ორშ. სექ 28th, 2020

ამ ბოლო დღეებში გარკვეულ წრეებში საუბრობენ, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში გადასული მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი თითქმის ყოველ დღე სტუმრობს ფოთს.

არავინ იცის, და ვერც, ჩვენ ჯერ ვერ დავადგინეთ, რა მიზნით ჩამოდის ყოფილი პრემიერმინისტრი ჩვენს ქალაქში, მაგრამ ერთ-ერთ საინფორმაციო საშუალებასთან საუბარში როგორც განაცხადა, ის იქ ჩადის, სადაც არაფერი კეთდება. თვითმხილველები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი რამდენჯერმე მალთაყვის ტერიტორიაზე შენიშნეს. იგი იქ მდებარე ოქროს ტბით მეტად მოხიბლულა და უთქვამს, როგორი ლამაზი და საინტერესო ადგილი ყოფილა ფოთშიო.

იმასაც ამბობენ, რომ ინკოგნიტოდ ჩამოსული ყოფილი პრემიერმინისტრის სტუმრობის შესახებ ქალაქის ხელისუფლებას გაუგია და მაშინვე მალთაყვაში გაქანებულა, ხოლო აღმშენებლობითი საქმეებით ცნობილ ყოფილ პრემიერსა და მოქმედ მილიარდერს ეს ხელმძღვანელობა დაუტუქსავს – ფოთში ბევრი არაფერი გაგიკეთებიათო.

ის ადამიანები, რომლებმაც ივანიშვილი ფოთში ნახეს, იმედით ამბობენ, რომ ბიზნესმენმა ფოთს თვალი დაადგა და შესაძლოა, ამ ქალაქს ბოლოსდაბოლოს საშველი დაადგეს და რამე ნამდვილად გაკეთდეს. როგორც აღვნიშნეთ, ივანიშვილის სტუმრობის ნამდვილი მიზეზი ჩვენთვის ცნობილი არ გახლავთ, მაგრამ იმედია, მალე გაცხადდება.