იზოლდა ლოლუა: ,,რაც უფრო მშრომელია ადამიანი, მით უფრო წარმატებული და რეალიზებულია”

30184459_584075025303458_380858705_n

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი მხატვარ -ფერმწერი, პედაგოგი და მრავალმხრივ ნიჭიერი ქალბატონი იზოლდა ლოლუა გახლავთ. დაიბადა ფოთში, რვა კლასი ქალაქის მეორე საჯარო სკოლაში დაამთავრა და შემდეგ ბათუმში გააგრძელა სწავლა. როგორც იხსენებს, ძალიან მოუსვენარი, ანცი გოგონა იყო. მუდამ ბიჭებთან ერთად თამაშობდა, თევზაობდა, ხშირად კატერითაც სეირნობდა პალიასტომზე. სპორტული მონაცემებით გამოირჩეოდა, დადიოდა ტანვარჯიშზე, მერე გადაინაცვლა ხელბურთში, სადაც პედაგოგი დარეჯან გეფერიძე იყო. კაპარჭინის პირას გაიზარდა. შესაძლოა, ამანაც მოახდინა გავლენა მის მხატვრად ჩამოყალიბებაში: “ რა თქმა უნდა, ხატვის ნიჭი ღვთითბოძებულია, მაგრამ განმაპირობებელი ფაქტორი მაინც გარემოა, სადაც გავიზარდე. ულამაზეს პეიზაჟებს ბავშვობიდან ვუყურებდი. კაპარჭინა, პალიასტომი ეს ხომ ამოუწურავი და თვალისმომჭრელი სილამაზეა ნებისმიერი ადამიანისათვის, განსაკუთრებით ხელოვანისთვის. ალბათ ამანაც განაპირობა ბუნებისადმი უსაზღვრო სიყვარული, რაც შემდგომ შემოქმედებაში გადავიდა”.

მიუხედავად იმისა, რომ მის ცხოვრებაში ტრაგიკული შემთხვევები ბევრჯერ იყო, ყოველთვის ყოფნის ძალა გაიცინოს და ცხოვრება გააგრძელოს:

-ოტია ჯაიანის სახელობის სამხატვრო სკოლა დავამთავრე 1976 წელს და წავედი ბათუმის სასწავლებელში. იქ მოხვედრა ძალიან ძნელი იყო, მაგრამ მე ეს შევძელი. ბათუმის სასწავლებელი წარმატებით დავასრულე. ხატვა- ხაზვის სპეციალისტი ვარ. შემდეგ, აკადემიაში ვერ ჩავაბარე და რადგან არ მინდოდა უმაღლესი განათლების გარეშე დავრჩენილიყავი, დავამთავრე ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მე და ჩემი მეგობარი წავედით კიევში სამხატვრო აკადემიაში, სადაც სამი გამოცდა წარმატებით გავიარე, მაგრამ იქედანაც მომიწია წამოსვლა — დედა ვერ დავტოვე მარტო. ბათუმში ვმუშაობდი სამი წლის განმავლობაში მხატვარ-რეკლამისტად, ასევე ფოთში სარეკლამო სახელოსნოში 1980-1987 წლებში. ამჟამად ვმუშაობ სახელოვნებო ცენტრთან არსებულ საგამოფენო დარბაზში მთავარ სპეციალისტად, პარალელურად, ამავე დაწესებულების სამხატვრო სკოლაში პედაგოგად, ვასწავლი ხატვა-ფერწერა-კომპოზიციას. მხატვართა კავშირის წევრი ვარ 1987 წლიდან, ამჟამად ახალი მხატვართა კავშირია შექმნილი, რისი წევრიც ვარ. 5 წლის წინ, ზაფხულში, სამი თვით ანტალიაში ვიყავი წასული, სადაც ვმუშაობდი ჩემი პროფესიით. ღია საგამოფენო სახელოსნოში ვხატავდი ქსოვილებზე, ბატიკაზე და წარმატებითაც იყიდებოდა ჩემი ნამუშევრები საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში გაჰქონდათ. 1980 წლიდან დღემდე ვასწავლი საჯარო სკოლებში — ჯერ მეორე საჯარო სკოლასა და ამჟამად 12-ე საჯარო სკოლაში.

