ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად გოჩა ქორქია დაინიშნა.ერთ წელზე მეტია საქართველოს რამდენიმე რესურსცენტრის მსგავსად ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაც ვაკანტურია.
ამ ადგილის დასაკავებლად შესარჩევი კონკურსი ოთხჯერ გაიმართა და ფოთში უფროსის თანამდებობისთვის ბოლოს 4 კანდიდატურა შემორჩა. შესარჩევი კონკურსები საკმაოდ ხმაურიანად მიმდინარეობდა. კონკურსების შედეგების გამოცხადება და საბოლოო გადაწყვეტილება სხვადასხვა მიზეზების გამო გაჭიანურდა, სწორედ ამ ყველაფერს და კონკურსის არაობიექტურად მიმდინარეობას აპროტესტებდა კონკურსის ზოგიერთი მონაწილეც.
უფრო მეტიც ჩვენი გაზეთის ერთ-ერთ ინტერვიუში რესურსცენტრის ყოფილი უფროსი ნინო დვალიშვილი მაჟორიტარ ეკა ბესელიას მხრიდან მისი კანდიდატურის დაბლოკვაზეც საუბრობდა. მან იგივე ხასიათის განცხადება ადგილობრივი ტელევიზიის ეთერშიც გააკეთა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულმა მუდმივმოქმედმა კომისიამ 22 მაისის ტესტირებისა და 2 ივნისის გასაუბრების შედეგები საბოლოოდ გამოაცხადა. კონკურსის შედეგების მიხედვით ვაკანტური თანამდებობა ქორქიამ დაიკავა. მას აღნიშნული თანამდებობა 2006 წლის მაისიდან 2011 წლამდეც ეკავა. 2011 წლიდან დღემდე კი იგი მე- 3 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ. გოჩა ქორქია მუშაობას ორშაბათიდან შეუდგება.