შაბ. სექ 26th, 2020

წინა ხელისუფლების დროს ხობის გამგებლის იგორ ტყებუჩავას დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია კარგა ხანს ჭორის დონეზე ვრცელდებოდა რაიონში და ბევრს უკვირდა გამგებლის ასე დაჭერა და გაუჩინარება.

მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად არ ვრცელდებოდა, სანამ “რუსთავი-2“-მა არ ამცნო ქვეყანას, რომ ხობის გამგებელი საკუთარ კაბინეტში აიყვანეს ქრთამის აღების გამო. ახალი ხელისუფლების პირობებში სოფლის მეურნეობის დახმარების პროექტი ამოქმედა. ხობის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს იგორ ტყებუჩავას ახლა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონულ სერვისცენტრებზე დაქვემდებარებული სატრაქტორო ბრიგადების კოორდინირებულ მუშაობაზე მონიტორინგი და სახელმწიფო პროგრამის აგროვადებში შესრულების უზრუნველყოფა ევალება. მასთან საუბარი სოფლის მეურნეობით დაიწყო:

– დღეს ქართული სოფლები ფრიად სავალალო მდგომარეობაში გახლავთ. გაგვიმარტეთ, რას მოიცავს მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა და როგორ მიმდინარეობს პროექტი რეგიონებში?
-“მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარებს წელს ორი ტიპის ბარათი დაურიგდათ. მიწის დასახნავად სასოფლო-სამეურნეო ბარათები და საქონლის მისაღებად – აგრო ბარათები. პროექტის ბიუჯეტი, საქართველოს მასშტაბით, 90 მილიონი ლარია დაახლოებით 800 ათასამდე ფერმერებისათვის. ბენეფიციარები არიან ის ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ ჰექტარი და 25 მეასედი ფართობის სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურებისათვის. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოებს, რომელიც ნიადაგის ხვნას და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომსახურეობას გულისხმობს, კომპანია ,,მექანიზატორი“ და 117 კონტრაქტორი შეასრულებს. პროექტი 1 თებერვალს დაიწყო და 1 აგვისტოს დასრულდება. სამეგრელო-ზემო სვანეთში 97 579 ფერმერს მოვემსახურებით, ესე იგი დამუშავდება 41 135 ჰა ფართობი.
-არის თუ არა ტექნიკით უზრუნველყოფილი რეგიონები და რა სამუშაოებია შესრულებული დღეისათვის?
-დამუშავებულია სავარგულების 30 პროცენტი. კარგი ამინდის დადგომასთან ერთად ინტენსიურად დაიწყება მუშაობა ყველა რეგიონში. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს დროის ამ მონაკვეთში ხვნა-თესვის სამუშაოები არ იყო დაწყებული. ამჟამად შემოყვანილია საკმაოდ მძლავრი ტექნიკა საკმარისი რაოდენობით. ყურადღება ექცევა თითოეული აგრეგატის ტექნიკურ გამართულობას და მცირე ხარვეზიც კი კონტროლზეა. ეს ყველაფერი სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინირებული მუშაობისა და მიმდინარე წელს გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოების შედეგი გახლავთ.
– წელს უკმაყოფილებაა იმის გამო, რომ გასულ წელთან შედარებით დახმარებამ იკლო. რამდენად საკმარისად მიგაჩნიათ ეს დახმარება ფერმერებისთვის და რა სახის პრობლემები არსებობს, რაც სახელმწიფომ სამომავლოდ აუცილებლად უნდა გამოასწოროს?
