„ესტონეთი- თქვენი კეთილი მეგობარი ევრიკავშირში“

235710465

მიმდინარე წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ესტონეთი 1.300 მილიონიანი მოსახლეობით წელს ევროკავშირს თავმჯდომარეობს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი როგორც აღნიშნავს, მისი ქვეყანა მართავს მთელი ევროკავშირის საქმიანობას და გავლენას ახდენს ამ უზარმაზარი, 500 მილიონიანი მოსახლეობის გაერთიანების პრიორიტეტებზე. მიკსერმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ურთიერთობათა სტრუქტურაა აღმოსავლეთით მდებარე სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან და ბელორუსთან.

„ევროკავშირმა უკვე მიაღწია შედეგებს აღმოსავლეთ პარტნიორებთან ღია თანამშრომლობის თვალსაზრისით, რასაც მოაქვს სარგებელი ამ ქვეყნების რიგითი მაცხოვრებლებისთვის“.

სვენ მიკსერი დიდი მიღწევად მიიჩნევს ზემოთ ხსენებული ქვეყნების მოქალაქეებისათვის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას: „უბრალო მოქალაქეებისთვის ნაკლებად აქტუალური იყო საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლა. თუმცა, ეს არის ყველაზე პროგრესული ხელშეკრულებები იმათ შორის, რომელიც აქამდე გაფორმებულა ევროკავშირსა და ამ სამ ქვეყანას შორის. მარტივი ფორმულაა — პარტნიორები საფუძვლად იღებენ ევროკავშირის ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზას და ამით გზას იხსნიან ევროკავშირის ბაზრებისკენ. ხსენებული ხელშეკრულებებით თანამშრომლობა არ ამოიწურება, პირიქით, ახალი ვალდებულებები პარტნიორებს შესაძლებლობას აძლევს, ევროკავშირს სამომავლოდ მოთხოვონ დიდი დათმობები“.

ევროკავშირის წლევანდელი თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მიკსერი ამა წლის თებერვლიდან ვიზიტით ეწვია აღმოსავლეთის პარტნიორობის თითქმის ყველა სახელმწიფოს. როგორც მან აღნიშნა: „ჩვენ გვსურს, რომ ამ ქვეყნებში მოქმედებდეს დემოკრატიული, გამჭვირვალე და ადამიანის უფლებების პატივისმცემელი ხელისუფლებები, რომელიც ამაყობს თავისი მოქალაქეებით და არა კორუფციული ინტერესებით“. მინისტრისავე თქმით, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება პარტნიორ სახელმწიფოებთან ძალზე მნიშვნელოვანია: „ჩვენს მეწარმეებს სურთ, რომ მათი ინვესტიციები და სამართლებრივი ნორმები დაცული იყოს. ამდენად, მომავალი პარტნიორობის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია ის ნაბიჯები, რომელიც გააძლიერებს ჩვენს საზოგადოებებს, შესაძლებლობას მისცემს ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიონ დამღუპველ გარე თუ შიდა ზემოქმედებებს“.

ევროპის კავშირის თავმჯდომარეობის განმავლობაში ესტონეთს აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარების გზაზე ორი მნიშვნელოვანი მიზანი ამოძრავებს: მხარი დაუჭიროს ევროკავშირის პოლიტიკური ყურადღების გაძლიერებას პარტნიორობის მიმართ და გააუმჯობესოს ეს პარტნიორობა.

„ძირითადი ყურადღება გადაგვაქვს თანამშრომლობის იმ პროექტებზე, რომლებიც თვალსაჩინოდ გააუმჯობესებს უბრალო ადამიანების ცხოვრების დონეს“ — აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიკსერმა თავის მიმართვაში: „უნდა ვაღიაროთ, რომ ევროინტეგრაციისა და სუბსიდირების მიუხედავად, ამ ქვეყნების რიგითი მოქალაქეები შეიძლება არც კი უკავშირებდნენ ევროკავშირის მიერ გახმოვანებული რეფორმების საჭიროებას და მასთან დაკავშირებული ცხოვრების დონის ამაღლებას.
ასეთი ვითარება ძირს უთხრის გარდაქმნების არა მხოლოდ სახალხო მხარდაჭერას, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების საერთო კურსს, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება“.

მიკსერმა თავის მიმართვაში ასევე ისაუბრა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა საშუალებას იძლევა, დაცული იქნას ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპი — ქვეყნების უფლება, თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი და განვითარების საკუთარი გზა: „ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ევროპის სამეზობლოში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გათვალისწინებით, როდესაც ზოგიერთ პარტნიორს კვლავ ემუქრება აგრესია ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ესტონეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას რესპუბლიკის შემდგომ პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში და ასოცირების შეთანხმებების განხორციელებას“.

მინისტრმა ხაზი გაუსვა მოსახლეობის არაინფორმირებულობასაც, რაც პრობლემას წარმოადგენს და აუცილებელია ამ თვალსაზრისით კიდევ ბევრი სამუშაოს ჩატარება.


კომენტარები სტატიაზე