პარ. ოქტ 23rd, 2020

ფოთის ოპოზიციური პარტიები ამომრჩეველთა სიებს აკრიტიკებენ და ამტკიცებენ, რომ სიები,მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად, არასრულყოფილია,

„მკვდარი სულები“ კი არჩევნებში ისევ „მონაწილეობენ“. სიების დაზუსტების ვადა უკვე ამოიწურა.

,,ხელისუფლება ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით არჩევნების გასაყალბებლად ემზადება“ — აღნიშნა ჩვენთან საუბრისას „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს ფოთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა გობეჩიამ.

გობეჩიას ამის თქმის შესაძლებლობას არსებული ამომრჩეველთა სიები აძლევს. როგორც მან განაცხადა ამომრჩეველთა სიებში ისეთი ქუჩები და შენობებია შეყვანილი, რომლებიც საერთოდ არ არსებობს. ასევე რამდენიმე ქუჩა არასწორადაა მიბმული საარჩევნო უბნებს.

როგორც გობეჩია ამბობს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს ფოთის საარჩევნო შტაბი გააგრძელებს მონიტორინგს, შეისწავლის თითოეული ქუჩის მიხედვით ამომრჩეველთა სიებს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოითხოვს იუსტიციის მინისტრის გადადგომას და 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის დაშლას.

იგივე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას „შენების მოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ნომერი იაგორ თავართქილაძე: „ჩვენი პარტიაც კოორდინატორების მეშვეობით აქტიურად მუშაობს სიების დაზუსტებასა და ხარვეზების აღმოფხვრაზე. გარდაცვლილების სიებში ყოფნა, უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და გამოუსწორებელ პრობლემად რჩება. სიებში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ცხოვრობენ ფოთის ტერიტორიაზე, მეტიც, სიებში გვხდება ასევე არარსებული მისამართები. ცეესკოს ვებგვერდზე აღმოვაჩინეთ, რომ კუნძულის უბანში იყო ორი დანელიას ქუჩა, ერთი ალექსანდრე დანელიასი და ნმეორე ამირანის. რეალურად მართლა არსებობს ორი დანელიას ქუჩა ფოთში, თუმცა კუნძულის უბანში ერთია ამირან დანელიას ქუჩა და მეორე პარკის უბანშია სერგი დანელიას ქუჩა, ხოლო ალექსანდრე დანელიას ქუჩა არათუ კუნძულის უბანში არამედ ფოთშიც კი არ არსებობს. არადა რამდენიმე ადამიანი რეგისტრირებულია ალექსანდრე დანელიას ქუჩაზე, ჩვენ ფიზიკურად ვერ ვიპოვეთ სად არის აღნიშნული ქუჩა“.

გაყალბების მცდელობაზე საუბრობს მერობის კანდიდატი ოთარ ხარჩილავაც: „ზოგადი სურათი ასეთია, ამას თუ ვერავინ ხედავს ეს იქნება თვალის დაბნელება. დამატებულია შენობები, ქუჩები, შეცვლილია მისამართები, ეს ყველეფრი პირდაპირ მეტყველებს გაყალბების მცდელობაზე, სხვა მიმართულებას რომმინდოდეს აქ პოვნა ვერ ვიპოვი. ეს არის ჭეშმარიტება, რომ ხელისუფლება ემზადება გასაალბებლად“

დანარჩენი პოლიტიკური პარტიებიც ანალოგიურ ფაქტებზე საუბრობენ და იმასაც ამატებენ, რომ საოლქო კომისია ამ ხარვეზების არათუ გამოსწორებას აპირებს, საერთოდ არ რეაგირებს ოპოზიციონერთა შენიშვნებზე, იმ არგუმენტის მომიზეზებით, რომ ეს საოლქოს მიერ დაშვებული ხარვეზი არაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

ინგა გვასალია

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.