ათ დღეზე მეტია, ფოთში სანიაღვრე არხების განახლების სამუშაოები დაიწყო, ქალაქის 24 ქუჩაზე არხები შეკეთდება და ბეტონით მოპირკეთდება. სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ”ალისა”.
პროექტის მთლიანი ღირებულება 1 მლნ 468 ათას ლარს შეადგენს და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ისევ შეჩერებულია სტადიონის მშენებლობა. კონტრაქტორმა ფირმამ ვერ შეასრულა დავალება, ადგილობრივმა თვითმმართველობამ დააყენა საკითხი შესყიდვების სააგენტოში ამ ფირმის შავ სიაში გადაშვების შესახებ, დააკისრა ჯარიმები და მოსთხოვა თანხების დაბრუნება, სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და ფირმას დააკისრა სახდელი. ამის შემდეგ ჩატარდა ექსპერტიზა და გამოცხადდა ტენდერი დაუმთავრებელი სამუშაოს შესრულებაზე. სტადიონზე სულ მხოლოდ სამუშაოთა 20%-ია შესრულებული.
აღმაშენებლის ქუჩის ფასადების რესტავრირებაც შეჩერებულია, რასაც `ნიუ ჯენერალ ქონთრაქშენი” ასრულებს.Uუამინდობის გამო გაგრძელებულ ვადაშიც კი ფირმამ არ გააგრძელა სამუშაოები. თითქმის სამი თვეა ამ კუთხით არ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. Kსამშენებლო კომპანიას შესრულებული აქვს მხოლოდ 30% და დასამთავრებლად მიცემული აქვს 45 დღიანი ვადა.
საშველი არადა არ დაადგა აღმაშენებლის ქუჩაზე ტროტუარის დაგებას, სადაც სამუშაოთა მხოლოდ 40%-ია შესრულებული, მთელი ზაფხული ისევ აყრილი და მოუწესრიგებელია ქალაქის მთავარი ქუჩა. თვითმმართველობას ისღა დარჩენია, თავი იმშვიდოს ვადაგადაცილებულ დღეებზე ფირმისთვის ჯარიმების დაკისრებით. კანონის თანახმად, ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე მშენებელი კომპანია იხდის სამუშაოს მოცულობის 0,2%-ს ჯარიმის სახით. ჯერჯერობით სხვა სანქციების გატარების უფლება ადგილობრივ ხელისუფლებას არა აქვს. როგორც გავარკვიეთ, ელოდებიან გარკვეული ვადის გასვლას, რის შემდეგაც შესაძლოა კონტრაქტორ ფირმას, სამუშაოთა დროზე დაუსრულებლობის გამო, ხელშეკრულება შეუწყვიტონ.
კიდევ რა სახის სამუშაოები იგეგმება ქალაქში უახლოეს პერიოდში, ამაზე კომენტარი ვთხოვეთ ფოთის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსს ილარიონ მელქაძეს. როგორც მან გვითხრა:
,,უახლესი პროექტი რაც ხორციელდება ამჟამად, სანიაღვრე არხებია. სამუშაოს მოცულობა საკმაოდ დიდია, ამიტომ ერთდროულად დავიწყეთ რამდენიმე ქუჩაზე: კოსტავას, მიქაბერიძის, ილიას და სხვა ქუჩებზე. წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს ფოთის 24 ქუჩის სანიაღვრე არხების მოწესრიგება. ასევე მინდა გითხრათ, რომ გამოცხადებულია ტენდერი ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებზე, რომელიც მოიცავს შიდა კომუნიკაციებს, სანიაღვრე არხებს, წყალს, კანალიზაციას, გზების კეთილმოწყობას, გამწვანებასა და განათებას, ანუ ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად უნდა მოწესრიგდეს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ირგვლივ არსებული ტერიტორია. ველოდებით ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის მეორე ნაწილს და სამუშაოებიც ამის მიხედვით დაიგეგმება“.