კვი. დეკ 6th, 2020

რეგიონული მედიაგამოცემები პოლონურმა ორგანიზაციამ „ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი“ დააჯილდოვა. ნომინაციაში „საუკეთესო სტატია“ დასახელდა „მთავარი თემა სამეგრელოში“.
რეგიონული მედიის განვითარების მიზნით პოლონური ფონდი “ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი”, “კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრთან” ერთად, 2007 წლიდან საქართველოს რეგიონული 11 გამოცემისთვის ახორციელებდა სხვადასხვა პროექტებს.
მრავალწლიანი პროექტის მიწურულს ფონდმა ერთ-ერთი ბოლო პროექტის – „საინფორმაციო მედიიდან ინტერაქტიულ მედიამდე – საქართველოს ადგილობრივი გაზეთები ინტერნეტში“ ფარგლებში გამოაცხადა კონკურსი. პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2014 წლის თანამშრომლობის განვითარების პროგრამა „დემოკრატიის მხარდაჭერა“ და თავისუფლების ფონდის პოლონურ-ამერიკული პროგრამა „ცვლილებები რეგიონში“ – RIT, რომელსაც ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისთვის.
კონკურსი გამოცხადდა 4 ნომინაციაში: საუკეთესო სტატია, ფოტო და ვიდეომასალა ვებგვერდზე და საუკეთესო ვებგვერდი.
ნომინაციაში „საუკეთესო ტექსტი“ სერტიფიკატი და პლანშეტი გამოცემას „მთავარი თემა სამეგრელოში“ გადაეცა. რედაქციამ ჯილდო მიიღო სტატიისთვის – “ვინ აგებს პასუხს ბაზარში გაყიდულ თევზზე?”
ამავე კატეგორიაში, დიპლომითა და ლეპტოპით დააჯილდოვდა გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ სტატიისთვის – „პატარები ბაღის, პედაგოგები კი ხელფასის გარეშე“.
საუკეთესო ფოტორეპორტაჟისთვის – „შვიდი ოჯახი ერთ “ჭერქვეშ“ დიპლომი და ლეპტოპი „გურია ნიუსმა“ მიიღო. საუკეთესო ფოტოსურათისთვის – „მონაზვნები ტელეფონით“ სერტიფიკატი და ფოტოაპარატი „ჩემ ხარაგაულს“ გადაეცა.
საუკეთესო ვიდეომასალისთვის – „დაბინძურებული გარემო მოსახლეობას საფრთხეს უქმნის“; დიპლომი და ლეპტოპი გაზეთმა „კახეთის ხმამ“ მიიღო, ამავე კატეგორიაში ვიდეომასალით – „ბიზნესმენის აგარაკზე ჩინოვნიკების ქეიფი და პროტესტი გზაზე“ სერტიფიკატითა და ფოტოაპარტით დაჯილდოვდა შიდა ქართლის საინფორმაციო სააგენტო „ქართლის ხმა“.
„საუკეთესო ვებგვერდის“ ნომინაციაში ლეპტოპი ტყიბულის საინფორმაციო სააგენტო „ოკრიბანიუს“ გადაეცა. ამავე ნომინაციაში, პლანშეტი ქუთაისის მედიასაშუალებამ Pშნეწს.გე მიიღო. ასევე პლანშეტი გადაეცა „გურიის მოამბეს“.
გამოცემა „ზუგდიდელები“ ერთი წლის ინტერნეტ პაკეტით დაჯილდოვდა.
სპეციალური ჯილდოთი – პოლონეთში სასწავლო ტური დაჯილდოვდნენ გამოცემები: „მთავარი თემა სამეგრელოში“, „ჩემი ხარაგაული“, „სპექტრი“, „ოკრიბა ნიუსი“ და „სამხრეთის კარიბჭე“.

Comments are closed.