-როგორც იცით, მე ვმუშაობდი ხობის გამგებლად, თუმცა მანამდეც საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა სოფლის მეურნეობის სისტემაში და სახალხო მეურნეობის სხვადასხვა სფეროში მუშაობისა. ამიტომ ვთვლი, რომ შარშან მცირემიწიან ფერმერებს უფრო სჭირდებოდათ სახელმწიფოსაგან დახმარება, მათ შორის ინვენტარის სახით, ამიტომ სუბსიდირება ამ მიმართულებით წავიდა. უამრავმა ადამიანმა შეიძინა სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო იარაღი – შესაწამლი აპარატები, თანამედროვე მინი- სათიბები და სხვა, რაც არ არის ერთწლიანი მომსახურებისა. წელს, შესაბამისად, არც უნდა გათვალისწინებულიყო მათი შესყიდვა. ვთვლი, რომ ქართველ გლეხს თავისი ღირსებაც აქვს – ყოველთვის ხელგაწვდილი არ იქნება, აუცილებლად უნდა გახდეს დამოუკიდებელი. მთავარია, წლების განმავლობაში დაუმუშავებელი მიწები დამუშავდა, ფერმერს სტიმული მიეცა. სახელმწიფო ამაზე ნამდვილად არ შეჩერდება. ყველამ კარგად იცის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამზადებს სერიოზულ აგრო-პროექტებს, რათა ფერმერი დამოუკიდებელი გახდეს. გაინტერესებთ, რა პრობლემებზე მოუწევს სახელმწიფოს ფიქრი? კი არ მოუწევს, სახელმწიფო რეალურად ემზადება. მჯერა, უახლეს მომავალში მეურნეობის მრავალფორმიანობის პირობებზე მისადაგებული მანქანური ტექნოლოგიების სისტემების ინტენსიური დამუშავება მოხდება, რომელიც უფრო მეტად გაითვალისწინებს საქონელმწარმოებლის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ტექნიკური საშუალებების გამოყენების ფორმებს, წესებს. ტექნოლოგიურ პროცესში ვგულისხმობ კლიმატურ-საველე პირობებს, აგრონომიულ, საინჟინრო და ეკონომიკური მეცნიერების უახლეს მიღწევებს, რაც ითვალისწინებს მიწათმოქმედების, მცენარეთა დაცვის, კომპლექსური მექანიზაციის, მელიორაციის, ქიმიზაციის, ნიადაგისა და გარემოს დაცვის უახლესი მეთოდების გამოყენებას. შემდგომში სახელმწიფომ ყველაზე მეტი ინვესტიცია სოფლის მეურნეობის სფეროს განათლების სეგმენტში უნდა ჩადოს, რადგანაც შესაბამისი ცოდნით აღჭურვილ ფერმერს კარგი პროდუქციის შექმნის გარდა, შეუძლია პროდუქციის შეფუთვა და სარეალიზაციოდ ბაზრის ანალიზის გაკეთებაც. ამასთან, კარგად მომზადებული ფერმერები უფრო ადვილად აუღებენ ალღოს იმ საექსპორტო შესაძლებლობებს, რაც მათ მიეცემათ სამომავლოდ, თუმცა ამისათვის აუცილებელი იქნება ფერმერთა ძალების გაერთიანება. ექსპერტთა აზრით, მათ სახელმწიფომ გამსხვილების რეალური შესაძლებლობა უნდა მისცეს. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.
-ჩვენ თქვენს დღევანდელ საქმიანობაზე საუბრობთ, მაგრამ საინტერესოა რამდენად შეძელით იმ ტრამვის გადატანა, რაც თქვენმა სკანდალურმა დაჭერამ მოგაყენათ?
