ოთხ. სექ 30th, 2020

დღეს,ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეატრში პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა
ნინო ბურჯანაძემ ფოთის მერობის კანდიდატი, პროპორციული სიის ათეული და მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. წარდგენა თეატრის დარბაზში იყო დაგეგმილი, მაგრამ ხალხის სიმცირის გამო თეატრის ფოიეში გაიმართა.

მერობის კანდიდატის ოთარ ხარჩილავას განმარტებით მოსულმა ნალექმა კვლავ დატბორა ფოთი და პარტიის მხარდამჭერებმა ეზოებიდანაც კი ვერ მოახერხა გამოსვლა. ნინო ბურჯანაძემ შეხვედრა სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკით დაიწყო.

,,ოთარ ხარჩილავას და მის გუნდს ფოთში წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ ამის მიუხედავად მე დღეს აქ ვარ რომ შევხვდე ჩვენს აქტიურ მხადამჭერებს.ფოთში ღირსეული გუნდი გვყავს წარმოდგენილი და ფოთელმა ამომრჩეველმა იცის რომ მათი ადგილობრივი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ის უმსგავსობა რაც დღეს დაგვხვდა ფოთში არ იქნება. პატარა წვიმამაც კი გაუვალი გახადა ქუჩები. ერთი სერიოზული წვიმის წამოსვლის დროს ადამიანები პრაქტიკულად ქუჩაში გარეთ ვერ გამოდიან და დატბორილია ქალაქი, ეს აღარ იქნება. არ იქნება ძალიან ბევრი ის პრობლემა, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ. ეს გუნდი იზრუნებს არა საკუთარ თავზე, არამედ ფოთზე და ფოთელების პრობლემაზე“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

”ჩვენი არჩევის შემთხვევაში ქალაქს დაუბრუნდება ღირსება, ფოთს დაუბრუნდება თანამედროვე ქალაქის სტატუსი, თანამედროვე სტანდარტებით განვითარდება და ღირსეულად დაბრუნდება საქართველოში, როგორც კარიბჭე და მომმარაგებელი მთელი ქვეყნისა,“- აღნიშნა მერობის კანდიდატმა ხარჩილავამ.

ოთარ ხარჩილავამ მხარდამჭერებს სამომავლო გეგმები კიდევ ერთხელ გააცნო.

წარდგენის დასასრულს ნინო ბურჯანაძემ შეკრებილ მხარდამჭერებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.