პარ. სექ 25th, 2020

სენაკის მუნიციპალიტეტში არსებულმა მენჯის კურორტმა შესაძლოა მალე ისევ ძველი დიდება დაიბრუნოს. მენჯის უნიკალური კურორტით ინვესტორები უკვე დაინტერესდნენ.

მის აღსადგენად საკმაოდ სოლიდური ინვესტიციების ჩადებას გეგმავენ. რამდენად განხორციელებადია აღნიშნული პროექტი და როდის დაიბრუნებს ისევ თავის ფუნქციას და სახელს ერთ დროს „ყავარჯნების სავანედ“ წოდებული კურორტი მენჯი, ამასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსს დავით კოდუას.

-მენჯთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნების ბიზნესმენების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა. ამჟამად ჩვენ ყველაზე საინტერესო შემოთავაზების შერჩევის პროცესში ვართ. რა თქმა უნდა, აქცენტი გაკეთდება ფინანსურად მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც რეგიონს უფრო დიდ შემოსავალს მოუტანს. ამჯერად ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ერთ-ერთი ჩინური კომპანია. რომელიც ამ პროფილისაა და დიდი გამოცდილება გააჩნიათ ამ სფეროში. პროექტის მიხედვით, საკურორტო ზონა რამდენიმე პონებად იქნება დაყოფილი და ამ ზონებში მოხდება სხვადასხვა მიზნობრივი ობიექტების განთავსება.

-ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობა იგეგმება თუ არსებულის რეკონსტრუქცია? რა მოთხოვნებია წაყენებული ინვესტორისათვის და რა კრიტერიუმით შეირჩა ჩინური კომპანია?

-შემოთავაზებული ვარიანტით, რამდენიმე ობიექტის აგებაც იგეგმება, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, არსებული ობიექტების რეაბილიტაციას და სხვადასხვა დანიშნულების სამკურნალო პროგრამების განთავსებას. რაც შეეხება შერჩევის პრინციპებს – მათ აქვთ გამოცდილება ამ კუთხით და ყავთ თავიანთი ინვესტორთა ჯგუფი. ამ ეტაპზე დაწყებულია მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობით. ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ ამ პროფილის მქონე სხვა ინვესტორებთანაც. ეს პროცესი არ ჩერდება და უეჭველად გამოვნახავთ გამოსავალს იმისათვის, რომ ასეთი უნიკალური შესაძლებლობების მქონე კურორტი არ დარჩეს გამოუყენებელი ჩვენი რეგიონისა და სრულიად საქართველოსთვის, რადგან ამ კურორტს აღდგენის შემთხვევაში საკმაოდ სოლიდური თანხების შემოტანა შეუძლია ადგილობრივ თუ ცენტრალურ ბიუჯეტში.

-როგორც იცით ამჟამად იქ დევნილები ცხოვრობენ და შეთანხმების შემთხვევაში, რას თავაზობს ინვესტორი ან ხელისუფლება მათ?

-სახელმწიფო გვერდში უდგას როგორც ინვესტორს, ისე იმ ობიექტზე მცხოვრებ მოქალაქეებს და თავაზობს ალტერნატიულ ფართებს. დაგეგმილი გვაქვს ახალი, დამატებითი კორპუსების მშენებლობა დევნილებისთვის. ეს მიმდინარე პროცესია და არც ერთი დევნილი უახლოეს პერიოდში არ დარჩება საცხოვრებელი ფართის გარეშე. ინვესტიციების მოზიდვისა და ინვესტორების დაინტერესებისათვის საჭიროა სახელმწიფომ კონკრეტულ ინვესტორს ხელი შეუწყოს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციის შემოსატანად და მათთვის საინტერესო ობიექტებს თავიანთი პროექტების განსახორციელებლად ვუთმობთ, ხოლო იქ თუ დევნილები ცხოვრობენ, აუცილებლად ვთავაზობთ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს და ინვესტორსაც საშუალება აქვს განახორციელოს თავისი პროექტი.

-როგორც ვიცი, კურორტ მენჯს წლების განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს დავალიანება გააჩნდა და ეს ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ინვესტორების ,,დასაფრთხობად“. ამ კუთხით დღეს რა მდგომარეობაა?

-მე ვერ გაგცემთ პასუხს ამ კითხვაზე, რადგან ჩემთვის არაა ცნობილი, რა დავალიანებაზეა საუბარი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს რეგიონში აქტიურად ხდება აღწერა. როცა დიდ თანხებს მოითხოვს ობიექტი, ამ შემთხვევაში ინვესტორის მოძიება რთული საქმეა. მენჯის შემთხვევაში ინვესტორს დევნილების განსახლება დამატებითი ხარჯები დაუჯდებოდა. მსგავს შემთხვევაში ჩვენ გვერდით ვუდგევართ ინვესტორსაც და დევნილებს ვთავაზობთ ალტერნატიულ ფართებს. ვმუშაობთ ორი მიმართულებით – ბალნეოლოგია-დაავადებათა კონტროლი და ტურიზმი. ამ კუთხით მნიშვნელოვანი ძვრა იქნება ჩვენს რეგიონში.

ინგა გვასალია, სენაკი