– ამაზე საუბარი, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ძალიან რთულია. იმ მოქალაქეობრივმა და ადამიანურმა თვისებებმა გადამარჩინა, რის გამოც ჩემი დასჯა სურდათ. გადამარჩინა ჩემმა ოჯახმა, რადგან მწამდა, რომ მათ ჩემი სჯეროდათ. ყველასათვის ცნობილია, როგორ და რა სქემით მოხდა ჩემი აყვანა და ამაზე ახლა საუბარი საზოგადოებისათვის, ცოტა არ იყოს, დამღლელიც იქნება. ვინც ყოველთვის მიჭერდა მხარს, იცის ჩემი სიმართლე. დრომ ყველას მოსთხოვა პასუხი. დღესაც მიყვებიან, როგორ ავალებდნენ კომპრომატების გამოგონებას ჩემზე. ადამიანურად მესმის, რადგან იმ საშინელ დღეებში მეგობრებიც კი ვერ მეხმარებოდნენ. მე მათ გავუგე. არაერთ ინტერვიუში ვისაუბრე ამაზე და სიმართლეც უკვე დამტკიცებულია. რაც შეეხება მავან სინდის-ნამუსზე და პატიოსნებაზე ხელაღებულ ხერხემალგადატეხილ აგენტებს, ასეთები არც მეგობრად, არც მეზობლად, არც მეწარმედ, არც ადამიანად არ სჭირდება ქვეყანას. საერთოდ, სააკაშვილის ხელისუფლება იყო ბოროტება და ამიტომ ბოროტებას თავისი არსებობა უნდა დაემთავრებინა. ისე, ჩემი მწარე გამოცდილებისათვის სააკაშვილ-ახალაია-მერაბიშვილისათვის სამადლობელიც მეთქმის, რომ მანახეს, როგორ შეიძლება ორი კვირა ვერ გიმტკიცებდნენ და ხვეწნა-მუქარით, ტყუილით, არაადამიანური ფსიქოლოგიური ზემოქმედებით გაწერინებდნენ ხელს ,,თბილისიდან ბომბეიმდე გვირაბის გაყვანის“ აღიარებაზე, საკნიდან გაჰყავდეთ ღამის პირველ საათზე, გაცმევდნენ ბადრაგის ,,ბათინკებს“ , გამვლელის ,,პლაშს“ და სახელდახელოდ დგამდნენ სცენას, ვითომ ახლა ამ წუთას აგიყვანეს ,,საკუთარ კაბინეტში“, ახლა კი ეს ვაჟბატონები ტელეეკრანებიდან ისე გვესაუბრებიან მორალზე და ისე გამოხატავენ აღშფოთებას, თითქოს ის არაადამიანური 9 წელი არც ყოფილიყოს ქვეყნის ისტორიაში. სააკაშვილსა და მის ირგვლივ მყოფ შერეკილებს ეგონათ, ხმაურიანი დაპატიმრებებით ფრთებს გამოისხამდნენ, მიწაზე ფეხს არ დააკარებდნენ და ამ ქვეყანას სამარადისოდ დაეპატრონებოდნენ, მაგრამ ასეთი უკანონო ქმედებებით გაებნენ მახეში. ბევრს ვფიქრობ იმ საშინელ ერთ წელზე. ძლიერი ნებისყოფა გამაჩნია. მაქვს საშუალება ჩემი პროფესიით, სიყვარულით და ცოდნით ისევ ვიდგე ქვეყნის სამსახურში. ახლა უფრო მეტად გავირჯები, რადგან ეს თავისუფლების საზღაურია.
– რატომ ვერ შეძლო თქვენიıდაცვა ხობის მაჟორიტარმა?
– პირველ დღეებში მან შეუტია ჭაკუა-ახალაიებს, მაგრამ ამ უკანასკნელების თავხედობას საზღვარი არ ქონდა. გოდერძი ბუკია სხვა მაშტაბის ადამიანია. ის პოლიტიკას ნამდვილად ვერ შესწირავდა იმ საქმეებს რასაც რაიონისათვის აკეთებდა და აკეთებს. მანაც ამჯობინა დროებით “დაეჯერებინა” მათი არგუმენტები. მეგრული სიმღერის ფესტივალი შემდგომში უფრო გრანდიოზული გაიმართება. მანამდე კი უამრავი საზრუნავი გვაქვს, რისთვისაც მაქსიმალურად უნდა დავიხარჯო და ვაკეთო ის საქმე, რის გაკეთების შესაძლებლობას ჩემი პროფესია და გამოცდილება მაძლევს. ამის შესაძლებლობა კი ბიძინა ივანიშვილმა და ყველა იმ ადამიანმა მომცა, ვინც არჩევნებზე “ნაცმოძრაობას” უარი განუცხადა.
– გმადლობთ, გისურვებთ წარმატებებს თქვენ და ფერმერებს ხვავრიელ მოსავალს..…

Comments are closed.