ნინო-ჭანტურია-ხარჩილავა – “იქ, სადაც სიყვარულია, აუცილებლადაა წარმატებაც…”

43646121_2199875120282971_2826433933577551872_n

„თუ ადამიანს შინაგანი მშვიდობა არ აქვს, ის მშვიდობის მყოფელი ვერ იქნება, რამე თუ მშვიდობა სულიერი მოვლენაა და არა გარეგნული, მოჩვენებითი“. ეს სიტყვები ჩვენი რუბრიკის სტუმარს, ექიმ ნინო ჭანტურია-ხარჩილავას ეკუთვნის. მას გააჩნია ყველა ის ღირსება, რაც ნამდვილ ქალბატონს და პირველ რიგში ადამიანს უნდა ახასიათებდეს. ჩვენი სტუმარი ძალიან საინტერესო, დახვეწილი, გემოვნებიანი, მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეული ქალბატონი გახლავთ.

— სამხურეობრივი მიღწევები

— იყო ექიმი- ნიშნავს ბევრს. მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი პროფესიაა, განსაკუთრებით პედიატრია. ბავშვებისადმი განსაკუთრებული სიყვარული მათზე ზრუნვის ხარისხს განსაზღვრავს, რადგან არაფერია ბავშვურ თვალებზე სუფთა, გულწრფელი და მათ კარგად ყოფნაზე ღირებული. ბავშვებზე ზრუნვა მთელი ჩემი ცხოვრება, ყოველდღიურობა და საქმე გახლავთ. პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელობაც უდიდესი მისიაა. გუნდური მუშაობის პრინციპი მედიცინაში მნიშვნელოვანია, რადგან უამრავი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა გვიწევს. ბევრი პაციენტის სიცოცხლე „გამოგვიგლეჯია“ სიკვდილის კლანჭებიდან და ვერ აღგიწერთ, სიტყვებით ვერ გამოვთქვამ იმ უდიდეს სიხარულს, რაც ამ დროს გვეუფლება. ამაზე დიდი მიღწევა არ არსებობს. პროფესიის დაუფლებისას გამიმართლა, რომ ჩემი პედაგოგები იყვნენ მედიცინის კორიფეები — მ. გელოვანი, ს. კვაჭაძე, ე. სიჭინავა, ნ. ხერხეულიძე, ი. ციციშვილი, ი. კვიტატიშვილი, ა. კვეზერელი-კოპაძე, გ. ჟვანია- მაისაია და ა.შ. ფოთშიც უნიჭიერესი პედიატრები მოღვაწეობდნენ მაშინ — უნა კვანტალიანი, ელზა ჟვანია, მათთან მუშაობა იყო მთელი აკადემია.

წლების განმავლობაში არაერთი სამადლობელი წერილი თუ სატელეფონო ზარი მივიღე, როგორც მადლიერი პაციენტების, ისე ჯანდაცვის სამინისტროდან. იმაზე დიდი მიღწევა რა უნდა იყოს, როდესაც გიკავშირდებიან პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტიდან და უღრმეს მადლობას გიხდიან პროფესიული საქმიანობისთვის.

— წარმატებისკენ მიმავალი გზა

— სანამ წარმატების შესახებ დავიწყებ საუბარს, მინდა ჩემს მშობლებზე ვისაუბრო, რადგან ჩემი წარმატება მათ უკავშირდება და მათ გარეშე ის ვერ ვიქნებოდი, რაც დღეს ვარ. რადგან ეს გზა სწორედ მათგან იწყება, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი შვილების ცხოვრებაში. ჩვენ ოთხი დედმამიშვილი გაგვზარდეს. დედა პედაგოგი იყო, რომელიც მუდმივად ზრუნავდა ჩვენს განათლებაზე, მამა — იურისტი, აგრონომი, რომელიც დაუღალავად ზრუნავდა არამარტო ოჯახზე, არამედ ქვეყანაზე. იგი საოცრად რაფინირებული, ინტელიგენტი, კაცთმოყვარე, მორწმუნე ქრისტიანი გახლდათ — პატრიარქის სიგელის მატარებელი, უამრავი მედლისა და ღირსების ორდენის კავალერი. ყოველთვის მახსოვს მამის სიტყვები, ცნობილი ქართული გამოთქმები- „გახსოვდეთ, ვისი გორისა ხართ და ნუ დაგავიწყდებათ, ხის სიმაღლე ფესვებიდან იწყება“. წარმატებისკენ მიმავალი ნაბიჯები სკოლის მერხიდან იწყება, წარჩინებით დავამთავრე თბილისის მეორე სამედიცინო სასწავლებელი, სამედიცინო ინსტიტუტი, სუბორდინატურა, ინტერნატურა, ყოველივე ეს მარტივი არ იყო — უდიდეს სირთულეებთან გახლდათ დაკავშირებული, რასაც თავდაუზოგავი შრომით მივაღწიე. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა, სადაც დღემდე ვმუშაობ.