-წარმატებისკენ მიმავალი ნაბიჯები…

-წარმატება ჩემს ცხოვრებაში მუდამ იყო. ხატვაში ძლიერი ვიყავი, რაც უძლიერესი ფერმწერის ზაურ ცხადაიას დამსახურებაა. İიგი ამჟამად პეტერბურგში მოღვაწეობს. იმდენად დიდი და ძლიერი პედაგოგი იყო, შემაყვარა ფერწერა და სხვაგან ვერ ვახერხებ გახედვას. ფერწერა უდიდეს დროს საჭიროებს. ამიტომ მთელი ცხოვრება მას ვერ დავუთმე — ოჯახური მდგომარეობა ამის საშუალებას არ მაძლევდა. ყოველთვის ვმუშაობ საკუთარ თავზე. ვსწავლობ, რათა დროსა და გარემოს არ ჩამოვრჩე, ვაგროვებ კრედიტებს, ჩაბარებული მაქვს გამოცდები. ყოველ წელს მაქვს წლის მასწავლებლის ტიტული, უამრავი სიგელიც გამაჩნია. ვთვლი, რომ ადამიანი, კერძოდ პედაგოგი, წარმატებულია, როდესაც მისი მოსწავლე- აღსაზრდელები კარგ შედეგებს აღწევენ გამოცდებზე, წარმატებული ადამიანები, ან უბრალოდ, კარგი ადამიანები იქნებიან. ჩემს შემთხვევაში ეს ასეა, ყველა ჩემმა მოსწავლემ გრანტით ჩააბარა. ამაზე მეტი სიხარული და წარმატება ჩემთვის არ არსებობს — ბავშვები დაიზარდნენ და არ ივიწყებენ თავიანთ პირველ მასწავლებელს. პირველი წარმატება ხელოვნებაში უკავშირდება ბავშვობას — დაწყებითი კლასის მოსწავლე ვიყავი, როდესაც გამოცხადდა კონკურსი ერთ-ერთი ზღაპრის თემატიკაზე. სრულიად დამოუკიდებლად შევავსე განაცხადი და დავურთე ჩემი ნახატი, რომლმაც გაიმარჯვა და გადმომეცა მადლობის სიგელი. მერე ჩემი ნამუშევარი დაიბეჭდა იმ დროინდელ ჟურნალ „დილაში“, რაც სრულიად თავბრუდამხვევი გახლდათ იმ დროს.

-ოჯახი და კარიერა…

-ხელოვნება, მით უმეტეს ფერწერა, ძალიან რთული მიმდინარეობა გახლავთ. ხშირად ამბობენ ხოლმე კიდეც „ფერმწერები ვერ არიანო“ (ეცინება), იმდენად სიღრმისეული, ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური აღქმა სჭირდება მას. ფერწერა ეს ერთი დიდი ოჯახია, რომელსაც უამრავი დრო, თავგანწირვა, მეტი შრომა ჭირდება, რაც მეორე ოჯახთან — შვილებთან, მეუღლესთან ერთად შეუძლებელია. ოჯახი გვიან, 30 წლის ასაკში შევქმენი. მყავს ერთი ბიჭი ლუკა ცომაია. იგი 26 წლისაა და ვთვლი, რომ ძალიან წარმატებულია. ხატავს, წერს ლექსებს, უკვე ორი წიგნი აქვს გამოცემული. მეუღლე გარდამეცვალა. როდესაც დედა ცოცხალი იყო, ხელს მიწყობდა მეტი მემუშავა, მეხატა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ (თვალები ცრემლით ევსება)…

-პრინციპი, რომელიც კარიერულ თუ პირად ცხოვრებაში განმსაზღვრელია თქვენთვის?

— რაც უფრო მშრომელია ადამიანი, მით უფრო წარმატებული და რეალიზებულია. შრომისმოყვარეობა უმთავრესია ჩემს ცხოვრებაში. უნიჭო ადამიანი არ იბადება. უბრალოდ, მას სჭირდება ბევრი შრომა, რათა ამ ნიჭმა თავისი სათქმელი თქვას წარმატების სახით.

