პარ. ოქტ 23rd, 2020

რეგიონულმა გაზეთმა „მთავარი თემა სამეგრელოში“ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა.კონკურსში რამდენიმე ნომინაცია გახლდათ წარმოდგენილი.

„წლის გამყიდველის” ნომინაციასში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა იმ გამყიდველს, რომელთა მაღაზიებშიც იყიდებოდა აღნიშნული გაზეთი.

გაზეთის გამყიდველების გარდა დაჯილდოვდნენ საგაზეთო ჯიხურების გამყიდველები და იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელები, რომლებიც წლების განმავლობაში თანამშრომლობენ გაზეთთან და ყველაზე მეტი გაზეთი აქვთ გამოწერილი.

მაღაზიებში გაზეთის შეტანამ გაიზარდა გაზეთების გაყიდვა, გაზეთის ცნობადობა, შესაბამისად იმატა მკითხველთა რაოდენობამ და გაზეთის ტირაჟმაც. გაზეთის დამფუძნებლის მიერ მოფიქრებულმა კონკურსის იდეამ გაამართლა, რადგან კონკურსით კმაყოფილნი დარჩნენ მონაწილეები და როგორც თქვეს კიდეც, კარგი იქნება, თუ მსგავსი კონკურსები კვლავაც გაგრძელდება.

ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა მაღაზიის მეპატრონე რენო იზორია, რომელმაც თავისი აზრი გამოთქვა მედიასთან დაკავშირებით: „ბეჭდური მედია თავისთავად საინტერესოა. ამ ქალაქის პრობლემის ზუსტად ამსახველია, რისი საშუალებითაც ხდება რეაგირება ზუსტად და დროულად ყველა ფაქტთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ბეჭდურ მედიას უფრო მეტი ხელის შეწყობა სჭირდება საზოგადოებისგანაც. მიმაჩნია, რომ თქვენი გაზეთი აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც ამ კუთხის მოქალაქეებს აქვს. ასეთი მიდგომა ძალიან დიდი სტიმულია ჩვენთვის. ეს დღე კი იყო სრულიად ოჯახური, ახლობლური და ძალიან სასიამოვნო“.

ერთ-ერთი საგაზეთო ჯიხურის გამარჯვებულმა გამყიდველმა ნიკოლოზ ალხაზოვმა მედიასაშუალებას წარმატებები უსურვა: „18 წელია, რაც პრესის სამსახურში ვმუშაობ, ერთადერთი რეგიონული გაზეთია, რომელიც პრობლემატურ საკითხებს აშუქებს და სიმართლეს ემსახურება. მინდა, ამ გაზეთს ყოველივე კარგი ვუსურვო. ასეთი პრეცენდენტი ფოთში არ მომხდარა. ძალიან დიდი ყურადღებაა ჩვენს მიმართ და შრომის დაფასება. დიდ მადლობას გიხდით ასეთი ღონისძიებისთვის მთელს რედაქციას“.

ფოთის ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირა ფაციამ, რომელიც წლებია გაზეთთან თანამშრომლობს, ჩვენთან საუბარში აღნიშნა: „მთავარი თემა სამეგრელოში“ კარგი გაზეთია ძალიან დადებითად ვართ ამ გაზეთის მიმართ განწყობილნი. ძალიან ვრცელი სტატიები ვრცელდება იმ პრობლემებზე, რაც დღეს არსებობს. მე ვუსურვებ მეტ სივრცეს, არეალს და წარმატებებს“.

გაზეთის დამფუძნებლის ინგა გვასალიას თქმით, გაზეთის მთავარი მიზანია, დაიცვას მოსახლეობის ინტერესი, ფართო საზოგადოებისთვის იყოს უფრო ხელმისაწვდომი, გააშუქოს ყველა პრობლემატური საკითხი და ამავდროულად შეინარჩუნოს დამოუკიდებელი მედიის პრინციპები: „ გაზეთის შეძენა შესაძლებელია პრესის სერვისცენტრებში და აქვს აგრეთვე გამოწერის მოქნილი სერვისი. გაზეთის ხელმომწერები არიან ძირითადად სხვადასხვა გადამზიდავი კომპანიები, შპს-ები. გასულ წელს კი რედაქციამ საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის შექმნა დაიწყო, რომელიც სუპერმარკეტებში გაზეთების დისტრიბუციას გულისხმობს. გაზეთების გაყიდვის ეს მეთოდი პოლონური ორგანიზაცია „ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთის” მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ. აღნიშნულ ორგანიზაციასთან რვა წელია ვთანამშრომლობთ, ამ წლების განმავლობაში მათი მხარდაჭერით გავიარე არაერთი სტაჟირება პოლონეთში და სწორედ მათი თანადგომით შეიქმნა ჩვენი გაზეთის ვებგვერდიც.

როგორც გაზეთის დამფუძნებელმა აღნიშნა, მსგავსი კონკურსი პირველად ჩატარდა ფოთში და მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ განსხვავებული პირობებით და გაიზრდება დასაჯილდოებელთა რაოდენობაც სხვადასხვა ნომინაციებში.

მარი ჯავახია, ფოთი

Comments are closed.