ოთხ. სექ 30th, 2020

საერთაშორისო გადამზიდავი ტრაილერების მძღოლებ საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარეს ლავრენტი ალანიას და გაერთიანებული პროფკავშირის ფოთის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ტრანსპორტის სფეროში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები. მძღოლები უცხოელ კოლეგებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვენ, რადგან ისინი იხდიან ორმაგ და მეტ გადასახადს უცხოელ მძღოლებთან შედარებით. საზღვარზე ორმაგ გადასახადს რისთვის ახდევინებენ, მათ არავინ უხსნის, შესაბამისად, ქართველი მძღოლები რჩებიან უმუშევრად, რადგან როგორც თავად ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში გაგზავნილ წერილში ისინი აზერბაიჯანელ კოლეგებთან შედარებით 450-500 დოლარით მეტ სხვადასხვა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ გადასახადს იხდიან და არათანაბარ პირობებში იმყოფებიან.

გადამზიდავი მანქანების მძღოლების პრობლემები შემდეგია: 1)სატრანსპორტო საბუთის გაფორმებაში გადამზიდავები იხდიან 220 დოლარს-აქედან მხოლოდ 25$-ჩეკს აძლევენ ბაქოში შესვლისთვის-ეს იმ შემთხვევაში თუ აქვთ ერთჯერადი ნებართვა (ე.წ. `დოზვოლი~ ).

