სამ. სექ 29th, 2020

დღეს ფოთში სახალხო დღესასწაული ,,ფაზისობა“ აღნიშნეს. დილიდანვე მდინარე რიონზე ნიჩბოსნებისა და აფროსნების მიერ მოეწყო საჩვენებელი გამოსვლები. ფაზისობის ღონისძიება ფოთის საკათედრო ტაძარში პალიასტომის ღვთისმშობლის ხატის ჩამობრძანებით დაიწყო. მოეწყო საჯარო სკოლების თეატრალიზებული მსვლელობა- მასკარადი.

საზეიმო მსვლელობა გაიმართა წმინდა ანდრიას სახელწოდების ტაძრიდან ქალაქის ცენტრალური პარკის შესასვლელამდე, რომელშიც საჯარო და კერძო სკოლების, ანსამბლების, სტუდიების, ჯგუფების, სპორტული სკოლების, ჭადრაკის სკოლის, ცხენოსნების, ბაზიერების, კულტურისა და საჯარო სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ნიკო ნიკოლაძის კოშკზე საზეიმოდ გადმოფინეს ფოთის დროშა.

გაიმართა ფერწერული ნამუშევრების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენები. სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლების, სპორტსმენებისა და ბაზიერების მონაწილეობით მოეწყო საჩვენებელი გამოსვლები.

მოხდა მითიური გმირების გაცოცხლება, რაც კოლხეთან და ფაზისთანაა დაკავშირებული. ფაზისობის ღონისძიებაში ჩართული იყო, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მოსწავლეები და მუსიკალური სტუდიების წარმომადგენლები. ფაზისობაზე ასევე დასახელდება ფოთის საპატიო მოქალაქეები. დღის განმავლობაში გაიმართა ადგილობრივი სტუდიების, ჯგუფების, ანსამბლებისა და ინდივინდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი.

სტუმრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  დაათვალიერეს N7 საბავშვო ბაღისა და არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის რეაბილიტირებული შენობები, ასევე ჰიდროგრაფიულ სამსახურში გაიხსნა საკონფერენციო დარბაზიც.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა დასკვნითი კონცერტი თბილისიდან მოწვეული ცნობილი ჯგუფების შესრულებით. ფაზისობის დღესასწაული კი ფეიერვერკით დასრულდა.