ხუთ. სექ 24th, 2020

ფოთში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების საქალაქო ორგანიზაციის 1 კონფერენცია ჩატარდა,სადაც ორგანიზაციის თავჯდომარედ ინგა გვასალია აირჩიეს, ასევე აირჩიეს საბჭოს წევრები და ყრილობის დელეგატები.
ორწლიანი შრომატევადი და ურთულესი მუშაობის შედეგად საქალაქო ორგანიზაცია აღდგა.შეხვედრაზე მონაწილეებმა პედაგოგთა უფლებების დარღვევებზე ისაუბრეს – როგორ უნდა მოხდეს სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულების შრომითი და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომ დასაქმებულთა უფლებებს უპირველესად უნდა იცავდეს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა. საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის ინგა გვასალიას თქმით: „სამწუხაროდ, პედაგოგთა უფლებების დარღვევისა და მასობრივი განთავისუფლებისათვის შექმნილი იყო საკანონმდებლო ბაზა და დამახინჯებული სისტემა, რაც გამყარებული იყო კაბალური შრომის კოდექსითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. დღეს უკვე ახალი შრომის კოდექსია ქვეყანაში, მაგრამ დამსაქმებლები ჯერ კიდევ არ იცავენ ახალ შრომის კოდექს და დასაქმებულებს ისევ ისე ექცევიან, როგორც წლების წინ. არსებული არაჯანსაღი გარემოების გათვალისწინებით, გასაგებია, ჩვენი პედაგოგების მდგომარეობა, რომელთა უკანაც დგანან ოჯახები, რომლის უზრუნველყოფა პედაგოგს მიზერული ანაზღაურებით უწევს“. გვასალიამ ასევე ისაუბრა ჩატარებულ და უკვე მიღწეულ ღონისძიებებზეც.
კონფერენციაზე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტმა მაია კობახიძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა პედაგოგთა პროფკავშირების დევნაზე, თუ რა გზა გამოიარა პროფკავშირმა ძველი ხელისუფლების მმართველობის დროს: „2010-2012 წლებში, საქართველოში ყველაზე დიდი საზოგადოებრივი ორგანიზაციის-პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფომ მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენა: პროვოკაციები ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეშლისათვის ფინანსური ბლოკადა, მასწავლებელთა იძულებითი გაყვანა პროფკავშირიდან, პროფკავშირის კანონის უგულვებელყოფა და შეეცადა, შეეზღუდა მშრომელთა მაორგანიზებელი და მათი ინტერესების დამცველი ძალის, პროფკავშირის როლი, რათა მასწავლებლები დარჩენილიყვნენ იმ ბერკეტის გარეშე, რომელსაც შეეძლო მათი დაცვა. ამას შედეგად მოყვა მასწავლებელთა და დირექტორთა ტოტალური განთავისუფლება სამსახურებიდან, მოკლევადიანი ხელშეკრულებები, შვებულების შემცირება და სხვადასხვა, მაგრამ პროფკავშირმა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მოახერხა დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება. მიუხედავად მწირი დახურული საინფორმაციო წყაროებისა, ორგანიზაცია მაინც ახერხებდა გაეხმაურებინა განათლების სფეროში მიმდინარე ფსევდო რეფორმების პროცესებთან დაკავშირებული გამოწვევები: სერთიფიცირებასთან არაკვალიფიციური მიდგომები, სახელმწიფოს მხრიდან მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის ვალდებულება, მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებები, მცირე საათობრივი დატვირთვის მასწავლებელთა დაუსაბუთებელი გათავისუფლებები, მანდატურებისათვის მინიჭებული გადამეტებული უფლებამოსილებები და სხვა“.
კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა მიღწეულ შედეგებსა და დღეს ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებზე: „ფოთის საქალაქო ორგანიზაციის კონფერენციაზე დაისვა მრავალი პრობლემატური საკითხი, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები, დავსახეთ სამოქმედო გეგმები, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ სკოლამდელი დაწესებულებებში თუ საჯარო სკოლებში დასაქმებულთა შრომითი და სოციალური მდგომარეობა“. მანვე როგორც აღნიშნა, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგთა უფლებების დაცვის გარანტიების გაძლიერების კუთხით, საქართველოს პედაგოგთა პროფკავშირმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიმართა რეკომანდაციებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბრძანებებში და კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
უკვე თავმჯდომარედ არჩეულმა ინგა გვასალიამ მადლობა გადაუხადა ქალაქის სკოლებისა და ბაგა-ბაღების იმ დირექტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს პროფორგანიზაციის აღდგენას, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ დღესაც არიან დირექტორები, რომლებიც არ ცნობენ პროფკავშირს და ფარულად ხელს უშლიან კიდეც პედაგოგებს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაში: “ერთხმად აღვნიშნავთ, რომ ხარისხიანი განათლების მიღწევა მხოლოდ კვალიფიციური, სოციალურად დაცული, მოტივირებული მასწავლებლების მეშვეობითაა შესაძლებელი. მე მსურს, რომ დღევანდელი კონფერენცია გახდეს საეტაპო განათლების სფეროს სასიკეთოდ. ფოთში დღეისათვის 350- მდე წევრი გვყავს და დღითი დღე მატულობს გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა. მაქვს სურვილი და ძალა იმისა, რომ ვიდგე ჩემი ქალაქის განათლების წარმომადგენლების გვერდით და თქვენი ნდობა გავამართლო“.