თამარ ფაჩულია: „ მე ეს არჩევანი გავაკეთე და გაამართლა“

18557005_218829145299190_9215104949955691257_n

1972 წელს ფოთში დაიბადა1996 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დამთავრების მერე, 1997 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 2001 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. მუშაობდა ფოთის ტელევიზიაში, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოთის ფილიალის ფილოლოგია-ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი, ლექტორი გახლდათ. კონკურსის წესით შერჩეული სსიპ-ფოთის მრავალდარგოვანი კოლეჯის დირექტორი და თბილისის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის ფოთის ფილიალის ხელმძღვანელი იყო. თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო იურიდიულ-ეკონომიკური პროფილისა და გაძლიერებული უცხო ენების სწავლების სკოლა-გიმნაზია „იეპ-სქულის“ დირექტორად და პედაგოგადაც მუშაობდა. ამჟამად შპს „თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია, მან წარმატებით გადალახა მასწავლებელთა სქემის ფარგლებში გარე დაკვირვება და სექტემბერში მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი:

“რამდენადაც ვიცი, ფოთში გარე დაკვირვება არავის გაუვლია. სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით სულ 18 პედაგოგი იყო დარეგისტრირებული, მათ შორის ფოთიდან გახლდით მე. ეს არის წლევანდელი დიდი წარმატება ჩემთვის და ქალაქისთვისაც. მაქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი, ვარ ერთი მონოგრაფიის ავტორი. მიღებული მაქვს უამრავი მადლობის ფურცელი და სიგელი, სერტიფიკატებზე რომ არაფერი ვთქვა”- სიამაყით აღნიშნა ჩვენთან საუბარში ქალბატონმა თამარმა, როცა მასთან, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ ქალბატონთან სასაუბროდ მივედით:

-წარმატებისკენ მიმავალი ნაბიჯები

-რისი გაკეთებაც გინდა, აუცილებლად უნდა განახორციელო. სხვა გზა არ უნდა არსებობდეს. მინდოდა მესწავლა, განათლება მიმეღო და ამისათვის ვდგამდი გარკვეულ ნაბიჯებს. შემდეგ ეს ნაბიჯები გაიზარდა, ბევრი წინააღმდეგობაც შემხვდა, მაგრამ ჩემი სტრატეგია ამართლებდა. ენთუზიასტი, იდეური უნდა იყო პირველი ნაბიჯების გადადგმისას. ეს გაახლოვებს წარმატებასთან.

-თქვენი წარმატების რეცეპტი..

-რჩევა წმინდა მამებისგან ასეთია: „ყოველთვის იყავი ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხარ. ნუ ითვალთმაქცებ, მხოლოდ წრფელი დამოკიდებულებით თუ მიაღწევ წარმატებას ყველა საქმეში“. ამდენად, ყველგან და მუდამ უნდა იყო ის, რაც ხარ ნამდვილად. თუ გიყვარს შრომა, იშრომე, იშრომე და კვლავ იშრომე. ეს აუცილებლად მიგიყვანს წარმატებასთან. სხვა რეცეპტი არ ვიცი.

— სახელმძღვანელო დევიზი, პირად თუ კარიერულ ცხოვრებაში…

-ზომიერება და არა რადიკალურობა, საკუთარი თავის შეგრძნების უნარი და მისი მოკრძალებულად წარმოჩენა. ჩემი პირადი კონსტიტუცია მაქვს შემუშავებული: 1. მატყუარობა პატივისცემას არ იმსახურებს! 2. შრომით შეიძლება წარმატების მიღწევა! 3. დავეხმარო სხვებს, როგორც შემიძლია! 4. პირნათლად შევასრულო დანაპირები! 5. არ გავექცე პრობლემებს! ეს არის ჩემი სტანდარტი, რომელსაც ვემორჩილები, რომლითაც ვხელმძღვანელობ, როგორც პირად, ასევე კარიერულ ცხოვრებაში.

— მოგიწიათ თუ არა არჩევანის გაკეთება ოჯახსა და კარიერას შორის.

-ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, შეიძლება ითქვას, ფიზიოლოგიურად მოუმწიფებელიც, როცა ოჯახი შევქმენი. გამოუცდელობის ფაქტორიც მოქმედებდა, თუმცა მიზანი თავიდანვე განსაზღვრული მქონდა: მხოლოდ დაოჯახებით ჩემი ცხოვრება ვერ შემოიფარგლებოდა. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ახალ ოჯახში არ მქონდა მხარდაჭერა ჩემი მიზნის მისაღწევად, ამიტომ ამ საკითხში აღმოვჩნდი შეუვალი და, რასაკვირველია, არჩევანი გავაკეთე განვითარებისკენ, წინსვლისკენ, წარმატებისკენ. განა ეს ცუდია? მით უმეტეს, როცა ამის პოტენციალი მქონდა. დღეს ბევრი ფასადური ოჯახია, სადაც ერთმანეთის არ ესმით და არ ვითარდებიან. ვფიქრობ, ყველა ნორმალური ადამიანის სწრაფვა და სურვილი უნდა იყოს განათლება, თვითგანვითარებაზე ზრუნვა. მე სწორედ ასეთი არჩევანი გავაკეთე და გაამართლა კიდეც.

