შაბ. სექ 26th, 2020

ფოთის აგრარული ბაზრის გარემოვაჭრეების დახლებით ჩახერგილი ცენტრალური შესასვლელი დღემდე „აქილევსის ქუსლად“ რჩება. ბაზრის ადმინისტრაციასა და გარემოვაჭრეებს შორის ამ საკითხზე მუდმივი დავა მიმდინარეობს.

პურის გამყიდველი ქალბატონები ამბობენ, რომ მათთვის ეს ადგილი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და სხვაგან გადასვლის შემთხვევაში შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ. ბაზრის ადმინისტრაცია მათ ალტერნატიულ ადგილს სთავაზობდა, თუმცა გარემოვაჭრეებისთვის ის ადგილი არახელსაყრელია, რადგან იქ პურს ვერ ასაღებენ.

პრობლემის აღმოსაფხვრელად ბაზრის ადმინისტრაციამ რკინის ჭიშკარიც კი ჩამოკიდა, რაც აგრარულ ბაზარს მრავალი წლის განმავლობაში არ ქონდა. თუმცა ამით არათუ არმოიფხვრა პრობლემა, არამედ კიდევ უფრო დაიძაბა. რკინის ჭიშკრის დაკიდებამ გარემოავაჭრეები გააღიზიანა. პურით მოვაჭრეები საკუთარ პრეტენზიებს გვიზიარებენ: ფუნთუშა – რამდნიმე ხნის წინ შეგვიყვანეს კიდეც შიგნით ბაზარში. დაგვპირდნენ – ფულს არ გადაგახდევინებთო და ორ ორ ლარს გვახდევინებდნენ ყოველდღე. შემომხედეთ, 47 წლის ქალი ვარ და ხედავთ, რას ვგავარ, ქალის ფორმა მაქვს? ვის უხარია აქ ჯდომა? ამ მაღაზიის მეპატრონეც გვეჩხუბება – გზას გვიკეტავო. რას ვუშლით? მას ცხრა მაღაზია აქვს და ჩვენ არსებობის საშუალებას არ გვაძლევენ. მოილაპარაკეს, რომ ჩვენ აქედან აგვყარონ. აქეთ ჩაიწიე, ჭიშკრიდან მოშორებითო, მითხრა ბაზრის უფროსმა თეამ. იქით რომ გავიწიე, მაღაზიის პატრონი ყვირის, ამხელა მაღაზია კაცს არ ყოფნის და ჩვენ როგორ ვარსებობთ საერთოდ? ვინმე კითხულობს ჩვენს ამბავს? არც ერთი მთავრობა არ ყოფილა ჩვენისთანა ხალხისთვის. თუ არ შეწყვეტენ ჩვენს შევიწროებას, ბიძინა ივანიშვილსაც მივწერ წერილს და თბილისშიც ჩავალთ. უკიდურეს ზომამდე თუ მივედი, ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ, მეტი საშველი მაინც აღარ დამრჩება. მე ამ დახლით 6 სულიან ოჯახს ვარჩენ, ინვალიდი ქმარი მყავს და ჩემს სახლში არავინ არ მუშაობს. აქ დღეში სამი-ოთხი ლარი გვრჩება და მხოლოდ პური“.
ამავე აზრზეა გარემოვაჭრე ლუარა, რომელიც უკვე წლებია, ქარსა და ყინვაში, სიცხესა თუ სიცივეში ბაზრის კართან დგას და პურს ჰყიდის:

„რომ არ გვიჭირდეს აქ დავდგებით? სხვაგან გადასვლა არ გვინდა. იქ ვერაფერს ვყიდით. აქ დღეში საშუალოდ ასამდე პურს მაინც ვყიდით, იქ ვინ იყიდის, კართან მაღაზიაა და აქ იყიდის კაცი. ჩვენ არავის ვუშლით ხელს”.
ასეთია გარემოვაჭრეების პოზიცია. მათთან შეწინააღმდეგებას თითქმის არა აქვს აზრი. წლებია მათი მოწოდებები – „დედა პურიი, პურიი არ დაგავიწყდეთ“- ბაზარში ყველა შემსვლელს ესმის. „კოლხი-21“-ის ადმინისტრაცია კი მათ მიმართ ზომების გატარებას მერიასა და მის სამსახურებს სთხოვს. მათი მტკიცებით, ჩახერგილი შესასვლელი უსაფრთხოების ნორმის დარღვევაა და ამ ოთხი გარემოვაჭრის ინტერესებს შიგნით ბაზარში მომუშავე 500-მდე ადამიანის ბედი შეიძლება შეეწიროს. მერია ბაზრის ადმინისტრაციის წერილებს თავშეკავებით პასუხობს და აცხადებს, რომ სამართლებრივი აქტის გამოსაცემად მოკლებულია სამართლებლივ საფუძვლებს გარე ვაჭრობის რეგულირებასთან დაკავშირებით.