— განვლილი გზა…

— მიმაჩნია, რომ კარიერული მიღწევების თვალსაზრისით, დროს ყოველთვის მოაქვს სიახლეები. ცივილიზაცია აახლებს და აუმჯობესებს ძველს. ამიტომ ერთ ადგილზე დგომით და სიახლეების მიუღებლობით წინ ვერ წავიდოდი. ამდენად, მუშაობასთან ერთად ვიღებდი ახალ ცოდნას, ვმონაწილეობდი ტრენინგებში, კონფერენციებში, გავიარე კვალიფიკაცია, მოვიპოვე ლიცენზია, ვმონაწილეობდი ასევე, საერთაშორისო კონგრესებში საქართველოში და უცხოეთშიც — საფრანგეთი, სინგაპური, მოსკოვი, ლენინგრადი და სხვა ქვეყნებში. ვაგზავნიდი და ვაქვეყნებდი ნაშრომებს საზღვარგარეთ კონგრესებზე და სამედიცინო ჟურნალებში, მაქვს 65 ნაშრომი, მათ შორის 13 საერთაშორისო 1 ხარისხის. ვარ 4 მონოგრაფიის და 2 წიგნის ავტორი. მიზნად დავისახე დამეცვა დისერტაცია, რომელიც 10 წლიან სამედიცინო მუშაობის სტაჟს მოითხოვდა.
2002 წელს გავხდი საქართველოს პედიატრთა ასოციაციის წევრი და იმავე წელს სამეგრელოს პედიატრთა ასოციაციის თავმჯდომარე, 2002 წელს დასავლეთ ქვეყნების ალერგოლოგია-იმუნოლოგიის ასოციაციის ნამდვილი წევრი, 2005 წელს საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრი და ფოთის რეგიონული თავმჯდომარე. 2005 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია, მომენიჭა მ.მ კანდიდატის ხარისხი. 2006 წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია და მომენიჭა მ.მ დოქტორის ხარისხი. 2007 წელს ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი გავხდი. 2012 წელს სამედიცინო სფეროში ჩატარებული საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობისთვის დამაჯილდოვეს ღირსების ორდენით. 2013 წელს საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-3 საერთაშორისო კონგრესზე ბათუმში კონგრესის ორგანიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დამაჯილდოვეს უმაღლესი ხარისხის სიგელით. 2015 წლიდან ვარ საქველმოქმედო ფონდ „ევექსელის“ წევრი, 2016 წელს გადმომეცა სერთიფიკატი „ევექსელის ფონდში“ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის.

