ოთხ. სექ 30th, 2020

“ქართული ოცნების” ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია აგრძელებს ამომრჩევლებთან შეხვედრებს. ამჯერად ხახუბია ნინოშვილის ქუჩის
ცხრასართულიანი კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა.

ხახუბიამ შეხვედრისას წლების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

“ვითარდება ინფრასტრუქტურა, დაწყებულია მალთაყვის სანაპიროს მშენებლობის პროექტი, თუმცა მას თავიდან ბევრი აკრიტიკებდა. ფოთი არის პროგრესის ქალაქი, ყველაფერი ზღვიდან იწყება. სწორედ აქედან მოვიზიდავთ ინვესტორებს… გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ფოთი იყოს ტურისტული ქალაქი.

ფოთს უნდა ქონდეს საავადმყოფო და სამარცხვინოდ, სხვაგან გვიწევს სიარული, არ გვაქვს სტადიონი, საცურაო აუზი… თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენგან დამოუკიდებლად ზოგიერთი პროექტი , როგორიცაა სტადიონის მშენებლობა ჩავარდნილია ფინანსების გაფლანგვის გამო, რაზეც შესაბამისი სტრუქტურები მოახდენენ რეაგირებას. ვეცდები ყველა პრობლემა და საკითხი ჩემი არჩევის შემთხვევაში დავაყენო პარლამენტში “- განაცხადა ხახუბიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

კანდიდატს თან ახლდა, ფოთის ყოფილი მერი დავით ქანთარია, რომელმაც ისაუბრა ხახუბიას პიროვნულ თვისებებზე, თუ, რატომ უნდა გააკეთონ ფოთელებმა ხახუბიაზე არჩევანი.

ქანთარია ასევე შეეხო წლების განმავლობაში თევზის სუნთან დაკავშირებით ხახუბიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

„ხახუბიას ქარხანა ერთ-ერთია იმ ოთხთაგან, რომელმაც ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ეს პრობლემა მოაგვარა და გამწმენდი ფილტრი დააყენა. ასე, რომ ხახუბიას ქარხნიდან არ მოდიოდა ეს სუნი, თუმცა მისი არჩევის შემთხვევაში სხვა ქარხნებზეც იზრუნებს, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ მოიხსნას“-განაცხადა ქანთარიამ.

ხახუბიამ შეხვედრაზე მყოფ მოსახლეობის კითხვებსაც უპასუხა.