ორშ. სექ 28th, 2020

2005 წლიდან მივიწყებული ტრადიციული დღესასწაული „ფაზისობა“ 9 ნოემბერს ისევ გაიმართება. ფოთი ისევ იზეიმებს „ფაზისობას“. ამ დღეს ფოთის მოსახლეობა დიდ სანახაობას იხილავს.
იქნება როგორც თეატრალური წარმოდგენები, ასევე მოსახლეობას ექნება საშუალება დაათვალიეროს ადგილობრივი მხატვრული ნამუშევრები. განსაკუთრებული სანახაობა იქნება მდინარე რიონზე, სადაც შემობრძანდება მეფე ჩირაღდნებით და მთელი ამალით ნავებითურთ. საზეიმო ცერემონიალის ავტორები არიან ორი რეჟისორი სამეფო უბნის თეატრის ხელმძღვანელი მერაბ თავაძე და ფოთის აქტიური რეჟისორი დავით მღებრიშვილი.
აღნიშნულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივი ანსამბლები, მომღერლები. დაიწერა სიმღერა ფოთზე, რომელსაც შეასრულებენ ნინი წიკლაური და სალომე ბაკურაძე. მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იქნება ქალაქის ცენტრი, ცენტრალური პარკი და რიონი, რომელზედაც ფოთელი ნიჩბოსნები დიდ სანახაობას გვპირდებიან. დაჯილდოვდებიან ქალაქის ადგილობრივი სპორტსმენები. ფოთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის უფროსს დავით შეროზიას თქმით წლევანდელი `ფაზისობა” ფოთელებისთვის იქნება განსაკუთრებული და საინტერესო. „ფაზისობის დღესასწაულზე ველოდებით ბევრ სტუმარს არამარტო საქართველოდან, არამედ ჩვენი თანამეგობრობის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებსაც, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ დაესწრონ ამ ღონისძიებას. ველოდებით დელეგაციებს ისრაელიდან“.
ფაზისობის დღე დაიტვირთება წმინდა ეთნო თემით. მოეწყობა გამოფენები, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყველა სამხატვრო სკოლა. მოსახლეობას შეეძლება წარმოდგენილი ნამუშევრების შეძენა სურვილისამებრ. ეს იქნება ჭეშმარიტად სახალხო ზეიმი.

Comments are closed.