— ოჯახი და კარიერა…

— ოჯახი უდიდესი ფენომენია. რომ არა ოჯახის თანადგომა და ხელშეწყობა, ვერ მივაღწევდი დასახულ მიზანს, რაც ასე მაბედნიერებს. ბედნიერება მჭიდროდაა დაკავშირებული ცოლ-ქმრულ ყოფასთან. მამა ერმო ლაოსი ამბობს: „თავგანწირული სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის პრეროგატივაა. სწორედ ამ თვისებით ვლინდება მასში ღვთის სახელი და ხატება“. ჩემს გვერდითაა ამ ხატების სახით ჩემი მეორე ნახევარი, ცხოვრების თანამგზავრი, უსაყვარლესი მეუღლე გიზო ხარჩილავა. ის ჩემთვის ხორცშესხმული მფარველი ანგელოზია, მისთვის არ არსებობს სიტყვა “არა” ან “არ შემიძლია”, “ვერ გავაკეთებ”. შეუძლებელს შეძლებს, უსიტყვოდ ხვდება ჩემს ჩანაფიქრს, რომელსაც აუცილებლად შემისრულებს. ოჯახი პატარამ შევქმენი, 17 წლისა გახლდით. სწორედ მეუღლის თანადგომით და ხელშეწყობით გავაგრძელე სწავლა, რისთვისაც ძალზედ მადლიერნი იყვნენ ჩემი მშობლებიც. გვყავს ორი ვაჟი –ოთარი და თორნიკე. . ოთარს ყავს ულამაზესი, უჭკვიანესი მეუღლე და ჩვენი ცხოვრების გვირგვინი ანგელოზი პატარა ნინო. აი, ასეთი სიყვარულით მოვდივართ დღემდე. სიყვარულის მთავარი იარაღი ორი სასწაულმოქმედი სიტყვაა: „მაპატიე“, „მადლობა“. არაფერი ასულდგმულებს ამ გრძნობას ისე, როგორც მიტევება და მადლიერება. თქვენი გაზეთის მეშვეობით კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩემს უსაყვარლეს მეუღლეს — გიზო, მადლობა ყოველი წამისთვის, მადლობა უფალს, რომ შენისთანა მეუღლე მომცა. პავლე მოციქული ამბობს: თუ შენ მთელი შენი არსით არ ეკუთვნი შენს მეუღლეს, მაშინ ცოლ-ქმარს შორის ჰარმონია ვერ იქნება. მე ჩემი მეუღლის ცხოვრებით ვიცხოვრე, მთელი ჩემი ცხოვრება ოჯახსა და პროფესიულ საქმიანობას მივუძღვენი. ცოლ-ქმრობა სიყვარულის აკადემიაა. ჩვენ ორთავემ წარმატებით ჩავაბარეთ ამ აკადემიაში და უდიდესი სიყვარულით ვაგრძელებთ ცხოვრებას. წელს 6 ოქტომბერს ქორწინების 36 წელი შეგვისრულდა.

— ოცნება, რომელიც ვერ განახორციელეთ..

— ვოცნებობდი საკუთარი კლინიკის გახსნაზე, რისთვისაც თითქმის ყველაფერი მობილიზებული მქონდა. თუმცა, ოჯახზე, ახლობლებზე, ნაცნობ- უცნობებზე ზრუნვამ ჯერჯერობით ეს ოცნება მეორე ადგილზე გადასწია. მწამს, მიზანი არც ისე შორსაა, აუცილებლად განვახორციელებ, ოღონდ თბილისში…

— ცხოვრების თანმდევი ისტორია…

— ჩემს ცხოვრებას მუდმივად თან ახლავს ძალზედ მტკივნეული ისტორია, რომელმაც გაუსაძლისი ტკივილი სამუდამოდ დამიტოვა — ჩემი პირველი სიხარული, პირველი შვილი დავითი, ექიმების სამთვიანი თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, ექვსი თვის ასაკში გარდამეცვალა. არც ერთი წამი არ არსებობს ჩემთვის მის გარეშე, ის მუდამ ჩემთანაა, ჩემს გულში. ყოველი განსაცდელის ჟამს სიზმრად მევლინება და მიცავს უბედურებისგან. მას შევფიცე, ვემსახურო ყველა პაციენტს მანამ, სანამ ცოცხალი ვარ, რასაც უფლის შეწევნით, პირნათლად ვასრულებ.

— თქვენ წლების შემდეგ…

— ალბათ, ისევ სამედიცინო სფეროში, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. შეიძლება ცვლილებებიც განვახორციელო სულ სხვა რაკურსით. რის გაკეთებას ვგეგმავ, მოდით საიდუმლოდ დავტოვოთ. თუმცაღა, შემიძლია გითხრათ, გარკვეული წლის შემდეგ ჩემს მეუღლეს ოცნებას ავუსრულებ, დავასრულებ ჩემს კარიერას და მუდამ მის გვერდით ვიქნები, ოჯახში მოფუსფუსე, ვიმოგზაურებთ ერთად და როგორც თვითონ ამბობს, ერთად დავტოვებთ ამ წუთისოფელს.

