„ბევრი ქალი უნდა მოვიდეს პოლიტიკაში, მამაკაცებზე ნაკლები არ არიან პოლიტიკოსი ქალები…“

DSCN4983

ფოთში დევნილთა დასახლებაში „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის’’ფოთის მედიაცენტრის ორგანიზებით შეხვედრა მოეწყო.
შეხვედრის საუბრის მთავარი თემა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობა და მნიშვნელობა გახლდათ. შეხვედრა გაიმართა პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

დევნილმა ქალბატონებმა შეხვედრზე რამდენიმე პრობლემაზე ისაუბრეს — უმუშევრობა, უპატრონო ძაღლები, საბავშვო მოედნებისა და საკანალიზაციო სისტემის არარსებობა.

„აქ ქალებს არაფრის თავი გვაქვს.მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, ოჯახი როგორ ვარჩინოთ და როგორ ვიშოვოთ პურის ფული. ამაზე ვართ გადართულები და თავისუფალი დრო საკუთარი თავის მისახედად, მეგობრებთან ურთიერთობისათვის ან განსატვირთად აღარ გვრჩება. ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვართ და მოხუცებივით ვცხოვრობთ. არაფრის ხალისი აღარ გვაქვს ამდენი პრობლემების გადამკიდე. იცით, აქ როგორი განათლებული და ჭკვიანი ახალგაზრდა ქალები ცხოვრობენ, მაგრამ სახლში სხედან იმიტომ, რომ სამსახურის შოვნის შანსი არ არსებობს. ნეტა, ვინმეს აინტერესებს ჩვენი პრობლემები, ასეთი ყოფა. მივესალმები ქალების მოსვლას პოლიტიკაში. დიახაც რომ მამაკაცებზე ნაკლები არ არიან პოლიტიკოსი ქალები “-გვითხრა ახალგაზრდა დევნილმა,რომელმაც სახელისა და გვარის გამხელა არ ისურვა.

მეორე ახალგაზრდა დევნილმა ქალბატონმა მწარე ხუმრობით გვითხრა: „ახალგაზრდა ქალები პენსიონერებს შევნატრით და ვოცნებობ, როდის გავა წლები. რომ პენსიაზე გავიდე, რაღაც შემოსავალი რომ გამიჩნდეს. რაც შეიძლება მეტი ქალი უნდა მოვიდეს პოლიტიკაში. ისინი ქალების,ბავშვების, მოხუცების, თავად მამაკაცების პრობლემებშიც უკეთ ერკვევიან და უკეთაც მოაგვარებენ. ამას ჩვენი ისტორიაც მოწმობს“.

ქალებმა განსაკუთრებული სიმწვავით დასახლებაში საბავშვო ბაღისა და სკოლის საჭიროებაზე ისაუბრეს. მართალია, ბაღი უკვე შენდება, მაგრამ როგორც აღნიშნეს, იგი 60 ბავშვზეა გათვალისწინებული მაშინ, როცა დასახლებაში გაცილებით მეტი ბავშვი იზრდება.


კომენტარები სტატიაზე