ოთხ. სექ 30th, 2020

20 ივნისს დევნილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ფოთში დევნილთა ახალ დასახლებაში ღონისძიება გაიმართა,

რომლის ორგანიზატორი გახლდათ ასოციაცია “ათინათი” და გაეროს დევნილთა უმაღლესი კომისარიატის ფოთისა და ზუგდიდის ოფისი. კონცერტი-შეჯიბრი ღია ცის ქვეშ მოეწყო,კომბინირებულად ჩატარდა ასფალტზე ხატვა და მხიარული სტარტები სპორტულ მოედანზე, ადგილობრივმა ბავშვთა ანსამბლებმა შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. დევნილებს სიტყვით მიმართა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა ზუგდიდსა და გალში ჯონ მაკისმა. როგორც მან თქვა: მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა “ათინათს”, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, სახალხო დამცველის წარმომადგენლობას, მადლობა დევნილებს, ვინც დღეს აქ გვესწრება, დღევანდელ დღეს ჩვენ ხმას ვაწვდენთ იმ ხალხს, ვინც იძულებულია დატოვონ საკუთარი საცხოვრებელი ადგილები, 250 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა საკუთრება 20 წლის წინ, ამ ხნის მანძლზე ეს ადამიანები გვაჩვენებენ, თუ როგორ გადარჩნენ, ცდილობენ ცხოვრება დაიწყონ თავიდან. სახელმწიფოს დიდი მადლობა, რომ მისცა მათ საცხოვრებელი ფართები, თუმცა ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, ჯერ კიდევ არიან დევნილები, რომლებიც ცდილობენ მიიღონ საცხოვრებელი , ჯერაც რჩებიან დანგრეულ შენობებში. “იუენ ეიჩ ი არი” იმიტომ არის აქ რომ დაგეხმაროთ და მსოფლიოს მივაწვდინოთ თქვენი ხმა. “

დევნილებს მიმართა ასევე ასოციაცია “ათინათის” გამგეობის თავმჯდომარემ გია ხასიამ: “გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ეს შეხვედრა ჩატარებულიყო ფოთში ჩემთვის იყო ძალიან სასიამოვნო, პირველი აქ რაც დავინახე, არის სლოგანი “აფხაზეთი ჩემი მზეა”, ეს არის გამოხატულება იმისა, რომ ჩვენი მომავალი არის იქ და ეს მზე აუცილებლად გაანათებს ჩვენს მომავალ თაობას.”

“გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის” წარმომადგენელმა ნინო ქაჯაიამ ისაუბრა დევნილთა პრობლემებზე: “ ქვეყნაში 280 ათასზე მეტი დევნილი ცხოვრობს, ჩვენ ვისმენთ და ვიწერთ მათ ისტორიებს, მათი ბედი ხშირად  ტრაგიკულია, ჩვენ უკვე გამოვეცით მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე ეს ისტორიები და გავავრცელეთ, თქვენ ალბათ იტყვით, მერე ჩვენ ამით რაო, ამით ჩვენ ვცდილობთ მივაწვდინოთ ხმა საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებს, რომ თქვენი ცხოვრება ცოტათი მაინც შევცვალოთ უკეთესობისკენ, რომ ყველა დევნილმა იცხოვროს ღირსეულად, უკეთეს პირობებში.”

კონცერტზე სიმღერები შეასრულეს ფოთის სახელოვნებო სასწავლებლის ხალხურ საკრავთა ანსაბლ “პირიმზის” წევრებმა, ასევე ნიჭიერმა პატარა შემსრულებელმა სანდრო ფარცვანიამ. Mმხიარულ სტარტებში მონაწილეობა მიიღეს მარიამ ჯიგანიამ, ნინო ქუხილავამ, საბა თოდუამ, გიორგი დარჯანიამ, ლუკა მორგოშიამ და სხვებმა.

ბავშვებმა – მარი  მანჯავიძემ, ნინო ქარდავამ, თამარ გელენიძემ  და სხვებმა. ასფალტზე აფხაზეთის მზე მოხატეს და გააფერადეს.

ღონისძიების ბოლოს ორგანიზატორები ბავშვებს ნაყინით გაუმასპინძლდნენ და ასევე დაურიგეს სხვადასხვა საჩუქრები.

 

Comments are closed.