-ისტორია, რომელიც მუდამ თქვენი თანმხლებია და გარდამტეხი როლი შეასრულა ცხოვრების გზაზე…

-ჩემი ცხოვრების უდიდესი, მოურჩენელი და მოუშუშებელი ტკივილია ჩემი გაზრდილი დისშვილის უეცარი გარდაცვალება. 13 წლის ასაკში გამომეცალა ხელიდან. ამან შეძრა და შეცვალა ჩემი ცხოვრება. თითქმის 5 წელი ამოვარდა ჩემი ცხოვრებიდან, თითქოს არც არსებობდა ეს წლები. მეტიც, ვერ ჩავჯექი ცხოვრების კალაპოტში, დავკარგე „ჩარჩო“, რითაც გავაგრძელებდი ცხოვრებას. ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია. ზუსტად შვიდი წელი ვერაფერს ვაკეთებდი, არაფერი შემიქმნია, რობოტივით ვცხოვრობდი.

-საყვარელი საქმე…

-ძალიან მიყვარს ფერწერა, ჩემთვის ჰაერი და წყალია. 1976 წლიდან ვხატავ დღემდე, თუ არ ჩავთვლით იმ ცუდ პერიოდს რაც ჩემს ცხოვრებაში იყო და რაზეც უკვე გიამბეთ. ძალიან ბევრი ნამუშევარი მაქვს. სიმართლე გითხრათ. არ დამითვლია, მაგრამ ბევრია. წელიწადში 20-მდე ნამუშევარს მაინც ვქმნი. ყოველ ზაფხულს ვაკეთებ ნატურიდან პლენერზე პეიზაჟებს, არამარტო ზაფხულში, ზამთარშიც. რამდენჯერ გაყინულს მთები მომივლია ეტიუტნიკით, რომ მეხატა, შემდეგ ვაკეთებდი გამოფენებს.
საყვარელი საქმე, რასაც ყოველდღე ვემსახურები, პედაგოგობაა. რომ არა ბავშვების სიყვარული, სკოლაში ვერ ვიმუშავებდი. მინდა, ყველგან მაქსიმალური ვიყო, ორშაბათიდან კვირამდე არ მყოფნის დრო, მინდა გაგრძელდეს შვიდშაბათი, რვაშაბათი… არ მიყვარს დროის უქმად კარგვა. ძალიან მიყვარს საოჯახო საქმეც, ერთი წუთით არ შემიძლია უსაქმურად ყოფნა. ყველაფრის კეთება მიყვარს ოჯახში, სამზარეულოდან დაწყებული ბოსტნით დამთავრებული.

-გზა, რომელიც დღემდე გაიარეთ…

-ვთვლი, რომ ცუდად არ მიცხოვრია, რადგან ვგრძნობ დაფასებას, სიყვარულს ხალხისგან. მყავს ძალიან კარგი შვილი, ზუსტად ისეთი, როგორიც ყოველთვის მინდოდა მყოლოდა. შევცვლიდი ჩემს ცხოვრებას მხოლოდ იმით, რომ მეტ დროს დავუთმობდი ფერწერას. ძალიან ბევრი დრო დავკარგე, ბევრი რამ ვერ გავაკეთე მხატვრობაში.

-ოცნება, რომელიც ჯერ არ განგიხორციელებიათ…

-ვოცნებობ, მქონდეს ჩემი საგამოფენო სახელოსნო, რომელიც მოეწყობა ჩემს სახლში, ოთახიც კი გამოვყავი ამისთვის. მინდა გავაკეთო დიდი განათება, გავაფართოვო სივრცე, მოვაწესრიგო ინტერიერი, სადაც უმეტეს დროს დავუთმობ ხატვას.

— რას ურჩევთ ქალბატონებს?

-ბევრი არ ინერვიულონ იმიტომ, რომ დარდი აბერებს და ნერვებს აზიანებს. ცხოვრებისეული გამოწვევები მშვიდად, აუღელვებლად მიიღონ. დასახული მიზნები აუცილებლად განახორციელონ. მერწმუნეთ, ქალები ძალიან ძლიერები არიან და მათ ეს ნამდვილად შეუძლიათ.


კომენტარები სტატიაზე