ქალი, რომელიც ფოთში 20 წელია საცხოვრებელ სახლს დაეძებს

44119757_500969457042180_8308030410617520128_n

ქალბატონი, რომელზეც უნდა მოგითხროთ, წარმოშობით ჩხოროწყუდან გახლავთ და ფოთში გათხოვების შემდეგ აღმოჩნდა. იგი 20 წლის განმავლობაში საკუთარ ქალაქში დაეძებს საცხოვრებელ სახლს, სადაც თავს დაცულად იგრძნობს.
როგორც დავარი თოლორდავა გვიყვება, მეუღლის ოჯახში ძალიან ბევრნი ცხოვრობდნენ. ამდენად, ოჯახი დატოვეს და ქირით გადავიდნენ საცხოვრებლად. ამის შემდეგ იწყება მის ცხოვრებაში უსასრულო ხეტიალი ბინიდან — ბინაში. მას ერთადერთი შვილი ყავს, რომელიც უსიტყვოდ იზიარებს ოჯახის მდგომარეობას. მეუღლე ერთი წლის წინ გარდაეცვალა და ასე დარჩა დედა-შვილი გაუსაძლის პირობებში. ქალბატონი დავარი სოციალურად დაუცველი გახლავთ.

როგორც თავად ამბობს, სასწრაფოდ საოპერაციო გახლავთ, მანამ კი აუცილებლად უნდა მიიღოს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები, რაც მისთვის ძვირია და რომლის შესაძენად თანხა არ აქვს: „ 54 ლარი მჭირდება წამლების საყიდლად. ვიყავი აფთიაქში და დავაანგარიშებინე, ძალიან ცუდ დღეში ვარ. ვის მივმართო დახმარებისთვის, აღარ ვიცი”.

სახლი, სადაც დღეს ის და მისი შვილი ცხოვრობენ, პირობითად შეიძლება მას სახლი უწოდო, კოსტავას #7 ნომერში, კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს, არ გახლავთ საცხოვრებელი ფართი და არც არანაირი პირობაა შექმნილი, რომ ადამიანმა ნორმალურად იცხოვროს და თავი იგრძნოს დაცულად. ეს ოთახი ქალაქმა ხუთი წლის წინ გადასცა და როგორც თავად ირწმუნება, დახმარებას დაპირდნენ, მაგრამ არავის გახსენებია ამ დაპირების შესრულება.

მეზობლებიც მის გაუსაძლის მდგომარეობაზე გვესაუბრნენ: „ძალიან მეცოდება ეს ოჯახი, როგორ შეიძლება ასე ცხოვრობდეს ადამიანი, კარიც კი არ იკეტება ნორმალურად, იატაკი არა, არც ჭერი, არც ნორმალური საყოფაცხოვრებო ნივთები, უკაცრავად და საპირფარეშოც კი არ ქონდათ, ახლა გააკეთეს რაღაც გარეთ“.

თოლორდავას მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა ქალაქში ზაფხულის ბოლოს წვიმების შემდეგ. როგორც თავად გვიხსნის ღამის სამის ნახევარზე ძლიერი წვიმის შედეგად ჭერი ჩამოენგრათ. მიუხედავად იმისა, რომ პირველ სართულზე ცხოვრობს, ეს შედეგი მას მაინც დაუდგა.

ადგილზე ნანახმა შეგვძრა. თვალში მოგვხვდა სრული სიცარიელე, პირობითად ოთახს არც კარი და არც იატაკი არ აქვს. შევამჩნიეთ მხოლოდ ე.წ ასფალტის ნატეხები, რომელიც უსწორმასწოროდ ეყარა იატაკზე: „ეს ნატეხები ქალაქმა მომცა რომ ამემაღლებინა იატაკი, კიდევ ფინანსურადაც დამეხმარეს, მაგრამ განა ეს საკმარისია ამ მდგომარეობის მოსაგვარებლად?. ჭერის ჩამოვარდნისას კიდევ კარგი ჩემი შვილი სახლში არ იყო, თორემ საშინელება დამემართებოდა. ზამთრის მოსვლის მეშინია, აქ როგორ უნდა გავთბეთ, ყველა მხრიდან ქარი შემოდის“–გვითხრა თოლორდავამ.

წლებია, შიშსა და უიმედობაში უწევს ცხოვრება მარტოხელა დედას, რომელიც მხოლოდ იმიტომ ცოცხლობს და წვალობს, რომ ერთადერთი შვილის კარგად ყოფნას უყუროს და მაინც არ კარგავს იმედს, რომ ერთ დღეს შვილის თვალებში სიხარულს დაინახავს.

თეკლა გვასალია


კომენტარები სტატიაზე