შაბ. სექ 26th, 2020

ფოთისთვის ყველაზე აუტანელი პერიოდი ნოემბრის ბოლოდან აპრილამდე გახლავთ, როცა თევზის გადამუშავების პროცესი მიმდინარეობს.

სწორედ ამ პერიოდში არსებული არასასიამოვნო სუნი, თითქმის მთელ ქალაქში სუფევს და რომელმაც წლებია ფოთის მოსახლეობა აღაშფოთა.

ფოთში რამდენიმე თევზის გადამამუშავებელი ქარხანა ფუნქციონირებს, რომელიც როგორც ჩანს ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმის დაცვის გარეშე გადაამუშავებენ ქაფშიას და დისკომფორტს უქმნიან ქალაქის მოსახლეობას.
არასასიამოვნო სუნთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებებს და მიზეზს ასახელებენ. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ირღვევა ტექნოლოგიური პროცესი ან საწარმოები, სადაც თევზის გადამუშავება მიმდინარეობს არაა გამართულ მდგომარეობაში. მათ მაღალხარისხიანი ფილტრის ყიდვას ურჩევნიათ იყიდონ შედარებით მეორადი ფილტრი ან/და გადაიხადონ დაწესებული 500 ლარიანი ჯარიმა.

ნაწილი თვლის, რომ თევზი რომელიც ხვდება ქარხანაში და უნდა გადამუშავდეს ის სპეციალურ ჩასაყრელში ისე უნდა გადაიტანონ (ვაკუუკმში), რომ სუნი არ უნდა მოყვებოდეს. ზოგიერთი მათგანი ამტკიცებს, რომ საწარმოში გროვდება დიდი რაოდენობით თევზი, რომლის გადამუშავებასაც ვერ ასწრებენ, დროთა განმავლობაში კი ლპება. ასეთი მოსაზრებაც კი არსებობს, რომ ზღვიდან საწარმომდე გზაში მანქანით გადატანისას წვეთ-წვეთად იღვრება მკვდარი თევზის „წვენი“ (ამის თვითმხილველიც ბევრია), რაც იწვევს გზადაგზა ჰაერის დაბინძურებას, რის შედეგადაც მთელი ქალაქი თევზის სუნშია გახვეული და სუნთქვაც კი ჭირს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ გადამუშავებისას დარჩენილი ნარჩენები ხვდება მდინარე რიონში, რაც აბინძურებს მდინარეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი მოქალაქე გამოვკითხეთ. Yყველა გამოკითხულთა აზრი ერთნაირია. მათ არ სურთ, რომ ამ სუნში იცხოვრონ მათმა შვილებმა. `ფოთს ისიც ეყოფა რომ ნესტიანი ქალაქია. ნუთუ შეუძლებელია ცხოვრობდე საპორტო ქალაქში, სუნთქავდე ჯანმრთელობისთვის მავნე სუნს, იყო არაკომფორტულად. ვერ ფენდე სარეცხს, ვერ გადიოდე გარეთ სუფთა ჰაერზე. ერთადერთი ჰაერი გვაქვს უფასო და ამითაც გვწამლავენ. თუ ამ საწარმოებს არ შეუძლიათ ამის მოგვარება, უნდა აიკრძალოს. მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე ისინი ფულს აკეთებენ “.
გარემოსდამცველების განცხადებებით მსგავსი ბიზნესი ქალაქიდან მოშორებით უნდა ფუნქციონირებდეს. არასასიამოვნო სუნი არა მარტო ადამიანს უქმნის დისკომფორტს, არამედ აბინძურებს გარემოსაც.

“მწვანე ალტერნატივას” პოლიტიკის ანალიტიკოსის ქეთი გუჯარაიძის განმარტებით 2004-2005 წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, თევზის გადამამუშავებელი მრეწველობა ყოველგვარი გარემოსდაცვითი რეგულირების მიღმა დარჩა: „თევზის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნისთვის მეწარმეებს აღარ მოეთხოვათ წინასწარ რაიმე კვლევის ჩატარება და გარემოსდაცვითი ნებართვის მოპოვება; შესაბამისად, აღარც ადგილობრივ მაცხოვრებლებს აქვთ რაიმე შესაძლებლობა, წინასწარ (საწარმოს გახსნამდე) შეიტყონ მათ ქალაქში, დასახლებაში დაგეგმილი საწარმოს შესახებ და გამოთქვან თავისი მოსაზრებები, პოზიცია ამის შესახებ.

თევზის გადადამამუშავებელი წარმოება ერთ-ერთია იმ წარმოებათა შორის, რომელსაც მნიშვნელოვანი მავნე ზეგავლენა მოჰყვება გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობაზე – ძირითადად, წყლის დაბინძურების, ჰაერში გაფრქვევების, მყარი ნარჩენების, ხმაურისა და სუნის გამო. ამდენად, აუცილებელია დაწესდეს შესაფერისი რეგულაციები ამ მავნე ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად.

ვფიქრობ, ამ სფეროში აუცილებელია გადამჭრელი ზომების დროულად მიღება, ვინაიდან საკითხის დაურეგულირებლობა კიდევ უფრო ზრდის უსამართლობას და საბოლოოდ, ეს შეიძლება სერიოზულ კონფლიქტებშიც კი გადაიზარდოს. „მოგება“ და „ზარალი“ არათანაბრად ნაწილდება მეწარმეებსა და სხვა მოქალაქეებს შორის. გამოდის, რომ საწარმოების ფუნქციონირებით მეწარმეები იღებენ მოგებას, ფოთის მაცხოვრებლები კი – მხოლოდ „პრობლემას“, რომელსაც თავისი ხარჯებით უნდა გაუმკლავდნენ“.

ფოთის მერის ირაკლი კაკულიას განმარტებით, აღნიშნული თემა საკმაოდ რთული პრობლემაა ქალაქისთვის. მისი თქმით ამას ახლავს როგორც უარყოფითი, ასევე, დადებითი მხარეებიც: ,,დადებითი არის ის, რომ დასაქმებულია რამდენიმე ასეული ადამიანი და ეს ბიზნესი საკმაოდ წარმატებულად ვითარდება, ხოლო, უარყოფით მხარე ეს სუნია, რომელიც ვრცელდება მთელ ქალაქში, ჩემი სუბიქტური აზრით, ეს სწორედ იმის ბრალია, რომ თევზის ქარხნების ადგილმდებარეობა არასწორადაა დაგეგმარებული. რაც უნდა ფილტრები გამოვიყენოთ, ამ დანიშნულების ქარხნებს ყოველთვის ექნებათ სპეციფიკური სუნი და ეს ასე ხდება სხვა ქვეყნებშიც, თუმცა, მდგომარეობის გაუმჯობესება, ვფიქრობ, შესაძლებელია, ოღონდ ეს მოითხოვს საკმაოდ დიდ დროსა და ბევრ მუშაობას. ჩვენ მომავალში სპეციალისტებისგან მივიღებთ რეკომენდაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით და აუცილებლად ვიზრუნებთ პრობლემის გადაჭრაზე”.

ჩვენ საწარმოების ხელმძღვანელებთან დაკავშირება არაერთგზის მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით.

თათია ლოლუა

Comments are closed.