„კოლხეთი-1913„ ახალ სეზონს ახალი შემადგენლობით შეხვდება

DSCN8183

დღეს ფოთის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი-1913„ — ის ხელმძღვანელებამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ინაშვილმა

და გენერალურმა დირექტორმა თემურ ბარქაიამ ახალი მწვრთნელები და ცხრა ახალი ფეხბურთელი წარადგინეს —

მწვრთნელები გიგა გვიჩია და დათო მახარაძე. ფეხბურთელები — მურად აფხაზავა (ოზურგეთის „მერცხალი),იონა კალაჯიშვილი (თბილისის „ვიტ ჯორჯია“), მამუკა ღონღაძე (ქუთაისის „ტორპედო“), გოჩა კვარაცხელია (ბოლნისის „სიონი“), ცოტნე ქებურია (ბოლნისის „სიონი“), თენგიზ გოროზია (გორის „დილა“), ნიკიტა პოლულიახი (დონეცკის „მეტალურგები“), ლევან კუხალეიშვილი (თბილისის „ვიტ ჯორჯია“), ამბერკი ინჯიბაშვილი („გაგრა“).

პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრეს გუნდში არსებულ მდგომარეობაზე და ახალი საფეხბუთო სეზონისათვის მზადებაზე.
კლუბის მესვეურები კმაყოფილებას გამოხატავენ არსებულ პირობებში და მცირე დაფინანსების ფონზე გუნდის მიღწევებით და იმედოვნებენ, რომ ახალი სეზონიდან გუნდი უკეთეს შედეგებს დადებს.

24 ივლისს გუნდი თორმეტდღიან შეკრებაზე თურქეთის ქალაქ ერზრუმში გაემგზავრება. ეროვნული ჩემპიონატის პირველ მატჩს ფოთელი ფეხბურთელები 14 აგვისტოს სტუმრად გორში, დილასთან გამართავენ.

ფეხბურთელებს ქალაქის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიაც შეხვდნენ.
ფოთის მერის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ფოთელ ფეხბურთელებს შეუქმნას სათანადო პირობები უმაღლეს ლიგაში ღირსეული ადგილის შენარჩუნებისა და დამკვიდრებისათვის.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, იქ სადაც დაირწა ფეხბურთის აკვანი იმ ქალაქის გუნდი უნდა შევინარჩუნოთ უმაღლეს ლიგაში“- განაცხადა კაკულიამ.

ირაკლი კაკულიამ პირობა მისცა ფეხბურთელებს, რომ გახდება მათი აქტიური მაყურებელი, სტადიონის დასავლეთი ტრიბუნა კი თავისი ინფრასტრუქტურით, წლის ბოლოსათვის დასრულდება და გუნდი საშინაო მატჩების საკუთარ მოედანზე ჩაატარებას შეძლებს.

მარი ჯავახია, ფოთი


კომენტარები სტატიაზე