ფოთში ჰოდროკვანძზე მომუშავე მუშებმა ხელფასების მოთხოვნით სამუშაოები შეაჩერეს

DSCN7390

ფოთში მდინარე რიონზე მდებარე ჰიდროკვანძის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშები ორი თვის ხელფასს ითხოვენ და დაახლოებით ერთი თვეა, სამუშაოებიც შეჩერებულია.

მუშების განცხადებით, სამუშაოები სახელფასო დავალიანების დაფარვამდე არ გაგრძელდება.
სამუშაო ობიექტის მწარმოებელი გიორგი ბეჟაშვილი როგორც ამბობს, ხელფასების დაგვიანება ტექნიკური ხარვეზია და მალე გამოსწორდება და სამუშაოებიც მალე განახლდება.

როგორც გავიგეთ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს სხვა მუშები გააგრძელებენ. ეს ინფორმაცია არც საქმის მწარმოებელმა უარყო,
„თუ უნდათ, გააგრძელებენ, თუ არადა, სხვებს ავიყვანთ“.

ერთ ერთი მუშა მამუკა ხურცილავა როგორც ამბობს: „ ძალიან ძნელია, ასეთ საპასუხისმგებლო სახიფათო ადგილზე იმუშაო და ხელფასი ვერ აიღო დროზე. ვფიქრობ, ეს უსამართლობაა. ჩვენს უკან ოჯახებია, კრედიტები გვაქვს. მე დაგვიანებული ხელფასის გამო ვერ გადავიხადე კრედიტი და ავტომანქანა დავკარგე“.

ხელფასდაგვიანებული მუშები საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ფოთის წარმომადგენელს ინგა გვასალიას შეხვდნენ.

სამუშაოების შემსრულებელი ფირმის გენერალურ დირექტორთან ირაკლი კოკაიასთან დაკავშირებას მრავალჯერ ვეცადეთ, მაგრამ ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

ჰიდროკვანძზე სამუშაოები ივლისში უნდა დასრულდეს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, დასრულების ვადები გადაიწევს.

მელიორაციის სამსახურში როგორც გავარკვიეთ, კონტრაქტორი ფირმისთვის პირველი ეტაპის სამუშაოების ფული მთლიანად გადახდილია და სამუშაოების ვადაში გადაწევის შემთხვევაში ფირმას სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს.
შეგახსენებთ რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ერის იმედი“ ფარების, კაშხლის, ამორტიზებული ელექტრო ტექნიკის და სხვა მექანიკური ნაწილების კაპიტალური რემონტსა და რეაბილიტაციას მოახდენს. პროექტის მეორე ეტაპზე, აღდგენითი სამუშაოები წყლის ქვეშ განხორციელდება. სარემონტო სამუშაოებზე 1 367 815 ლარი დაიხარჯება.


კომენტარები სტატიაზე