ბაზარში შიგნით მოვაჭრე ადამიანებმა წერილი მისწერეს ქალაქის ხელმძღვანელობას და ბაზრის დირექტორს თეა ბელქანიას. გთავაზობთ ამონარიდს წერილიდან: „გთხოვთ გამოყოთ სათანადო კომისია, რომელიც შეისწავლის კერძო მესაკუთრეების მაღაზიების მოვაჭრეთა პირობას, მათ მაღაზიები სასაწყობედ აქვთ გამოყენებული, გარეთ გზაზე უდგათ მაგიდა და სავაჭროდ იყენებენ გზას. მოსაკრებელს უხდიან შპს „სავაჭრო კომპლექსურ ცენტრს”, რომელიც მაქსიმალურად უწყობს ხელს გარევაჭრობის განვითარებას. ჩვენი მოთხოვნაა, ყველა მოვაჭრემ დაიკავოს კუთვნილი ადგილი და გზა გაათავისუფლოს. თუ ამ საკითხზე არ მოხდება რეაგირება, ჩვენც გადავკეტავთ სავალ ნაწილს და იქ დავიწყებთ ვაჭრობას”.

წერილს 150 მოვაჭრე აწერს ხელს. „კოლხი 21“-ის დირექტორი თეა ბელქანია ბაზარში არსებულ ქაოსურ სიტუაციასა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობს: „ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ ისაა, რომ გათავისუფლდეს შემოსასვლელი. გზა დარჩეს გზად. დანარჩენი საკითხები – ვინ სად დაჯდება და რა პირობებში გაყიდის პროდუქტს, ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. ამაზე სურსათის უვნებლობის სამსახურმა უნდა გააკეთოს მოკვლევა. ჩვენ შეწუხებული ვართ უგზოობით. დღეში აქ საშუალოდ 2000 ადამიანი მოძრაობს. რამე რომ მოხდეს, ვერც სახანძრო შემოვა, ვერც სასწრაფო დახმარება. რიონისპირა ზოლიდან პასაჟებამდე არანაირი მისადგომი არ არის, ჩაკეტილია. ამ გზის 6 მეტრიანი მონაკვეთი უსაფრთხოებისთვის იყო გათვალისწინებული. ამის მოთხოვნის უფლება გვაქვს. მეპურეები სად გაყიდიან პურს, ეს ჩვენი საქმე არ არის, გზა უნდა გაათავისუფლონ. ვეკითხები მათ, პასაჟებში რომ გაჩნდეს ცეცხლი, რომლისგანაც დაზღვეული არავინაა, საიდან უნდა შემოვიდეს სახანძრო? სანამ პურს, ქვაბებს და ჩექმებს აალაგებენ, მანამდე მთელი ბაზრობა გადაიწვება. ვინ აუნაზღაურებს ამ ხალხს ზარალს? ვინ აიღებს ამ ვალდებულებას? ვინმემ მაჩვენოს წერილი, სადაც ჩაიწერება ვალდებულება. იმის ხარჯზე, რომ ვიღაცამ გზაზე გარემოვაჭრე დასვას, ჩვენ ზარალს ვერ ავანაზღაურებთ. ვინ გაიზიარებს ამ ადამიანების ბედს, რა დააშავა იმ ადამიანმა, ვინც შიგნით ვაჭრობს? მაშინ ყველა გავა ქუჩაში და იქ ივაჭრებს“.

ჩვენ გამოვკითხეთ რამდენიმე მოქალაქე, რამდენად ჰიგიენურია ქუჩაში პურის გაყიდვა და ყიდულობენ თუ არა ისინი შეუფუთავ პურს პირდაპირ დახლიდან. მზია: „ეს არაჰიგიენურია. ვთვლი, რომ არ უნდა იყიდებოდეს ქუჩაში არც პური და არც სხვა საკვები პროდუქტი. მე პურს მხოლოდ მაღაზიაში ვყიდულობ“.

ემზარი: „არაა მთლად კარგი, ქუჩაში რომ იყიდება პური, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არასოდეს მიყიდია. ვცდილობ, პარკში შეფუთული ვიყიდო, მაინც დაცულია“. მაია: „ვთვლი, რომ არ უნდა იყიდებოდეს ქუჩაში პური, მაგრამ უკიდურესად უჭირს ამ ხალხს და ამიტომ დგანან აქ. კარგი იქნებოდა, მათთვის უკეთესი პირობები შეექმნათ პურის გასაყიდად. მე, პირადად, არ ვყიდულობ ღია ცის ქვეშ პურს“.

როგორც ქალაქის მერიაში გვითხრეს უახლოეს მომავალში დაიწყება ბაზრის ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

Comments are closed.