პარ. სექ 17th, 2021

თვითმართველობის არჩევნებამდე  თვეზე  ნაკლები  დარჩა და ფოთში გაერთიანებულ ოპოზიციას არჩევნებში ფიასკოს, თავად ,,ნაციონალური მოძრაობის“  აწ უკვე ყოფილი წევრები უწინასწარმეტყველებენ.  ხსენებული პარტიის ფოთის საქალაქო ორგანიზაციაში შიდა დაპირისპირება პროპორციულ სიაში კანდიდატთა რიგითობას მოყვა და ახლა ფოთის ,,ნაციონალური მოძრაობის“  საქალაქო ორგანიზაცია არჩევნებზე  მეტად სოციალურ ქსელში ყოფილ თანაგუნდელებთან და თანამებრძოლებთან  „ფეისბუქ ომების“ მოგერიებითაა დაკავებული.  თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციას თთქოს პარტიაში განხეთქილებაა და ათამდე წევრიც გავიდა, ფოთის ორგანიზაციის  თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია აბსურდულს უწოდებს. ორგანიზაციის თავმჯდომარეს კომენტარისათვის მას შემდეგ მივმართეთ, რაც სოციალურ ქსელში ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მარიამ ბჟალავამ ვიდეო მიმართვა გაავრცელა. მიმართვაში ყოფილი ნაციონალი ცხვიტარიას  პარტიაში ,,ქართული ოცნებიდან“ პორტირებული წევრების საარჩევნო სიაში შეყვანას აპროტესტებს. მიმართვაში ნათქვამია: ,,სიაში ,,ქართული ოცნებიდან“ პორტირებული ადამიანები შეყავს, რომლებსაც არანაირი ადამიანური რესურსი არ გააჩნიათ. ასევე, წინააღმდეგი ვარ სიაში მე-2 ნომრად დავით ხომერიკის კანდიდატურა ეწეროს“.

ცხვიტარია მომხდარს მართულ პროცესს უწოდებს: ,,ნამდვილად არ მინდა პოლემიკაში შევიდე, მიუხედავად იმ გულისტკივილისა და ტალახის სროლისა, რაც ჩემს მიმართ განხორციელდა. საზოგადოებამ იცის, ვინ ვინ არის. სხვისი გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცე ადამიანი. შვილივით მიყვარდა და ყოველთვის მის გვერდით ვიდექი, როცა ჭირდებოდა“.

რაც შეეხება „ოცნებიდან პორტირებულებს“ –„სეგმენტებად  ადამიანების დაყოფა არ შეიძლება და ქვეყანას არ წაადგება. ჩემი აზრით, ყველაზე მეტი დასაფასებელია ის ადამიანი, რომელიც ,,იქ“  ზის,  ხედავს რა სიბინძურეც ხდება ქვეყანაში და ჩვენ შემოგვიერთდება. ,,იქ“ რომ იყო ამიტომ უნდა მოიკვეთოს საზოგადოებიდან? ეს ქვეყანა იმისიცაა და ჩემიცაა. მე ჩემ წილ საქმეს ვაკეთებ, ეს ქვეყანა გადასარჩენია, რაც უფრო მეტი შემოგვიერთდება მით უკეთესია, უფრო ადრე დავამთავრებთ ამ ხელისუფლებას“.

ცხვიტარიასთვის ასევე გაუგებარია ბჟალავას პროტესტი ხომერიკთან დაკავშირებით: ,,ძალიან მოულოდნელი იყო ეს განცხადება ჩემთვის. ადამიანს საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა არ უნდა ქონდეს. სწორედ ამ დროს უშვებს ადამიანი ყველაზე დიდ შეცდომას, რაც შეეხება პარტიდან წევრების გადინებას, ეს ჭორია, პარტია არც ერთ წევრს არ დაუტოვებია“.

ცხვიტარიას მტკიცების საპირისპიროდ, ბჟალავამ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობის დასადასტურებლად მანდატის ფოტო  დადო, ,,2015 წლიდან მაქვს მანდატი და თავმჯდომარის მხრიდან ამის უარყოფა მტკნარი სიცრუეა. ჩვენი უთანხმოება გამოიწვია „პორტირებული“ დავით სარსანიას სავარაუდო მერობის კანდიდატად  და სიის მე-3 ნომრად პაატა ჩაგანავას დასახელებამ. წალენჯიხა ამ მხრივ მისაბაძი მაგალითია – კანდიდატები კენჭისყრით აირჩიეს, ფოთი როგორ უნდა იყოს ყველაფრით ჩამორჩენილი. უკმაყოფილება ჯერ კიდევ, გაერთიანებული ოპოზიციის ყრილობაზე გამიჩნდა, რადგან  იქ არ თქმულა ხალხის საკეთილდღეოდ არც ერთი სიტყვა, საუბარი იყო  მხოლოდ ადგილების გადანაწილებაზე. აქიდან წამოვიდა ჩემი პროტესტი, მე არ დამიტოვებია ,,ნაციონალური მოძრაობის“ რიგები,  ვარ მიშა სააკაშვილის მხარდამჭერი და არა დარეჯანის, ხომერიკის, სარსანიას და ჩაგანავასი. ისე საინტერესოა, რამდენი მანდატიანი წევრი ყავს ცხვიტარიას ფოთში? გეტყვით, რომ ძალიან ცოტა. მოგეხსენებათ,  ოპოზიცია გაერთიანდა ქვეყნის მასშტაბით, როდესაც პარტიაში  ღირსეული კანდიდატებია, გაუგებარია რატომ უნდა წავიდეთ რამდენიმე წრეზე და დამარცხებული კანდიდატები  წარვადგინოთ?- ამბობს ბჟალავა.

ბჟალავა ჩვენთან იმასაც ამბობს, რომ ფოთში რეფერენდუმი ჩაიშალა, ხმები კი წინასწარაა გაყიდული. კითხვაზე, ვინ სურდათ პროპორციულ თუ მაჟორიტარულ სიაში განაწყენებულ წევრებს, ბჟალავა ამბობს, რომ მერობის კანდიდატის თბილისიდან ჩამოყვანა სულაც არ იყო საჭირო, რადგან გუნდში არიან, პერსპექტიული, სუფთა წარსულის მქონე ახალგაზრდები, რომლებიც ნიკა მელიამ მიიწვია თავის გუნდში.

რაც შეეხება დავით ხომერიკს, მან ჩვენთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.