ოთხ. დეკ 2nd, 2020

ჩვენს ქვეყანას კინოსა და სასცენო ხელოვნების ისეთი ისტორია აქვს, ისეთი დონის მსახიობები ყავდა, რომ სუპერსახელმწიფოებსაც კი შეშურდებოდათ,

მაგრამ ყველაფრის ნგრევამ და ქვეყანაში არსებულმა უამრავმა პრობლემამ ყველაზე მეტად ხელოვნების ეს დარგები დააზარალა. რა მდგომარეობაა თანამედროვე ქართული კინოსა და თეატრში დღეს? ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ დღეისათვის საკმაოდ წარმატებულ ფოთელ მსახიობს, ჯანო იზორიას და მისი სამსახიობო კარიერის დასაწყისით დავინტერესდით:

-ამ პროფესიასთან არანაირი შეხება არ მქონია, უბრალოდ, ბავშვობიდან მიყვარდა სიმღერა, ცეკვა, ეზოში კონცერტების ჩატარება, აქტიური ბავშვი გახლდით. მე-5 კლასში ვიყავი, როცა ჩატარდა თეატრალური კვირეული, სადაც ჩემი დამრიგებლის რჩევით, მივიღე მონაწილეობა. სწორედ, მაშინ, ავედი პირველად სცენაზე და ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი. შემდეგ უკვე, მოგვიანებით, მომცეს პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის, რამაც უფრო გამიღრმავა მსახიობობისადმი სწრაფვა. კონკურსის ჟიურის წევრი იყო ქალბატონი ფოთოლა ქაჯაია, რომლის წყალობითაც ვარ მე დღეს მსახიობი, მან გადამიყვანა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, შემდეგ ვიყავი ანსამბლ ,,თეთრ თოლიაში“, სწორედ აქ მირჩიეს ბატონმა შალვა ლიპარტელიანმა და ბატონმა ოთარ ცერაძემ ჩამებარებინა ხელოვნების სასწავლებელში. 1999 წელს ჩავირიცხე თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტში, რეზო ჩხეიძის ჯგუფში და იქ განვაგრძე სწავლა.

-მსახიობობა საკმაოდ რთული პროფესიაა. არასოდეს გიფიქრიათ სხვა სფეროშიც მოგესინჯათ ძალები?

-ამაზე არასოდეს მიფიქრია. არიან ადამიანები, რომლებიც მოღვაწეობენ თავიანთ სფეროში და პარალელურად, ზიდავენ ტვირთს ან ასრულებენ რაიმე მსგავს სამუშაოს. იგივე შეიძლება მეც მქონდეს გაკეთებული, მაგრამ ელემენტარული საარსებო წყაროსთვის, რათა მთავარი მიზნისთვის მიმეღწია. ვფიქრობ, შეუძლებელია ერთდროულად იყო მსახიობი და ექიმი ან ამავდროულად, რომელიმე კომპანიაში მუშაობდე. ვფიქრობ, მსახიობობა და სხვა რომელიმე საქმე ერთდროულად ნაკლებად გამოდის ხარისხიანი, თუმცა, ეს ისეთი პროფესიაა, რომ ვინც მინდა ის გავხდები, ოღონდ ეს პირობითად, რა თქმა უნდა.

-თქვენი სამსახიობო კარიერის დიდი ნაწილი უკავშირდება ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრს. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს პერიოდი თქვენთვის?

– ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ზუსტად აქ გამიძლიერდა სიყვარული ჩემი პროფესიისადმი, სწორედ აქ ვისწავლე ბევრი რამ იმისთვის, რომ ცხოვრებაში ვიბრძოლო. ამ თეატრს ვადარებ ბავშვობისდროინდელ, ბებიის თბილ კერას, რომელიც ყოველთვის ყველაზე ტკბილ მოგონებად რჩება ადამიანის გონებაში. ამ თეატრმა უდიდესი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში თავისი დასით, რეჟისორებით და იგი დღესაც ჩემი გულისა და სულის ნაწილია. სადაც უნდა ვიმოღვაწეო, ჩემი თეატრი ყოველთვის მეყვარება და მემახსოვრება.

-ფოთში აშენდა თეატრის ახალი შენობა. თქვენი აზრით, შეუწყობს თუ არა ხელს იგი ქალაქში სამსახიობო ხელოვნების განვითარებასა და თეატრის დასის წარმატებას?

-რა თქმა უნდა. ეს სახელმწიფო თეატრია და უდიდესი სტიმულია მსახიობთათვის, იგი მოითხოვს ახალ, ნიჭიერ თაობას და ასევე, ძველი თაობის გაფრთხილებას. ფოთის თეატრი მუდამ დიდი ისტორიით გამოირჩეოდა და ამიტომაც იგი შეიტანს წვლილს ქართულ ხელოვნებაში, თუმცა, მე მაინც ყოველთვის ვამბობ, რომ მხოლოდ შენობა არ არის მთავარი! თუ მონდომებულია დასი, თეატრი ყველგან გამოვა – დიდ შენობაშიც და უბრალო სარდაფშიც.

