თემურ ბარქაია: “რასაც ვაკეთებთ, “ფოკუსნიკობას” გავს…”

DSCN6755

საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი -1913“ -ის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც 2014 წელს პირველ წრეში ჩატარებული თამაშები და მიღებული შედეგები შეაჯამა. პირველ წრეში გუნდმა მე-12-ე ადგილი დაიკავა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ინაშვილმა მიმოიხილა 2014 წელს მიღებული შედეგები. მისი თქმით გუნდმა კლუბში არსებული ფინანსური პრობლემებისა და სტადიონის უქონლობის მიუხედავად მოახერხა და დაიბრუნა თავისი ადგილი უმაღლეს ლიგაში, რისთვისაც მადლობა გადაუხადა ფეხბურთელებს, გუნდის ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებსაც.

“ პირველი წრის შედეგით კმაყოფილი ვართ, ცუდია, როცა ფოთის “კოლხეთზე” ვამბობთ მე-12 ადგილი დამაკმაყოფილებელია და წარმატებულიაო, მაგრამ იმ პირობებში, რაც გუნდის წინაშე იდგა, ეს მართლაც წარმატებაა”.
გუნდის გენერალურმა დირექტორმა თემურ ბარქაიამ როგორც განმარტა, გუნდს არც ერთი თამაში არ უთამაშია საკუთარ მოედანზე: “ სადაც კი ცარიელ მოედანს ვპოულობდით, იქ ვთამაშობდით.

თავიდან დახმარებით და თანადგომით სტადიონის გამოყენებისთვის არენდა არ გადაგვიხდია, მაგრამ 20 თამაში არენდას ვიხდიდით. ამის მიუხედავად, გუნდმა 2014 წელს შეძლო უმაღლეს ლიგაში დაბრუნება და ლიცენზიის მიღება ისეთ პირობებში, როცა საკუთარი მოედანი არ გააჩნია. მაშინ როდესაც ჩვენზე უკეთესი დაფინანსებისა და პირობების მქონე გუნდებმა ვერ აიღეს ლიცენზიები”.

ბარქაიამ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც დღეს გუნდს აქვს დაუფინანსებლობის გამო: “ასეთი დაფინანსებით ძნელია, ამაზე მეტი შევძლოთ, რასაც ვაკეთებთ “ფოკუზნიკობას” გავს”. როგორც ცნობილია, მომავალი წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარით დაფინანსდება კლუბი. რაც რათქმა უნდა საკმარისი არაა.

ბარქაიას განმარტებით ძალიან რთულია ფეხბურთელების შენარჩუნება, იმ მცირე ხელფასებით რაც გუნდში ეძლევათ, მაშინ როცა სხვაგან თავაზობენ მაღალ ხელფასებს -„ მე ვერასოდეს მივცემ მაღალ ხელფასს ამ დაფინანსებით და მარტო ენთუზიაზმი და ქალაქის სიყვარული არაა საკმარისი”. კლუბის დირექტორმა ისაუბრა ზაზა ინაშვილის მოსვლის შემდეგ გუნდის წარმატებაზე. გუნდში ფეხბურთელების დამატების საჭიროებაც აღნიშნა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე — ყოფილ ხელმძღვანელ სოსო ფილიასთან დაპირისპირების შესახებ უპასუხა, რომ დაპირისპირებაში არავისთანაა: “ბოლოჯერ ვაკეთებ კომენატარს — არავითარი დაპირისპირება არ არსებობს ჩემი მხრიდან. რატომ უნდა წავიდეს ის ხალხი, რომელთაც სისხლი და ოფლი აქვს დაღვრილი რამდენჯერ შევთავაზეთ რომ მოსულიყო და ემუშავა. უარი თქვა. დღეს კიდევ ერთხელ ვთავაზობთ მმართველ გუნდში მოსვლას”.

ბარქაიამ იმედი გამოთქვა, რომ გამოჩნდება სხვა დაფინანსებაც და გუნდი ნორმალურ პირობებში გააგრძელებს ვარჯიშს.
მარი ჯავახია, ფოთი


კომენტარები სტატიაზე