პარ. სექ 17th, 2021

დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 212 ახალი შემთხვევიდან, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 255, ხოლო ფოთში  21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ანაკლიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამატებითი სივრცე გაიხსნა, სადაც მოსახლეობას აცრა ადგილზე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის შეიძლება გახდეს საჭირო, როდესაც იმუნიტეტის შემცირების მტკიცებულება არსებობს.

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატის პაციენტებზე გამოცდა დაიწყო, კვლევაში მონაწილეობას 1 140 ადამიანი იღებს. კვლევების ამ ფაზაში უნდა შეფასდეს მედიკამენტის ეფექტურობა და უსაფრთხოება „რიტონავირთან“ კომბინაციაში იმ პაციენტებში, რომლებსაც დადასტურებული აქვთ კორონავირუსი და ინფექციის გართულების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

„ბავშვების აცრას განვიხილავთ, მაგრამ არა 12 წლის ქვემოთ. ველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებებს. გვაქვს შიდა კონსულტაციებიც, განვიხილავთ ბევრი ქვეყნის მაგალითს და ვფიქრობთ ამაზე,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 556 909 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 502 534 გამოჯანმრთელდა, 7 563 კი, გარდაიცვალა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 017 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 81 პაციენტი.

სულ აცრილია – 1 235 386 ადამიანი, დღიურად აცრილია 23 916.

სულ ამ პერიოდისათვის რეგისტრირებულია 718 9 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6689 პაციენტი, გარდაცვლილი -77, ევექსის ფოთის ჰოსპიტალში 35 პაციენტია მოთავსებული, ხოლო ფოთის „ცენტრალური საავადმყოფო ბომონდში“ კი 36 პაციენტი გადის მკურნალობის კურს.