დაპირისპირება ფოთის აგრარულ ბაზარში…

ხმაურმა და  დაპირისპირებამ ფოთის აგრარულ ბაზარში უკვე სისტემატიური  ხასიათი  მიიღო. ამჯერად  ქირიას მფლობელობაში არსებული  საყველეს მოვაჭრეები შპს ,,ლუკას“ ტერიტორიაზე ყველით მოვაჭრეებს დაუპირისპირდნენ. უკმაყოფილების მიზეზი ყველის გარეთ გაყიდვაა, რის გამოც საყველეს მოვაჭრეებს პროდუქტი გაუყიდავი რჩებათ და ზოგჯერ უფუჭდებათ კიდეც.

,,ყველის ბაზარი უნდა იყოს ბაზრის შენობაში და არა გარეთ ნაგავსა და მტვერში გზის პირას. დგას 6-7 გარე მოვაჭრის მანქანა და ვაჭრობენ, ჩვენ კი გვილპება ყველი, რა უნდა ვქნათ? ჩვენც ხომ ცოდონი ვართ? ვიხვეწებით რაიმე ზომების მიღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ  დავკეტავთ ამ ბაზარს და აღარ იქნება ვაჭრობა“ – გვითხრა ერთ-ერთმა მოვაჭრემ ყველას სათქმელ-სატკივარი.

ამასობაში იმ მყიდველსაც მივმართეთ, რომელიც ყველს არა შიგნით ბაზარში, არამედ გარემოჭრისგან ყიდულობდა მაშინ, როცა ფასი იქაც და აქაც ერთნაირია, ხოლო შენახვის წესები საყველეში უფრო დაცულია. მყიდველს პასუხის გაცემა არ დააცალეს მოვაჭრეებმა და თავად გვიპასუხეს – ვერაფრით ვერ ვიგებთ ამ ადამიანებისას, ფასი ერთნაირია, მაგრამ სუფთად ყიდვას გარეთ, მტვერსა და მზის გულზე ნამყოფი ყველის ყიდვა ურჩევნიათო.

გაბრაზებული მოვაჭრეები ჩვენს ,,კომპეტენციაშიც“ იჭრებოდნენ და კატეგორიულად ითხოვდნენ მანქანის სანომრე ნიშნისათვის გადაგვეღო სურათი – რომ დააჯარიმებენ, ხომ არ გააკეთებენ მერე იგივესო.

რაც შეეხება დაჯარიმებას. გაურკვეველია, ვინ უნდა დააჯარიმოს გარემოვაჭრე – მერიის სათანადო სამსახურმა, პოლიციამ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  თუ ბაზრის დირექციამ, რადგან ჩამოთვლილთაგან ყველა უწყება ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ და საკითხი მოუგვარებელია. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა როგორც გვითხრა, საკრებულოს გადაწყვეტილებით დაჯარიმების უფლება პოლიციას გააჩნია. რაც შეეხება ბაზარს, მათი სანქციები გარემოვაჭრეებისათვის ადგილის არ გამოყოფით განისაზღვრება. ბაზრის ადმინისტრაცია მერამდენედ ამბობს, რომ მიმართეს ყველა სათანადო უწყებას გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით, თუმცა რეაგირება არ მოყოლია.

ამასობაში, ადამიანების აგრესია მატულობს და დაპირისპირება გრძელდება…