ორშ. სექ 28th, 2020

მცირე ბიზნესით დაინტერესებული ფერმერთა ჯგუფების / სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საგრანტო კონკურსი საუკეთესო ბიზნეს-იდეის გამოვლენისათვის

ENPARD-ის პროგრამის (ევროპის სამეზობლო პროგრამა აგრო-წარმოებისა და სოფლის განვითარებისთვის)პარტნიორი ორგანიზაცია ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE ) საუკეთესო ბიზნეს-იდეის გამოვლენის მიზნით, სამიზნე მუნიციპალიტეტებში აცხადებს საგრანტო კონკურსის მესამე საფინალო ფაზას ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერთა ჯგუფებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის. ყველა დაინტერესებულ ფერმერს საშუალება აქვს მიიღოს მონაწილეობა კონკურსში შესაბამისი ბიზნეს იდეის განაცხადის საფუძველზე.

ENPARD საქართველოს პროექტის „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“ფარგლებში, საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე გამოვლინდებიან საუკეთესო ბიზნეს-იდეის მქონე ფერმერთა ჯგუფები / სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. მომდევნო ეტაპზე, ბიზნეს-გეგმის განაცხადის მომზადების მიზნით, გამარჯვებული ჯგუფები მონაწილეობას მიიღებენ CARE-ს მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებში – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ორგანიზაციული განვითარება და ბიზნესის დაგეგმარება. ამასთან, მათ გაეწევათ ტექნიკური კონსულტაციები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მიერ.

პროექტის განხორციელების პერიოდში, 4 წლის განმავლობაში შეირჩევა დაახლოებით 40 საუკეთესო ბიზნეს-გეგმის მქონე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. თითოეულ გამარჯვებულ პროექტზე, ბიზნეს-გეგმის საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყოფა დაბრუნებადი გრანტი 5,000-40,000 ევროს ფარგლებში (საშუალოდ, 30 000 ევროს ფარგლებში, თითოეულ შერჩეულ ჯგუფზე).

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების, კერძოდ, სენაკის, ხობის, აბაშის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ცაგერისა და ლენტეხის: კოოპერატივებს; არაფორმალურ ფერმერთა ჯგუფებს, რომელთა წევრებს აქვთ ერთად მუშაობის გამოცდილება.

ბიზნეს-იდეის განაცხადის ფორმა და განმცხადებლის სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ გვერდზე: www.rda.org.ge; www.enpard.ge; www.care.org.ge ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტებთან არსებულ რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში და პროექტის ოფისში ქ. სამტრედიაში (მის: კაკაბაძის 8, ტელ: +995 032 2236020) და გურიის რეგიონულ ოფისში (მის: ქ. ოზურგეთი, გურიის ქ. #5) განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 31 ივლისი, 18:00 სთ.

ევროპის სამეზობლო პროგრამა აგროწარმოებისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD) მიმართულია ქვეყანაში სურსათის წარმოების გაფართოვებისა და სოფლად სიღარიბის შემცირებისკენ. საგრანტო შემადგენელს გარდა, ენპარდი მთავრობის უშუალო ფინანსურ დახმარებასაც მოიცავს აგრარული სტრატეგიის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე ექსპერტების მოწვევას და სათანადო ნოუ-ჰაუს მიწოდებას სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის: ENPARD-ის საკომუნიკაციო ქსელი 032 2220426