ორშ. სექ 28th, 2020

„ეროვნული ფორუმის“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზეწოლასა და თვალთალთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
„ჩვენს ცენტრალურ შტაბზე და ჩემს თანამოაზრეებზე თვალთვალი და ზეწოლა ხორციელდება. კონკრეტულად ჩემი შტაბის ორ ხელმძღვანელზე, სახელებსა და გვარებს დღეს-დღეობით თავს შევიკავებ და არ ვასახელებ, ასევე ჩემს თანამებრძოლებზე თვალთვალი ხორციელდება. მათთან ხდება შეხვედრები და დამუქრებები. ე.წ. „ქართული ოცნების“ კარდინალი კახა ლატარია, რომელიც რეალურად ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას შტაბს ხელმძღვანელობს, თურმე იმუქრება, რომ სექტემბრიდან თბილისიდან ჩამოვა სპეციალური დანიშნულების რაზმი, ან სამხარეო პოლიცია და მოხდება ჩემი შტაბის შტურმით აღება, ან რამდენიმე თანამოაზრის დაკავება.

ასევე ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ პატიმრების ოჯახებთან მიდიან და ეუბნებიან, რომ მათი შვილები დატოვებენ საპატიმროებს ან მოეხსნებათ პირობითი მსჯავრი, თუკი ხარჩილავას არ დაუჭერენ მხარს და არჩევნებზე ხმას ირაკლი ხახუბიას მისცემენ“.

ხარჩილავამ სამართალდამცველების მხრიდან თვალთვალზეც ისაუბრა.

„ თითქმის 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს თვალთვალი ცენტრალურ შტაბთან და ქვეშტაბებთან. მე მოუწოდებ, ნუ წუხდებიან, შემიძლია გამოუყო მათ და დავუთმო ოთახი, მშვიდად დასხდნენ და ცივ წყალსაც დავალევინებ“, – განაცხადა ოთარ ხარჩილავამ.

ხარჩილავას თქმით, ეს გამაფრთხილებელი ბრიფინგია, „რათა შეეშვან მსგავსი მარაზმით მუშაობას“, ხოლო შემდგომ ყველა მათგანის ვინაობას დაასახელებს.

ხარჩილავას ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ხახუბია და მისი შტაბის ხელმძღვანელი სამსონ კუტალია.