ხუთ. სექ 24th, 2020

სენაკში, რევაზ ლაღიძის პრიზისა და ოქროს მედლის მფლობელ საქართველოს სახალხო ანსამბლს, კონკურსებისა და ფესტივალების მრავალგზის ლაურეატ ,,კოლხურ ტრიოს’’ ვარსკვლავი გაუხსნეს.

1975 წლიდან დონარა მიმინოშვილის, დარეჯან ფაჩულიას და ბელა ქამადაძის შემადგენლობით ,,კოლხური ტრიოს’’ გამოჩენამ უმალვე მიიპყრო ფართო საზოგადოების ყურადღება. მრავალი უნიკალური სიმღერის წარმოჩენით და შექმნით მათ გაამდიდრეს და განუმეორებელი ხიბლი შესძინეს ქართული ხალხური სიმღერის საგანძურს. 40 წლის მანძილზე მათ მომხიბლავ ქართულ ჰანგებს არაერთი მსმენელი მოუჯადოებია.

“კოლხურ ტრიოს” დიდი წვლილი მიუძღვის უძველესი მეგრული სიმღერების აღდგენა-პოპულარიზაციის საქმეში.
საიუბილეო საღამოზე, მსმენელს ჰქონდა ბედნიერება ისევ დამტკბარიყო ანსამბლის შემოქმედებით. ღონისძიებას სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საღამოს დასასრულს, დრამატული თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა ,,კოლხური ტრიოს’’ ვარსკვლავი.