ფოთში, ოპოზიციას მერიის კარებზე ბოქლომის დადების უფლება არ მისცეს

დღეს ფოთში, “ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა, პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქცია გამართეს. ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად ფოთის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ და მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ბიუროს კარზე ბოქლომის დადება მოინდომეს.

აქციის მონაწილეებს „ ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მობილიზებულნი დახვდნენ. აქციის მონაწილეებს ცოცხები ესროლეს, რასაც ურთიერთ დაპირისპირება მოჰყვა.  სამართალ დამცავებმა აქტივისტები შენობაში არ შეუშვეს და ბოქლომის დადების საშუალება არ მისცეს.

“მშვიდობიანი აქციის ჩასატარებლად მოვედით, რათა გავაპროტესტოთ ივანიშვილის გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ არაფერს ისეთს არ ვითხოვთ, რისი გაკეთებაც არ შეიძლება ამ ქვეყნად, ვითხოვთ პროპორციულ და ვადამდელ არჩევნებს, ვინაიდან ხელისუფლებამ მიიყვანა ხალხი ამ მდგომარეობამდე. ყველა სამსახურის თანამშრომლები, უფროსები, კუნთმაგრები და ტვინაღრძნობები მოიყვანეს აქ და პოლიციის კორდონის მიღმა ისვრიან რაღაც საოცარ სიტყვებს. გამოვიდნენ, გაუშვან ეს პოლიცია და მოვიდნენ ჩვენთან აბა რისი მაქნისები არიან. ესენი არიან ლაქიები, ამათაც შეახოცავენ ფეხს. ჩვენ მაინც არ მოვასვემებთ და დავდებთ ბოქლომს კარებზე, ყოველდღე მოვალთ აქ“_ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა მერიის ადმინისტრაციული შენობიდან პროკურტურის შენობისაკენ გადაინაცვლეს. რაც შეეხება პროკურატურას, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოქლომი შესასვლელთან სიმბოლურად დატოვეს. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, ისინი თავიანთ მაჟორიტარს იცავდნენ და ბიუროს კარებზე ოპოზიციის წარმომადგენლებს ბოქლომის დადების საშუალებას მომავალშიც არ მისცემენ.