კოტე კემულარია -„არჩევნებამდე გაუქმდეს ბრაკონული ძარცვა და თანხები დაუბრუნდეს ფოთელებს“

ფოთის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კოტე კემულარიამ და მისმა მხარდამჭერებმა

სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. მსგავსი აქცია მათ რამდენიმე დღის წინ გაერთიანებული წყალმომარაგების შენობის წინ გამართეს.

ფოთში წყლის ტარიფი რამდენიმე წელია საქართველოში დადგენილი წყლის ტარიფის მაქსიმალურ ზღვარს 20 თეთრით აღემატება. სემეკის გადაწყვეტილებით საქართველოში წყლის გადასახადის მაქსიმალური ზღვარი უნდა იყოს არაუმეტეს 35 თეთრი, გარდა ფოთისა. ფოთში გადასახადი 55 თეთრს შეადგენს.

კოტე კემულარიას განცხადებით, მან ამასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს მიმართა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. კემულარიას თქმით, ფოთის მოსახლეობა სასმელი წყლის მაღალ ტარიფს უკანონოდ იხდის.

,, ჩვენ შევისწავლეთ და აღმოვაჩინეთ გამაოგნებელი რამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და ადგილობრივი ხელისუფლება ექვსი წელია ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს, ამას სჭირდება გამოძიება, რადგან ეს არის მილიონობით მითვისებული თანხა. მას შემდეგ რაც მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მთელს საქართველოში დაარეგულირა სასმელი წყლის ტარიფები და გახადა ის 35 თეთრი, ფოთში მოსახლეობას ახდევინებენ 55 თეთრს, ანუ 40 %-ით მეტს. ექვსი წელია ასეა და პასუხს არავინ გვაძლევს. მივედით წყლის მარეგულირებელში, სადაც გვეუბნებიან, რომ პრესცენტრს მივმართოთ. ახლა მოვედით მერიაში. მანამდე რამდენჯერმე მივმართეთ, დავურეკეთ, მაგრამ არავინ ყურს არ აპარტყუნებს. დაბნეულები არიან, იძახიან , რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი, მაგრამ არ ვიცით ვინ უნდა გაასწოროს. ახლა შეგვაქვს პეტიცია და ვითხოვთ საკრებულოს უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას. ასევე ვითხოვთ არჩევნებამდე გაუქმდეს ეს ბრაკონული ძარცვა, შემდგომ მივმართავთ სასამართლოს, რათა თანხები დაუბრუნდეს ფოთელებ“, – განაცხადა კოტე კემულარიამ.

მისივე თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და თუ სამ დღეში არ გაუქმდება უკანონო გადაწყვეტილება, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან კარვებს გაშლიან.