— გზა რომელიც დღემდე გაიარეთ…

-რთული გზაა. რამდენი გითხრათ? 15 წლის ასაკში დაოჯახება, 16 წლის ასაკში დედობა, პარალელურად სწავლა, ღამის თევა, უსამართლობა, უამრავ სიტუაციასა და ადამიანთან შეჯახება, მართალი და თავისუფალი ადამიანების პოვნა და მათთან გვერდით დგომა. ძალების პოვნა საკუთარ თავში, დამოუკიდებლად ცხოვრების გაგრძელება, ბევრი გამოცდა (პროფესიული და ცხოვრებისეული), სიძნელეების გადალახვა, შური, მტრობა, სიავე, გულისტკენა, ამას დაემატა დიდი იმედისა და ნუგეშის მომცემი ადამიანის — დედის გარდაცვალება, ოჯახზე ზრუნვა, სწავლის დაწყებიდან დღემდე უწყვეტი განათლების რეჟიმში ყოფნა, ამას მოწმობს უამრავი ტრენინგი, კონფერენცია და თვითგანვითარებისათვის გადადგმული თითოეული ნაბიჯი.

-მუდამ თქვენი თანმხლები ისტორია…

-პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართვა, რის გამოც პრობლემები მომემატა. იმის განცდა, რომ თურმე პოლიტიკაში ფული, კაპიტალი დომინირებს. სამწუხაროდ, ფული კარნახობს პოლიტიკას. დღეს ფულიანი ხალხი ცდილობს პოლიტიკოსები ამუშონ თავიანთ ფულზე. ბეწვის ხიდზე გასვლა — ეს იყო ისტორია. ასევე ე.წ. „გიდროს“ შენობის პერმანენტული ნგრევა. ის არის ჩვენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა და თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, ვუპატრონოთ და ვიზრუნოთ მასზე. ის არ უნდა გაიყიდოს და ქალაქმა უნდა უზრუნველყოს მისი მშენებლობა, არ შეიძლება მისი გაყიდვა, როგორც კულუარულად საუბრობენ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მე დღემდე მის დირექტორად ვითვლები. ესეც თანმდევი ისტორიაა.

-დღემდე განუხორციელებელი ოცნება…

— საკმაოდ ბანალური და ამავე დროს გულის ამაჩუყებლად ადამიანურია — ჩემს გვერდით არსებობდეს ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემს ყველა დარდსა და სიხარულს გაიზიარებს.

— სად ხედავთ თქვენს თავს წლების შემდეგ..

-გააჩნია რამდენი წლის შემდეგ. მაგალითად, საპენსიო ასაკში? ამდენი შრომის შემდეგ დავისვენებდი (იღიმება). მგონი, არ უნდა იყოს ცუდი. პირიქით, სასიამოვნოც იქნება, მაგრამ ზუსტად მაინც ვერ გეტყვით, არ შემიძლია ამის თქმა. ვფიქრობ, სადაც საჭირო იქნება ჩემი ყოფნა, იქ უნდა ვიყო, რატომ უნდა ვთქვა უარი, აბა, მითხარით? ვისთვისაც და რისთვისაც ვიქნები აუცილებელი, იქ ვიქნები. ისე, ბევრ რამეზე არ მიფიქრია და ისე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ამდენად, წინასწარ რა გითხრათ, წინასწარმეტყველი არ ვარ, რომ გამოვიცნო ჩემი თავი წლების შემდეგ?

-საყვარელი საქმე…

-მიღწეულით არ ვკმაყოფილდები, თვითკმაყოფილება ცუდი რამაა. არ მაქვს უფლება, უყურადღებო ვიყო. პავლე მოციქული ბრძანებს: „ყველაფერი სიყვარულით იწყება“. მართლაც, ყველა საქმეს დიდი სიყვარული ჭირდება. ეს საშუალებას გაძლევს, დაწყებული საქმე კარგად დაასრულო. საყვარელი საქმეა ის, რასაც დღეს ვაკეთებ, თუმცა, ახალი წამოწყებებიც მაქვს ჩაფიქრებული. თუ შენი საქმე არ გიყვარს, დღენიადაგ შემოქმედებითად არ ეძიებ, არ იჩხრიკები და არ პოულობ პასუხებს მოულოდნელად გაჩენილ კითხვებზე, საყვარელ საქმეს ვერ შესწვდები. თუ არ არის დიდი გატაცება, თავგადაკლული ძიება, ნებისმიერი საქმიანობისგან მოსაწყენ ყოველდღიურობას მიიღებ. ასე რომ, საყვარელი საქმე ჩემთვის დიდი ნუგეში და სალბუნია. იგი ისეთ იმპულსებს მაძლევს, როგორსაც არანაირი სხვა წამალი ამ ქვეყანაზე.

-რჩევა ქალებს…

-რა ვითარებაც უნდა შეიქმნას, უკეთესი თუ უარესი, უამრავ მოულოდნელობას ყველა ქალი ღირსეულად უნდა შეხვდეს, რადგან არავინ იცის, რას უფრო ბევრი სიცოცხლე შეუწირავს — დიდ სიხარულს თუ დიდ ტკივილს. ზოგჯერ ტკივილიც აუცილებელი ფენომენია, რომელიც ბუნებაში ისეთ რაღაცას წარმოაჩენს და გაჩვენებს, რომლის შესახებაც მხოლოდ უზენაესმა იცის. დიდი გლოვა გამოიხატება არა იმაში, როგორ ტირი, არამედ — რამდენად გულწრფელია ცრემლები. ქალი დიდ ჭაპანს ეწევა, აჭმევს, აცმევს ოჯახის წევრებს (ხშირად ქმარსაც), ამიტომ მათ უნდა იბრძოლონ საკუთარ უფლებათა გასაფართოებლად. მათი მიზანი უნდა იყოს ცხოვრების წესის შეცვლა უკეთესობისაკენ! შეცვალონ თავიანთი ცხოვრება!


კომენტარები სტატიაზე