-ამჟამად მოღვაწეობთ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. აქ დადგმულ რომელ სპექტაკლს გამოარჩევდით?

-ასე ადვილად ვერ გეტყვით, თუმცა, მინდა აღვნიშნო 2013 წელს დადგმული ,,მოცარტი და სალიერი“, რომელშიც ვმონაწილეობდი. ამჟამად ვმუშაობთ სპექტაკლზე ,,კრამერი კრამერის წინააღმდეგ“, ეს ჩემთვის დიდი პატივია, რადგანაც ვთამაშობ მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრებთან ერთად. საერთოდ არ ვარჩევ სპექტაკლებს, რადგან თითოეული მათგანი და ზოგადად, ის ყველაფერი, რის გამოც ბევრი გვიწვალია, ოფლი დაგვიღვრია და ღამეები გვითენებია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ძალიან მიყვარს. მარჯანიშვილის თეატრში დარჩენა კი ჩემი ერთ-ერთი მიზანია.

-მონაწილეობა გაქვთ მიღებული როგორც ძალიან ბევრ სპექტაკლში, ასევე რამდენიმე საკმაოდ ცნობილ ფილმშიც. ერთ-ერთი იყო ,,კომა“, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თქვენ რა მოლოდინი გქონდათ ამ ფილმისგან და გამართლდა თუ არა ეს მოლოდინი?

-ფილმი ,,კომა“, რომელიც კინო-თეატრებში გადიოდა დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს კარიერაში, რადგან აქ შევასრულე ერთ-ერთი მთავარი როლი. იგი მხოლოდ ციხის კადრებს არ ასახავს, მე უფრო ვიტყოდი, რომ ამ ფილმით გაკეთდა ჩვენი რეალობის, დღევანდელობის ,,კოქტეილი“, აქ 90-იანებსაც აღმოაჩენ და მომავალზეც დაფიქრდები. ფილმი საკმაოდ წარმატებული გამოვიდა. რაც შეეხება ჩემს შესრულებას, მასზე ისეთმა პიროვნებებმა გააკეთეს კომენტარი, რომელთაც წლების წინ აღტაცებული შევყურებდი და მათთან ერთად თამაშზეც დიდი ხანია ვოცნებობდი. ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა შემმატა. როდესაც ასეთი ხალხი გეტყვის. ,,კარგია“, ეს გაშინებს ადამიანს, რადგან ხვალ ან ზეგ ქება უფრო უნდა გაამართლო და მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინო შენს საქმეში.

-რაიმე სერიოზული შემოთავაზების შემთხვევაში წახვიდოდით თუ არა საზღვარგარეთ და დარჩებოდით თუ არა იქ კარიერის გასაგრძელებლად?

– გავაგრძელებდი, თუმცა სამუდამოდ არ დავრჩებოდი. გარკვეული დროის განმავლობაში წავიდოდი, მაგრამ ისე დავაბალანსებდი, რომ მოვახერხებდი ჩამოსვლას ჩვენს ქვეყანაშიც. მსგავსი სიტუაცია უცხო არ არის ჩემთვის, ერთ დღეს შეიძლება ერთ ქალაქში ვიყო, მეორე დღეს-მეორეში, ასე ვთქვათ, ფიგაროსავით ვარ.

-კინოსა და თეატრს შორის არჩევანის შემთხვევაში, რომელს მიანიჭებდით უპირატესობას?

-არ მივიღებდი მონაწილეობას მსგავს არჩევანში. ეს არ შემიძლია, რადგან ორივე ძალიან მიყვარს. არ ვეთანხმები, როცა ამბობენ, თეატრის მსახიობმა კინოში შეიძლება ვერ ივარგოსო. მოვიყვან ჰოლივუდის ვარსკვლავების მაგალითს: ენტონი ჰოფკინსი, მერილ სტრიპი, ალ პაჩინო-თავდაპირველად ყველა თეატრში თამაშობდა, რადგან ეს არის მსახიობისთვის ერთგვარი მუდმივად ფორმაში ყოფნის საშუალება. კინოს აქვს დიდი პაუზა, კინოდან კინომდე შესაძლოა უქმად იყო, თეატრში კი ასე არ ხდება, თან პროცესიც განსხვავებულია: თეატრში უშუალო შეხება გაქვს ნებისმიერ მსახიობთან, ვისთან ერთადაც თამაშობ, კინოში კი ყველას სხვადასხვა დღე აქვს თავისი ეპიზოდის გადასაღებად და, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ რომელიმე მსახიობს ვერც შეხვდე ფილმზე მუშაობის პერიოდში.

-როგორ შეაფასებდით თანამედროვე ქართველი რეჟისორების შემოქმედებასა და ზოგადად, თანამედროვე ქართულ კინოს?

