ფოთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნა

33665893_1848192365236831_129990621187276800_n

ფოთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილიც შემოუერთდა.

,,მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს მნიშვნელოვანი დღესასწაული . დღეს არის 100 წლის იუბილე, მას შემდეგ რაც საქართველოს რესპუბლიკამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ის სახელმწიფო იდგა ღირებულებებზე, რასაც ერქვა თავისუფლება, პატივს სცემდნენ ევროპულ ღირებულებებს . მინდა ვთქვა , რომ ეს არის ძალიან აქტუალური ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენც სწორედ ამ ღირებულებებზე ვდგავართ . გვაქვს იგივე მიზნები და სტრატეგიული სვლა საქართველოს ევროპასთან დაახლოების კუთხით . ძალიან სასიხარულო და საზეიმო დღეა და შესაბამისად ჩვენი სამინისტრო ამ დღეს აღნიშნავს სხვადასხვა ქალაქში. საინტერესო ექსპოზიცია გვაქვს გამოფენილი ფოთში. აქ მოსულებს საშუალება აქვთ ვირტუალურად დამთვალიერონ დაცული ტერიტორიები, მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნება, ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე“ — განაცხადა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ჩვენი ქალაქი უერთდება იმ საზეიმო განწყობას, რაც მთლიანად ქვეყანაში სუფევს. მართლაც რომ ღირსეულად აღინიშნება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი. სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დღეს. მეც, როგორც თითოეული ქართველი, ვისურვებ, ჩემი ქვეყნის გამთლიანებას და სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობის განმტკიცებას, წინსვლას და უკეთეს ხვალინდელ დღეს. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და უშუალოდ მინისტრს, მათ არაერთი საინტერესო აქტივობა აჩუქეს ჩვენს ქალაქს და გაგვილამაზეს ეს დღე. მოვუწოდებ ყველა თანაქალაქელს, გამოვიდეს ცენტრალურ მოედანზე, რათა ყველამ ერთად ვიზეიმოთ ეს დიდებული დღე“, — განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი იყო ვირტუალური რეალობის სივრცე, სადაც დაცული ტერიტორიების დათვალიერება შეეძლო ღონისძიებაზე მყოფთ. ასევე მოწყობილი იყო ღია კინოთეატრი, სადაც მთელი დღის მანძილზე ბავშვებისათვის ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება მიმდინარეობდა. სადღესასწაულო ღონისძიებაზე მისულ პატარებს სათამაშო ზონაც დახვდათ. ფოთში ასევე მოწყობილი გახლდათ საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნის ისტორიული დერეფანიც.

მინისტრი ჰიდროგრაფიულ სამსახურშიც იმყოფებოდა სადაც გამოფენილი სანავიგაციო რუკები დაათვალიერა და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის კონცერტს დაესწრო.

ფოთში კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები დილიდანვე მიმდინარეობდა. ცენტრალურ მოედანზე სამხედრო ტექნიკა გამოიფინა. ზეიმი გალა -კონცერტით დასრულდა.


კომენტარები სტატიაზე