სამ. სექ 29th, 2020

ათ დღეზე მეტია, ფოთში, სევასტოპოლის ქუჩაზე მდებარე სამ ცხრასართულიან კორპუსს არ მიეწოდება სააბონენტო-სატელეფონო და ინტერნეტმომსახურება. სამივე ეს კორპუსი კომპანია ”სილქნეტის” მომხმარებელია.

შეწუხებულმა მოქალაქეებმა რედაქციაში მოგვმართეს. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, რა ხდება სინამდვილეში და როდის აღუდგებათ მომსახურება ამ ქუჩის მაცხოვრებლებს. კომპანიის ადგილობრივ სერვის ცენტრში გვეუბნებიან, რომ სევასტოპოლის ქუჩაზე მიმდინარეობს საკაბელო-სამონტაჟო სამუშაოები და ამის გამოა გამორთული ქსელი. გასაგებია, რომ ზოგჯერ აუცილებელია გარკვეული სამუშაოების ჩატარება, მაგრამ უპრიანია ამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება. მეორე საკითხი, რაც ასეთი აბონენტების შეწუხებასა და აღშფოთებას იწვევს, ის გახლავთ, რომ მათ გაუწეველ მომსახურებაში ახდევინებენ თანხებს. ჩვენი რესპონდენტის ქალბატონ მაიას ტელეფონი უკვე თვეზე მეტია გამორთულია. მან დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართა ადგილობრივ ტექნიკურ ჯგუფს, მაგრამ უშედეგოდ, ტელეფონი გაფუჭებული იყო, თანხა კი მაინც გადაიხადა: `ვერაფერს გავხდი, რამდენჯერმე დავრეკე და მივედი, ხაზის გაკეთება მოვითხოვე, დამპირდნენ, მაგრამ არავინ მოსულა. სახლში ავადმყოფი მყავს, ხშირად მჭირდება სასწრაფო დახმარების გამოძახება, ხშირად ვუკავშირდები რჩევისთვის მის მკურნალ ექიმს, რადგან ქრონიკული ავადმყოფია. ამდენად, ძალიან მჭირდება სახლის ტელეფონი, მომსახურების საფასურს თავის დროზე ვიხდი ხოლმე, მაგრამ სანაცვლოდ დროზე არავინ არაფერს გვიკეთებს და მომსახურება ძალიან ცუდია. უფრო მეტიც გამორთულ ტელეფონის მომსახურეობაშიც ფულს მაინც გვახდევინებენ”.

ჩვენი რესპონდენტის მსგავსად ძალიან ბევრი მომხმარებელია უკმაყოფილო ინტერნეტ მომსახურების გამოც. პრეტენზიებია სიხშირესთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, აბონენტები სხვადასხვა სერვისის მისაღებად თბილისში ცენტრალურ ოფისს უნდა დაუკავშირდნენ და იქიდან ხდება პრობლემის გასწორება. 2 100 100-ზე დარეკვის შემდეგ გაკავშირებენ შესაბამისი პროფილის ოპერატორს, რომელიც ახდენს აბონენტის ნომრის დაფიქსირებას და იწყებს მოგვარებას, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში, ეს `მოგვარება~ რამდენიმე დღე გრძელდება და ხარვეზი არ სწორდება. ამას ემატება ისიც, რომ სიხშირის ვარდნასთან ერთად ითიშება ინტერნეტ-ტელევიზია და დღეების განმავლობაში მიუღებელ სერვისზე თანხას არავინ გიქვითავს და მაინც გახდევინებენ. ჩვენ დავუკავშირდით კომპანია `სილქნეტის” ტექნიკურ სამსახურს. როგორც ოპერატორმა ანამ აგვიხსნა: `იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს არ მიეწოდება ინტერნეტი, ამის შესახებ უნდა აცნობოს ადგილობრივ სერვის ცენტრს და დაწეროს განცხადება მომსახურების შეჩერების შესახებ, სხვა შემთხვევაში თანხა მაინც იწერება, ზოგჯერ თავად აბონენტია უარზე შეჩერების, განცხადების დაწერის შემთხვევაში ხდება თანხების კორექტირება და აბონენტს გადასახდელი აქვს მხოლოდ იმ დღეების გადასახადი, როდესაც იღებდა მომსახურებას”.
რატომ არ ხდება ავტომატურ რეჟიმში მომსახურების შეჩერება იმ აბონენტთათვის, რომელთა საცხოვრებელ კორპუსებშიც მიმდინარეობს მასიური საკაბელო-სამონტაჟო სამუშაოები, პასუხი არ აქვთ, ან უბრალოდ გვახსენებენ, რომ ყველა აბონენტმა სათითაოდ უნდა დაწეროს განცხადება და მოითხოვოს შეჩერება. ამით უკვე ცხადია, სად მარხია ძაღლის თავი. წარმოიდგინეთ, რამდენ აბონენტს უწევს გათიშული ტელეფონისა და ინტერნეტის საფასურის გადახდა, როცა მარტივადაა შესაძლებელი გაფრთხილება მომსახურების შეწყვეტის შესახებ. კეთილსინდისიერმა კომპანიამ, რასაც არ ყიდის, იმაში, წესით, გადასახადი არ უნდა მოითხოვოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთ `ადვილ~ ფულზე უარის თქმა ჯერ კიდევ ძნელია ჩვენს ქვეყანაში.

Comments are closed.