2)აზერბაიჯანის ნებართვის არქონის შემთხვევაში ოფიციალური გადასახადი ნებართვისთვის 100$ გახლავთ და 80$ კონტეინერის შეტანის ღირებულება -ჩეკით სულ 180$.
3)საქართველოში კანონით გათვალისწინებულია 44 ტ (კონტეინერი+ტვირთი+მანქანა), ხოლო ღერძულა აწონვები არის 10-10 ტ ღერძზე. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაშვებულია 44 ტ, მაგრამ 37ტ-41 ტ-მდე ახდევინებენ 75 $, როგორც ჭარბი წონის გადასახადს, 41ტ – 44 ტ-მდე ასევე 75$, რაც ჯამში შეადგენს 150 $ ( ქვითარი).
4)აქვთ ჩამონათვალი – საშიშ ტვირთებზე ოფიციალური გადასახადი ნებართვის არქონის შემთხვევაში შეადგენს 320 $.
5)აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქართველი მძღოლებისთვის აუცილებელია ერთთვიანი დაზღვევა ღირებულებით 90 $ -ქვითარი.
6)საერთო ტვირთის ან კონტეინერის სიმაღლე ევრო სტანდარტებით არის 4 მ და 20 სმ, მაგრამ 4 მეტრის ზემოთ ახდევინებენ 50 $ (ქვითრის გარეშე).
7)საზღვრიდან 50 კმ-ში არის ტაუზის სადგომი, სადაც განლაგებულია სასწორი და იზომება დატვირთვა ღერძებზე და ახდევინებენ 50 $ (ქვითრის გარეშე).
8)ბაქოს ტერიტორიაზე საბაჟო აძლევს 500 კმ-ის დასაფარად 24 სთ, დაგვიანების შემთხვევაში კი ჯარიმდებიან: პირველ შემთხვევაში 25 $, მეორე შემთხვევაში 65 $, ხოლო მესამე შემთხვევაში, თუ ერთი წლის განმავლობაში განმეორდა, 125 $ ოფიციალურად.
9)ასევე ხდება მანქანის სკანირება ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, სადაც ახდევინებენ 110 $ (ჩეკის გარეშე), ხოლო წითელ ხიდზე ანალოგიური სკანირება გაიხსნება რამდენიმე დღეში.
10)აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქართველი მძღოლებისთვის აუცილებელია 1 თვიანი დაზღვევა ღირებულებით 90 $ (ქვითარი).
მათი თქმით ასევე გადასახედია და მოსაგვარებელია ერთჯერადი ნებართვების გაცემაც. როგორც ისინი განმარტავენ ნებართვების რაოდენობა 30%-ითაც ვერ აკმაყოფილებს ქართველი მძღოლ-გადამზიდავების მოთხოვნებს.
როგორც შეხვედრაზე გვითხრეს საქართველოში შემოსული აზერბაიჯანის ნომრიანი სატვირთო მანქანების მძღოლები არანაირ გადასახადს, არც სიმაღლის, არც საშიში ტვირთისას, არც გადატვირთვის 44 ტ-მდე და არც დაზღვევას არ იხდიან. მძღოლებს აქვე ამის საუკეთესო მაგალითიც მოყავთ, თუ როგორ გადააქციეს აღნიშნული საქმიანობა ზოგიერთმა ბიზნესმენმა მომგებიანად. 2013 წლის ზაფხულში საქართველოდან აზერბაიჯანში გადაიყვანეს რამდენიმე ათეული კონტეინერმზიდი. შეიყვანეს ბაქოს ,,იპაკიოლის“ საბაჟო ტერმინალზე. გახსნეს ერთობლივი ქართულ-აზერბაიჯანული შპს. ავტომობილებს მიანიჭეს ყვითელი აზერბაიჯანული სანომრე ნიშნები და აწარმოებენ ფოთიდან ბაქომდე ტვირთების გადაზიდვას ბევრად მომგებიან პირობებში, საგადასახადოს იხდიან აზერბაიჯანში, შესაბამისად, საქართველოს ბიუჯეტში არაფერი შემოდის.
შეხვედრაზე მყოფი მძღოლების უმეტესობას კი თითქმის ორი თვეა ტვირთი არ გადაუზიდავს. Aამ ყველაფერს კი ემატებაMმიმდინარე წლის 15 ივლისს მიღებული დებულებაც, რომლის თანახმად, იმის გამო, რომ გადატვირთულია მაგისტრალები, ტვირთების გადაზიდვა უნდა დაიწყონ მატარებლებით. გამოდის, ათასობით მძღოლი უმუშევარი დარჩება. ტრანსპორტისა და გზების პროფკავშირის თავმჯდომარემ ლავრენტი ალანიამ დახმარება აღუთქვა მძღოლებს როგორც აზერბაიჯანულ, ისე ქართულ მხარესთან მოლაპარაკების გზით. როგორც მან თქვა: `ხვალიდანვე შევუდგები ამ საქმეს. მოვამზადებთ საკითხს, ჩავალთ აზერბაიჯანში და დავიწყებთ მოლაპარაკებებს. წერილი უნდა შევიდეს საქართველოს მთავრობაში, მთავარია მივყვეთ ყველაფერს კანონის ფარგლებში, მერე კი, თუ არ იქნება გათვალისწინებული ჩვენი მოთხოვნები, შესაძლებელია, სხვა ზომების მიღება. სამინისტროებში დარჩენილია ისევ ძველი კადრები, რომლებიც უწინდელივით ისევ იმას ფიქრობენ, რომ ბაზარი თავისთავად დაარეგულირებს ყველაფერს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და გავაგებინოთ მათ, რომ ერთიანი ძალა ვართ. ეს ზაფხული იქნება მართლაც ცხელი ზაფხული. საქართველოს პროფკავშირები მზადაა, დადგეს ქართველი მძღოლების გვერდით, რათა მათ ჰქონდეთ კატასტროფულად მაღალი გადასახადებისგან თავისუფალი სამუშაო”.
უკმაყოფილება გამოთქვა ტრაილერის მძღოლმა ივანე კვირიკაშვილმა: `ქართველი მძღოლები, რომლებიც ვმუშაობთ ფოთის სატრანსპორტო კომპანიაში, ვერ ვახერხებთ ტვირთების გადაზიდვას იმიტომ, რომ ჩვენს ტერმინალებში შემოდიან სხვა ქვეყნების მძღოლები და ჩვენ ნაკლებად გვაძლევენ ტვირთს. მივმართავთ მთავრობას, რომ დაგვეხმარონ ამ პრობლემის მოგვარებაში, შევიკრიბეთ იმისთვის, რათა განვიხილოთ ეს საკითხი, მოგვცენ უფლება ვიმუშაოთ და ოჯახები ვარჩინოთ“.
უახლოეს დღეებში ტრანსპორტის პროფკავშირი ფოთელი მძღოლების სახელით მოამზადებს და შეიტანს წერილს ეკონომიკის სამინისტროში, დაიწყება მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთანაც, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანონით დადგენილ ვადაში არ შეიცვლება მძღოლების სამუშაო პირობები, ისინი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

Comments are closed.