— დევიზი, რითაც ხელმძღვანელობთ კარიერულ თუ პირად ცხოვრებაში

— კაცთმოყვარეობა, მორწმუნეობა, მშვიდობისმყოფლობა, კარგი მეგობრობა. თუ ადამიანის შინაგანი მშვიდობა არ აქვს, ის მშვიდობის მყოფელი ვერ იქნება. რამეთუ მშვიდობა სულიერი მოვლენაა და არა გარეგნული, მოჩვენებითი. ადამიანი მუდამ საკუთარ სულში უნდა აწარმოებდეს გამოძიებას, რისი გწამს, როგორ გწამს, რა აზრები გამოძრავებს. რამდენად გულწრელია შენი რწმენა. უფალი გვეუბნება: „კარგად დააკვირდით, სინათლე რომელიც თქვენშია, სიბნელე ხომ არ არისო. ის შეხედულებები, რომელიც ნათელი გგონიათ, შესაძლოა, ბნელი აღმოჩნდესო. ვინაიდან დაბნელებულ გონებაზე უფრო დიდი ბოროტება ცრუ სიმართლით დაბრამავებული გონებააო. ჩვენი ცხოვრება ნაყოფია ჩვენი რწმენისა, ბაგეა სულისა. რაა ისეთი რწმენა, რომელიც მხოლოდ ბაგეებზეა და არა ხელებსა და ქმედებაში. ნუ ვიქნებით ცრუ და მატყუარა, რომელიც სიტყვით ერთს ამბობს, საქმით კი მეორეს აკეთებს. შეუძლებელია ადამიანთა წინაშე დაფარო შენი შინაგანი სამყარო და მითუმეტეს, ვერ შეძლებ უფლის მოტყუებას, რომელიც გულთა მხილავია ყოველთა. იყო კარგი მეუღლე უდიდესი გმირობაა, ისევე როგორც კარგი დედა. მაგრამ იყო ერთგული მეგობარი, ზეადამიანური ამოცანა ადამისი შესრულება მხოლოდ ერთეულებს შეუძლია.

— საყვარელი საქმე, გარდა პროფესიისა..

— ტრაბახში ნუ ჩამითვლით, მაგრამ ძალზედ კარგი დიასახლისი, კულინარი ვარ. ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. დიდი სიამოვნებით ვუსმენ კლასიკურ მუსიკას, როდესაც თავისუფალი დრო მრჩება, რაც ძალზედ იშვიათობაა, ვქარგავ გობელენზე. ჯერ ტილოზე ვხატავ, შემდეგ ვიწყებ ქარგვას, ეს არავისგან მისწავლია, უფლის საჩუქარია. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ვქარგავ წმინდანებს. მოქარგული მაქვს მარიამ ღვთისმშობელი, იესო ქრისტე, წმინდა გიორგი, წმინდა ნინო, სიცოცხლის ხე და ა.შ. ქარგვისას განსაკუთრებით ვგრძნობ უფლის მადლს, რომელიც მამა მაქსიმეს გადმოცემით უხვადაა ჩემში. ასევე, ძალიან მიყვარს ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა. არ არსებობს საქმე, რომელსაც რუდუნებით არ ვეკიდები.

— რჩევა ქალბატონებს…

— ქალი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი უნდა იყოს, რისთვისაც თავდაუზოგავი შრომაა საჭირო. ცხოვრების გზაზე მიმავალმა გარკვეული მიზანი უნდა დაისახო, რომელიც სიცოცხლეზე მეტია. ძვირფასო ქალბატონებო, წარმატების საიდუმლო თქვენშია. დაისახეთ სწორი მიზანი და მოახდინეთ თქვენი თავის რეალიზება საზოგადოებაში. მაცხოვარი ამბობს: „იყავით უმანკონი ვითარცა მტრედნი და გონიერნი ვითარცა გველნი“. და ბოლოს, ჩემო ძვირფასებო, იყავით ბედნიერნი. იქ სადაც ბედნიერებაა, სიყვარულია, ხოლო სადაც სიყვარულია, იქ აუცილებლადაა წარმატებაც.


კომენტარები სტატიაზე