ფოთში სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტირებული ნაგებობა ოფიციალურად გაიხსნა

46434211_2100179446704787_7263858414248263680_o

ფოთში სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტირებული ნაგებობის ოფიციალურ გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

რეაბილიტაცია შპს „საქართველოს მელიორაციამ“ განახორციელა, რაზეც 1 336 000 ლარი დაიხარჯა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაგებობა — როგორც წყლის დონის, ისე ნაკადის რეგულირებისათვის, რათა სტიქიური უბედურებების დროს ქალაქი ფოთი და მიმდებარე ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო ფართობები არ დაიტბოროს. იგი აგებულია 1959 წელს და ფაქტობრივად სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის მას სჭირდებოდა კაპიტალური რემონტი, რაც განახორციელა კომპანია მელიორაციამ. ეს მნიშვნელოვანი საქმეა ფოთისთვის და მიმდებარე სოფლებისათვის“ — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მომავალი წლიდან მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის ნაგებობასთან ახლოს მდებარე ხიდის რეაბილიტაციას იწყებს, რომლის შესახებაც მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და არა ერთ პროექტს ვახორციელებთ. ჩვენ სამინისტროს ბევრი პროექტი აქვს ფოთში, მათ შორის არის გენერალური განვითარების გეგმა, რომლის შემუშავებაც უკვე მიმდინარეობს. ასევე, დაგეგმილია ფოთის ხიდის რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკისგან გვაქვს თანხმობა ამ პროექტის დაფინანსებაზე, რომელიც მომალ წელს დაიწყება. ეს არის პროექტი, რომელსაც ფოთის მოსახლეობა წლების განმავლობაში ელოდებოდა“, — განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პროექტის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა სარეგულაციო ჰიდროკვანძს, რომელიც კაშხლისა და რაბრეგულატორისგან შედგება, ახლით შეიცვალა ამორტიზებული ელექტრომექანიკური მოწყობილობები, გარემონტდა წყალგამყოფი კაშხლის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია. ობიექტის მთელს ტერიტორიაზე აქტიური სამუშაო პროცესები ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.


კომენტარები სტატიაზე