შაბ. სექ 26th, 2020

27 ივნისს საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან, შეიძლება ითქვას, ისტორიულ დოკუმენტს, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ დოკუმენტის მიმართ საქართველოს მოსახლეობაში დღემდე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს – პოზიტიურიც და ნეგატიურიც. ამ უკანასკნელს არაინფორმირებულობა განაპირობებს. გასულ კვირას, ქუთაისში რეგიონული ჟურნალისტებისთვის ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის დაფინანსებით პროექტის ,,მეტი ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ,, ფარგლებში ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგში მონაწილე ჟურნალისტებს მეტი საშუალება აქვთ საკუთარ მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია, რა სარგებელს მოუტანს ასოცირების ხელშეკრულება მათ?
ამ ხელშეკრულების შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ ისაუბრა: ,,ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან დაახლოებას. ის მოიცავს მართლმსაჯულებას, საშინაო, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს (DCFTA), ასევე, მთელ რიგ საკითხებს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, მეცნიერების, ტრანსპორტისა და განათლების საკითხების ჩათვლით”. მან ასევე აღნიშნა, რომ: ,,უნდა მოხდეს სწორი ინტერპრეტაცია ამ ხელშეკრულების და საქართველოს მოქალაქემდე უნდა მივიდეს ზუსტად ის ინფორმაცია, რაც ამ ვრცელ დოკუმენტშია. 1200 გვერდიანი ნაშრომის ძირითადი პრიორიტეტების ცოდნა ექსპერტებისთვის და სპეციალისტებისთვის აუცილებელია. მოსახლეობამდე ინფორმაციის სწორად მიტანაში კი, ლომის წილი მედიამ უნდა შეასრულოს,,. კაკაჩიამ ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ შესაძლოა გარკვეული პროცესები მოსახლეობისთვის მტკივნეულად წარიმართოს, რაც მხოლოდ დროებითი მომენტია და საბოლოოდ მოსახლეობისთვის სასიკეთო იქნება: ,,ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას არ აქვს. შესაბამისად, მათთვის ხელშეკრულების დადებითი და უარყოფითი მხარეები არაა ცნობილი. ამ ინფორმაციის მიწოდებაზე მთავრობამაც უნდა იზრუნოს. ხალხს არასწორი ინფორმაცია აქვს, თითქოს ამ ხელშეკრულებით საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა. თურქეთმა ხელი მოაწერა ასოცირებას უკვე რამდენი წელია და დღემდე ელოდება მასში გაწევრიანებას. ეს იმაზეა დამოკიდებული, საქართველო რამდენად კარგად და სრულყოფილად შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც ამ ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. ვალდებულება კი ძალიან ბევრია,,.
ასოცირების ხელშეკრულების სასიკეთო მხარეებზე ისაუბრა ,,ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის,, დირექტორმა ელენე გოცაძემ: ,,ასოცირების ხელშეკრულება არის მრავალწახნაგოვანი კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც რთულია განსახორციელებლად, მაგრამ არამარტო შედეგი, არამედ თვითონ პროცესი პოზიტიური და დადებითი ეფექტის მომხდენი და იმედი მაქვს, რომ განხორციელების გზაზე ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ. ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ყველა მთავრობის დამსახურებაა, ჩვენი ქვეყანა ნაბიჯ–ნაბიჯ მივიდა ამ წარმატებამდე. ახლა კი, სამთავრობო თუ არასამთავრობო დონეზე უნდა მოხდეს პრიორიტეტების განსაზღვრა და ქვეყნის განვითარება იმ სტანდარტებით, რასაც ეს დოკუმენტი ითვალისწინებს,,.
ტრეინინგის მონაწილეებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილიც ესაუბრა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ: ,, სხვადასხვა დონის უწყებებთან ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით აქტიურად ვიყავით ჩართულნი. სხვადასხვა კომისიების დონეზე ვახერხებდით მიგვეღწია შეთანხმებები. ვცდილობდით მათ დარწმუნებას, რომ ჩვენი მსგავსი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი. ასევე ვცდილობდით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების წამოწევასაც, ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე დღეს არ ვდაობთ, საქართველოს გეზი რომ ევროპაა, ამაში ერთხმად ვთანხმდებით,,.
პროექტის კოორდინატორის მარიკა ვაჭარაძის თქმით: ,,პროექტი ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ითვალისწინებს რეგიონული მედია საშუალებების ჟურნალისტების დატრენინგებას. პროექტის მიზანია, მედიას და საზოგადოებას ჰქონდეს მეტი და სწორი ინფორმაცია, რას მოგვცემს ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას და რას გვავალდებულებს ასოცირების ხელშეკრულება”.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესახებ არაერთი მითი არსებობს. რომ ხელი შეეშლება საქართველოს ექსპორტს სხვა ქვეყნებში, რეალურად კი ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ევროკავშირის სტანდარტების შემოღება გააუმჯობესებს არა მხოლოდ შიდა წარმოების საქონლის ხარისხს და უზრუნველყოფს ევროკავშირის ბაზარზე წვდომას, არამედ გაზრდის ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიოანობა სხვა საერთაშორისო ბაზრებზე. არსებული მითებით საფრთხე შეექმნება ჩვენს კულტურას, თვითყოფადობას, მართმადიდებლობას, დაკანონდება ერთსქესიანთა ქორწინება, უვიზო მიმოსვლა გამოიწვევს საქართველოდან კვალიფიციური მუშახელის გადინებას, ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას და ა.შ. რეალურად კი ასოცირების შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი პატივს ცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეთანხმება, ასევე, ითვალისწინებს ევროკავშირის უფრო აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ასევე არ ითხოვს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში არაა დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. ეს არაა ევროკავშირის მოთხოვნა. ხოლო კულტურული მრავალფეროვნებისა და ეროვნული ტრადიციების შენარჩუნების ხელშეწყობა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია. ასოცირების შესახებ შეთანხმება, პირიქით ევროკავშირის ქვეყნებში ქართული კულტურულ მიღწევებს, უნიკალურობის პოპულარიზაციასა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ევროკავშირში გაწევრიანებულნი არიან მართმადიდებელი სამყაროს არაერთი მნიშვნელოვანი ქვეყნები და მათვის რაიმე სახის საფრთხე არ შეუქმნია.

Comments are closed.