– მინდა აღვნიშნო, რომ გამოჩნდნენ ძალიან ნიჭიერი ადამიანები, რომელთაც სჭირდება მხარდაჭერა და გვერდით დგომა სახელმწიფოს მხრიდანაც. მე გამოვარჩებდი რუსა ჭყონიას, აჩი ქავთარაძეს, ნანა ექვთიმიშვილს, ლევან კოღუაშვილს, გიორგი ოვაშვილს. ახლანდელ თაობას არ უნდა უკვირდეს, რომ დღეს შესაძლოა, მაგარი ფილმი გადაიღონ საქართველოში, რადგანაც ჩვენ კინოინდუსტრიაში საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს. დღევანდელი კინოხელოვნების განვითარებას კი ხელი უნდა შეეწყოს სკოლებსა თუ სხვა სასწავლო დაწესებულებებში ხელოვნების შესწავლით.

-თავად თუ წარმოგიდგენიათ თავი რეჟისორის ამპლუაში?

-არა. მურმან ჯინორია გვასწავლიდა: ,,მსახიობი თავისი თავის რეჟისორიც უნდა იყოსო“, მაგრამ ამჟამად, უახლოეს მომავალში არ ვგეგმავ რეჟისორის ამპლუის მორგებას, თუმცა როდესმე შეიძლება კიდეც მოხდეს მსგავსი რამ.

-თავად თუ გყავთ მისაბაძი მსახიობი?

– მისაბაძი, სიმართლე გითხრათ, არ მყავს, თუმცა ნამდვილად მომწონს ყველა კარგი,ძლიერი და ნიჭიერი მსახიობი, ძალიან ვაფასებ მათ.

-საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვთ. როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

– ჩემი დასვენება არის ჩემი საქმე. რა თქმა უნდა, დაღლაც შეიძლება თან ახლდეს ამ ყველაფერს, მაგრამ ეს, უმეტესად, სასიამოვნოც კია ჩემთვის.

-როგორ უთავსებთ ერთმანეთს კარიერასა და პირად ცხოვრებას?

– ეს ყველაფერი იმდენად პირადი გახდა ჩემთვის, რომ უკვე აღარც მაქვს გამორჩეული კარიერა და პირადი ცხოვრება. მთელი ჩემი აწმყო, მთელი ჩემი ბედნიერებაც და უბედურებაც აქ მგონია.

-ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევა, როდესაც სამსახურის გამო საყვარელი ადამიანისთვის ნაკლები ყურადღება დაგითმიათ?

-არა, პირიქით, ყოველთვის ვცდილობდი, თუ რეჟისორი ნებას მომცემდა, მიმეყვანა რეპეტიციაზე. ყურადღებას ნამდვილად არ მოვაკლებ საყვარელ ადამიანს. იმან, ვინც ჩემთან იქნება, ძალიან კარგად უნდა იცოდეს ჩემი სამსახურის ,,შიდა სამზარეულო“ , ანუ ის, თუ რა ხდება აქ პრემიერამდე.

– გაქვთ თუ არა რაიმე წესი, რომელსაც ყოველთვის აკეთებთ სცენაზე გასვლის წინ?

-სულ თან დამაქვს ხატი. სცენაზე გასვლამდე ყოველთვის საგრიმიოროში დავაბრძანებ, პირჯვარს გადავისახავ და შემდეგ გავდივარ სცენაზე, ეს ხატი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. სპექტაკლის დასრულებისას ხელს ვადებ სცენას, ასე ვთქვათ, კოცნას ვუგზავნი მას.

-როგორი გრძნობაა თქვენთვის, იდგეთ სცენაზე და აპლოდისმენტებით გაჯილდოვებდეს უმრავი ადამიანი?

-ეს ყველაფერს გავიწყებს. ზოგჯერ მეუბნებიან ხოლმე: ,,ხელს გიქნევდით, ვერ დაგვინახე?“ და ა.შ. მაგრამ მე ვერავის ვხედავ, სცენაზე როცა ვდგავარ. ასე ვთქვათ, იმწამს ვარ სხვაგან, იქ, სადაც მადლობას ვეუბნები ღმერთს. არავინ და არაფერი მახსოვს იმ მომენტში.

– გაქვთ თუ არა საოცნებო როლი?

-საოცნებო როლი მართლა არ მაქვს. ნებისმიერი პატარა როლიც კი ჩემთვის ძვირფასია. სხვათა შორის, რეჟისორებს აქვთ სნაიპერის ფუნქცია: სწორედ იმ პერსონაჟის როლზე დაგამტკიცებენ, რომელიც, ხვდები, რომ ზუსტად შენზეა მორგებული. ამიტომაც ყველა როლი, რომელსაც რეჟისორი შემირჩევს. ერთნაირად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ჩემთვის.

ნინი გვასალია

Comments are closed.