. ამიტომ მე-4 საჯარო სკოლისთვის მე-5 საჯარო სკოლის შენობაში სასწავლო პროცესი 25 სექტემბრიდან განახლდა, ოღონდ მეორე ცვლაში. რის გამოც 3 დღის გაცდენას მე-4 საჯარო სკოლა შაბათობით აანაზღაურებს. ოქტომბრის ბოლოს დამთავრდება გადახურვითი სამუშაოები და ნოემბრიდან მე-4 საჯარო სკოლაში აღდგება სასწავლო პროცესი”.
აღნიშნულ სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამაც დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით რადგან სასწავლო პროცესი მე-5 საჯარო სკოლაში გვიან მთავრდება მოსწავლეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება.