მარინა კვაჭაძე: “ქალბატონებო, იყავით ძლიერები…”

31921_460900823981680_2087986311_n

ჩვენი დღევანდელი ნომრის სტუმარია ქალი, რომელმაც თავისი დღევანდელი ცხოვრება ბრძოლითა და დიდი თავგანწირვით შექმნა. ამას ძალიან ბევრი დათმობის, გადაფასების და გადახალისების შედეგად მიაღწია. მარინა კვაჭაძე პროფესიით პედაგოგი გახლავთ. მაგრამ არცერთი დღე არ უმუშავია ამ პროფესიით. სწავლის პერიოდში შექმნა ოჯახი — ბედი დაუკავშირა ადამიანს, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდა. როგორც თვითონ ამბობს, ოჯახს მიუძღვნა მთელი თავისი ცხოვრება, ძალა და რესურსი. როგორც ამბობს – “მათ უნდა ესწავლათ და რასაც მე ვერ მივაღწიე, რაშიც თავს არ ვგრძნობდი რეალიზებულად, მათ არ უნდა დაკლებოდა. მთელი ჩემი სული და გული ჩავდე შვილების განათლებაში, ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის. სამივე შვილში ჩავდე ის მარცვალი, რასაც განათლების სიყვარული ჰქვია, რამაც შემდგომ, დროთა განმავლობაში, წარმატებული კარიერის შექმნაში დაეხმარა მათ”.

ერთი შეხედვით მხიარული, მუდამ ღიმილიანი ქალბატონია, რომელიც ამაყად, გაპრანჭული დადის ქალაქის ქუჩებში. მისი გარეგანი სამყაროს მიღმა ძალიან შინაარსიანი და საინტერესო ქალია დამალული. ალბათ, ბევრისათვის უცნობია მისი დაფარული მხარეები, წერს ლექსებს, აკეთებს ჩანახატებს, გადმოსცემს შინაგან სამყაროს, სადაც მხოლოდ თავადაა და მისი კალამი.

ყველა იცნობს როგორც ინტერიერის დიზაინერს. მისი ეს ნიჭი სწორედ მისი შინაგანი სამყაროს დამსახურებაა, რომელიც გაჟღენთილია ხელოვნების სიყვარულით. ძალიან უნდოდა, მოცეკვავე ყოფილიყო. ცეკვავდა, მაგრამ საყვარელმა ადამიანმა, რომელიც შემდგომ მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდა, დაუშალა. უნდოდა ჟურნალისტობა, მაგრამ ვერც ამ ოცნების რეალიზება მოახდინა. თოჯინების თეატრის მსახიობიც იყო 16 წლის ასაკში. როგორც თვითონ აღნიშნავს, კარგად გამოსდიოდა. იხსენებს, რომ თოჯინების თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი მერი ალექსეევნა იყო: „ვთამაშობდი წითელქუდას და არ მოვიდა მგლის როლის შემსრულებელი. არადა, დარბაზი სავსე იყო მაყურებლებით. ვეუბნები ქალბატონ მერის, მე ვითამაშებ მგლის როლსაც მეთქი. ძალიან არადამაჯერებლად ეჩვენა ეს მერის, მაგრამ მენდო და ერთ სპექტაკლზე შევასრულე ერთდროულად წითელქუდაც და მგელიც. შინაგანად მსახიობი ვიყავი, ჩემი შინაგანი გამოძახილი იყო“.

-სვლა წარმატებისკენ…

-ცხოვრებაში მარტივად არასდროს არაფერი გამომდის. სულ წინააღმდეგობები მიწევს. არაფერი მიმიღია დაუღალავი შრომისა და წვალების გარეშე. ვერ ვიტან უზრუნველობას, უსაქმურობას, უმოქმედობას. როდესაც სახლში შემოვედი, არაფერი იყო, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. კარგი გოგო ვიყავი, განებივრებული დედისერთა, მაგრამ ამას ჩემს ცხოვრებაში არ უთამაშია გადამწყვეტი როლი. ძალიან მკაცრი დედა მყავდა, სულ წესრიგი, სულ სწავლა იყო მისი მოთხოვნა. არავის ეგონა, ოდესმე თუ შევძლებდი იმის გაკეთებას, რასაც ვაკეთებდი. მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა წინ სიარული, ბრძოლა და შრომა. ვფიქრობ, ადამიანმა არანაირი შრომა არ უნდა ითაკილოს, თუ ეს მის ცხოვრებას, შვილებს, ოჯახს სჭირდება. ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე, ბევრი რამის გაკეთება მიწევდა არსებობისთვის, პირველად დავიწყე ხინკლითა და ქაბაბით, რომელმაც კარგი გამოხმაურება გამოიწვია. ძალიან ბევრი კლიენტი მყავდა. შემდეგ გადავედი ფარდების კერვაზე, რომელიც „მზითვებში“ მოტანილი საკერავი მანქანით დავიწყე. თითქმის მთელ ქალაქს ჩემი შეკერილი მაქმანებიანი ფარდები ჰქონდა. 2002 წლიდან დავიწყე საქორწინო დარბაზების მორთვა, პირველი დარბაზი, რომელთანაც დავიწყე ურთიერთობა იყო „ელიტა“. 300 დოლარი პროცენტიანი ვალი ავიღე და შევიძინე დიზაინისთვის საჭირო სხვადასხვა ინვენტარი. დღეს რასაც ვაკეთებ არამარტო დიზაინისთვისაა შექმნილი, არამედ ჩემი სამყაროცაა. მომინდა და გავაკეთე თეთრი ფარშევანგი, რომელიც შეიძლებოდა შემდგომ საქორწილო დღესასწაულზეც გამომეყენებინა. ჩემი ხელით ავაწყვე როიალი, ეიფელი. ყველა ნამუშევარი ჩემი ხელითაა შესრულებული. ბევრი ნამუშევარი სახლის სარდაფშია მოთავსებული, არავინ უყურებს და არავის აინტერესებს. არიან დიზაინერები, რომლებიც მხოლოდ ფულის გამო აკეთებენ, მაგრამ ჩემს დიზაინში ჩემი ხასიათი, განწყობაა ჩადებული. ძალიან მიყვარს სილამაზე, სისუფთავე და სიზუსტე. სხვადასხვა კერძო კომპანიებს ვუკეთებ კორპორატიულ საღამოებს, ერთ-ერთი იყო „ეიპმ ტერმინალ ფოთი“, ასევე „კრედიტ პლუსი“, რომლსაც გავუკეთე პრეზენტაცია, შებოლილი ყველისგან გავაკეთე საქართველოს რუკა და პატარა ყველის სამკუთხედებისგან გავაკეთე სახლები, ნიშნულები, სად არის განთავსებული „კრედიტ პლუსის“ ფილიალები. არაერთი მსაგავსი შეხვედრების ორგანიზატორი ვარ.

-ოცნება, რომელიც ჯერ არ განგიხორციელებიათ…

-ძალიან ბევრი ოცნება მაქვს. როგორც გითხარით. მინდოდა ვყოფილიყავი ჟურნალისტი (იცინის). ახლა, მინდა, ფოთში გავაკეთო ადგილი უცხოეთიდან ჩამოსული წარმომადგენლობისთვის. ეს იქნება საკონფერენციო ოთახი, სადაც ერთ სივრცეში მოთავსდება ქალაქის კულტურა, ადგილი, სადაც წარმოჩინდება ჩვენი ქალაქი თავისი ისტორიით. ასევე ჩემი ოცნებაა ხანდაზმულთა ცენტრის გაკეთება, სადაც მოხუცები თავს იგრძნობენ მყუდროდ და დაცულად. სადაც იქნება მზრუნველი გარემო და სიყვარული. არ მომწონს, რომ მსგავსი ტიპის სახლებს დღეს ჰქვიათ მიტოვებული მოხუცების სახლი, ძალიან გულზე მხვდება.

-ისტორია, რომელიც მუდამ თქვენი თანმხლებია…

-2013 წელს გავიხსენებ — სასტუმრო „მერკურის“ პრეზენტაცია იყო, რომელიც თბილისში სანაპიროზე მდებარეობს. “კვირის პალიტრამ” დამიქირავა და გავაკეთე პრეზენტაცია. შემოგარენი ზღურბლი იყო ხის და რკინის კონტსრუქციებით გაკეთებული. თურქი იყო მეპატრონე, რომელსაც თავდაპირველად არაფერი მოეწონა ჩემი გაკეთებული. გაგიჟდა, ყვიროდა. ჩვენი შიდა სამზარეულო რომ ნახა. მენეჯერი ეუბნებოდა, ყველაფერი რომ გაკეთდება და ერთ სივრცეში მოთავსდება, ძალიან ეფექტური, თემატური იქნებაო. შემდეგ კი აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ამ ისტორიამ მასწავლა, რომ შიდა სამზარეულოც მიმზიდველი უნდა იყოს.

-ოჯახი და კარიერა

-ძალიან მეხმარება ჩემი მეუღლე, რომელიც მუდამ გვერდით მიდგას. ისაა ჩემი პირველი სიყვარული. ალბათ სიყვარულით შექმნილი და გამყარებული ოჯახი აძლიერებს ქალს. ამიტომაც დავადექი ცხოვრებაში გზას, რომელსაც დღეს ვადგავარ და წარმატებას მივაღწიე.

-რჩევა ქალებს

-ქალებს ვურჩევ, საკუთარ თავს მეტი პატივი სცენ, მეტად მოახდინონ თავიანთი ძალების რეალიზება. თუ რამე განსხვავებულის, იშვიათის ან თუნდაც უბრალო რამის კეთების სურვილი გაუჩნდებათ, აუცილებლად გააკეთონ. იყვნენ მუდამ მოწესრიგებულნი, სასიამოვნო შესახედნი. ბევრი იცინონ და გაალამაზონ თავიანთი და ოჯახის წევრების ცხოვრებაც. ქალბატონებო, იყავით ძლიერები.


კომენტარები სტატიაზე