ორშ. სექ 21st, 2020

სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ რამდენიმე დღის წინ ფოთის მე-3 საბავშვო ბაღი 400 ლარით დაჯარიმდა, რისი მიზეზიც თანამშრომლებისთვის და ბავშვებისთვის განცალკევებული საპირფარეშოების არარსებობა გახდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ბაღების გაერთიანების უფროსის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა მირანდა სვანაძემ,რომელმაც არ უარყო აღნიშნული ფაქტი და განმარტა, რომ დაჯარიმდა მხოლოდ ზემოხსენებული ერთადერთი ბაღი და ეს პრობლემაც დღეს უკვე მოგვარებულია:
,,ჩამოსული იყო ზუგდიდის სურსათის უვნებლობის სამსახური, ჩვენ თითქმის ყველაფერი მაქსიმალურად წესრიგში გვქონდა, ერთადერთი, მესამე ბაღში არ იყო ცალკე საპირფარეშო თანამშრომლებისათვის, თუცმა, ამ დროისთვის თითქმის დამთავრებული იყო საპირფარეშოს გაკეთება, მხოლოდ კარის ჩამოკიდებაღა აკლდა, მაგრამ, რატომღაც, არ მოგვცეს დრო სამუშაოს დასასრულებლად და დაიწერა ჯარიმის აქტი 400 ლარის ოდენობით. დღეისთვის ეს საკითხი უკვე მოგვარებულია, სხვა ბაღებში კი მსგავსი რამ არ მომხდარა – ყველგან შევასრულეთ ის ყველა ვალდებულება, რაც გვეკისრებოდა”.

როგორც გავარკვიეთ, საქმე ასე ჰარმონიული სულაც არ გახლავთ და გარდა საპირფარეშოს და დაჯარიმების საკითხისა, მშობლები msnews.ge-თან პირად საუბარში ბაღებში არსებულ სხვა პრობლემებზეც საყვედურს გამოთქვამენ. როგორც ისინი ამტკიცებენ, მიუხედავად იმისა, რომ ბაღები უფასოა მაინც გამუდმებით უწევთ გარკვეული თანხის შეგროვება, რადგან დაწესებულებაში არ შემოდის საკმარისი რაოდენობის პროდუქტი და ისეთი საყოფაცხოვრებელი ნივთები, როგორიცაა ჟელე, საპონი და სხვა, ხანაც შეშის დასაჩეხად გროვდება 2-2 ლარი. თუმცა, მირანდა სვანაძე საწინააღმდეგოს ამტკიცებს და ამბობს, რომ ბაღებში შედის ყველაფერი საკმარისად და ზუსტად ისე, როგორც გაწერილია კანონით: ,,ჩვენ ჟელე და ყველანაირი სამეურნეო საქონელი საკმარისი ოდენობით შეგვაქვს ბაღებში, ყველაფერი წერია ბუღალტერიაში, მოთხოვნისამებრ ეს პროდუქტები დაწესებულებაში შედის ორ თვეში ან სამ თვეში ერთხელ იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც გათვალისწინებულია თითოეულ ბაღში ჯგუფებისა და ბავშვთა რაოდენობის მიხედვით. უახლოეს მომავალში ამ თემასთან დაკავშირებით ტენდერიც უნდა გამოვაცხადოთ. ბაღებს გააჩნია ორმილიონიანი ბიუჯეტი, აქედან მილიონ ორასი ათასი ხელფასებია, დანარჩენი სამეურნეო ხარჯები, როგორიცაა შეშა, წყალი, შუქი, კვება – მთელი ნახევარი მილიონი წელიწადში მხოლოდ კვება ჯდება და ამიტომაც მეტი თანხების გამოყოფა საყოფაცხოვრებო ნივთებისათვის სახელმწიფოს მხრიდან ნამდვილად ვერ ხერხდება“.

მშობლების გარდა იმავე პრეტენზიებს msnews.ge-თან ბაღების თანამშრომლებიც გამოთქვამენ: „ბაღებში ძალიან ცოტა რაოდენობით შედის დასასუფთავებელი საშუალებები. როგორ გგონიათ. ნახევარი ბოთლი ქლორი და ჟელე ერთი თვის განმავლობაში საკმარისია ამხელა ბაღში? ამით როგორ დავიცვა სისუფთავე ან 20 ბავშვს ერთი თვის განმავლობაში ტუალეტის ერთი ცალი ქაღალდი ეყოფა? არადა, ჩემი თვალით რამდენჯერ მინახავს, როგორ იცლებოდა გაერთიანებაში მანქანა საქონლისგან. სად მიდის ამდენი საქონელი? როცა მოვითხოვეთ, გაერთიანების უფროსისგან მხოლოდ უხეშ პასუხს ვიღებთ – რაც გინდათ, ის ქენით, საიდანაც გინდათ, იქედან მოიტანეთ- და ასე შემდეგ. ჩვენც იძულებული ვართ, ან მშობლებისგან ავაგროვოთ ფული, ან სახლიდან მოვიტანოთ, ან ისედაც მცირე ხელფასებიდან შევიძინოთ საჭირო ნივთები. სანამდე შეიძლება ასე მუშაობა? ისედაც მცირე ხელფასები გვაქვს და ისიც აქ უნდა დავტოვოთ? ხან ამის დაბადების დღეა, ხან სტუმარია და ხანაც რავიცი, რაზე აღარ გროვდება ფული“- განაცხადეს აღშფოთებულებმა, რომლებმაც სამსახურის დაკარგვის შიშით ვინაობის დასახელება არ ისურვეს.

ისინი გაერთიანების უფროსს ნეპოტიზმშიც ადანაშაულებენ, მაგრამ სვანაძემ ამასაც უსაფუძვლო უწოდა: “ნამდვილად უსაფუძვლო ცილისწამებაა, მას ნეპოტიზმს მიაწერენ, რადგან თავისი შვილი ბაღში დაასაქმა. ნატო ესიავას შვილმა დაამთავრა დაწყებითი განათლება და გაიარა ტრენინგი-კურსები ლოგოპედისთვის, ამჟამად ფოთის 6 ბაღში ასწავლის,ლოგოპედი გახლავთ. ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ახალგაზრდაა. თითო ბაღი აქვს თითო დღეს, ყავს მეტყველების ნაკლის მქონე ბავშვები, რომლებთანაც საკმაოდ სერიოზული მუშაობაა საჭირო. ფოთი პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს და ვინმეს თუ დაასაქმებ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ვინც მოდის სამსახურის სათხოვნელად, ვცდილობთ, კომპეტენციის ფარგლებში, დავასაქმოთ, რაც შეეხება ნეპოტიზს, ამასთან დაკავშირებით მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები ვერავის, რადგან ეს სრული აბსურდია”.

ასეთი ურთიერთსაპირისპირო დამოკიდებულება გახლავთ დღეს ფოთის ბაღებში და თანამშრომლების უკმაყოფილებაც დიდია.
ნინო გვასალია

Comments are closed.