ოთხ. დეკ 2nd, 2020

დევნილები საცხოვრებელი ბინების მიღების მოთხოვნით დაწყებული ერთკვირიანი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ ფოთიდან ფეხით თბილისში გაემგზავრნენ. მათი მოთხოვნა უცვლელია.
ფოთში ახალ საცხოვრებელ კორპუსებში დევნილების შესახლებამ დიდი აურზაური გამოიწვია. ეს თემა დღითიდღე აქტუალური და მწვავე ხდება. მერიის შენობაში ერთი კვირის განმავლობაში დაახლოებით დევნილთა 10 ოჯახი შიმშილობდა, რომელთა ძირითად მოთხოვნას დაპირებული საცხოვრებელი ფართების მიღება წარმოადგენდა. როგორც ისინი ამბობდნენ, ბინები უსამართლოდ განაწილდა. დევნილები ასევე ითხოვენ უკანონოდ დაკავებული ფართების გამოძიებას. მათ აქვთ იმ ადამიანთა სია, რომლებმაც უკანონოდ დაიკავეს საცხოვრებელი ფართები. არსებობს 10 ბალიანი სისტემა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დევნილი. მოშიმშილეები თვლიან, რომ ბინები მიიღეს არა იმ დევნილებმა, რომლებსაც ნამდვილად ესაჭიროებათ საცხოვრებელი ფართები, არამედ კომპენსაციამიღებულმა (დაახლოებით 7000 დოლარის ოდენობით) დევნილებმა. აქციის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი დარეჯან ცხვიტარია შეუერთდა. მისი თქმით, ადამიანის უფლებები ირღვევა და მთავრობა არაფერს აკეთებს ამ უფლებების დასაცავად.
მოშიმშილეებს ხშირად სტუმრობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ უმრავლესობას რეაგირებისა და მათ გვერდში დგომისკენ მოუწოდა. მისი აზრით, აუცილებელია ბინების სწორად განაწილება, მან ამავე დროს უმცირესობის სხდომაზე დევნილთა და განსახლების მინისტრთან სოზარ სუბართან შეხვედრა მოითხოვა. დევნილები თვლიან, რომ მმართველი ძალა, ხელისუფლება, მერია მათ არანაირ ყურადღებას არ აქცევს. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ აკაკი დარჯანიამ: „ამ პრობლემის გადაწყვეტა და გადაჭრა ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეუძლია. ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა. ამ საკითხთან დაკავშირებით რეაგირება უნდა მოახდინოს დევნილთა და განსახლების სამინისტრომ. როცა აპლიკაციები ივსებოდა, მაშინაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მიგვიღია მონაწილეობა, არც იმ კომისიაში ვყოფილვართ, აპლიკაციების გადამოწმება რომ განხორციელდა“.
იგივეს ამბობს ფოთის მერი ირაკლი კაკულიაც: „ჩვენ ეს საკითხი არ გვეხება. მოქალაქეები ამბობენ, ბინები სწორად არ განაწილდაო, სამინისტრო კი საპირისპიროს ამტკიცებს, რომ სწორად განაწილდა. ეს საკითხი არ არის ჩვენი პრეროგატივა, ეს სამინისტროს მოვალეობაა“.
აღნიშნულთან დაკავშირებით დევნილთა და განსახლების სამინისტროს ფოთის წარმომადგენელს თენგო შონიას ვთხოვეთ კომენტარი. მისი თქმით, ყველა დევნილი ეტაპობრივად დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით. პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის დევნილები, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართები და დღემდე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. ამის შემდგომ დაკმაყოფილდებიან ის დევნილები, რომლებიც კომპაქტური ჩასახლებებიდან გამოასახლეს და არ დააკმაყოფილეს ბინებით: „წელს ახალ რაიონში 7 კორპუსი აშენდა. აქედან ორნახევარზე მეტი დაეთმო სასწავლო ცენტრში მცხოვრებ დევნილებს და დარჩა 2228 კაცის აპლიკაცია, რომელსაც ქულები მიანიჭეს. აქედან ყველა ფოთში მცხოვრები დევნილი არ იყო. აპლიკაცია შევსებული ქონდათ მარტვილში, აბაშაში, ჩხოროწყუში, ხობში და ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებსაც. ხოლო რაც შეეხება რამდენიმე წლის წინ 32 სახლში ჩასახლებულ დევნილებს, როგორც გვაქვს ინფორმაცია, მათგან უმრავლესობამ გაყიდა ბინა და სოფელში იყიდა სახლი. პირუტყვი შეიძინა და სოფლის მეურნეობას მოკიდა ხელი, რადგან აქ არ იყო სამუშაო ადგილები. ჩვენ ჩავატარეთ აღწერა და ვნახეთ, რომ 600-ზე მეტი ბინაა დაკეტილი. წინა ხელისუფლების დროს მოხდა თუ მოხდა ბინების უსამართლოდ გადანაწილება და შედეგიც მივიღეთ – დღეს დაკეტილი, გაქირავებული და დაგირავებულია ეს ბინები. იგივე რომ არ განმეორდეს წელსაც, შესაბამისმა სტრუქტურებმა კარგად უნდა შეისწავლონ თითოეული დევნილის აპლიკაცია და ისე უნდა გადანაწილდეს ბინები. მე პირადად მივედი აქციის მონაწილეებთან. ისინი ითხოვენ, რომ კომისია შეიქმნას და შემოწმდეს დარღვევები“.
როგორც გავარკვიეთ, აპლიკაციების შევსებისას ბევრ დევნილს დააკლდა ქულები, მათ შორისაა მარჩენალდაკარგული მიმოზა ცვიშბა, რომელიც დევნილობის პირველი დღიდან ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და ამჯერადაც არ მიუღია ბინა.
6 ქულის მიუხედავად ასევე ბინით არ დააკმაყოფილეს სოციალურად დაუცველი, მეორე ჯგუფის ინვალიდი და მარჩენალდაკარგული დინარა გაბისკირია, რომელიც მძიმე საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობს. Bუბინაოდ დარჩენის გამო დალი აბურჯანიამ შიმშილობის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე ბენზინი გადაისხა და თავის დაწვას შეეცადა. როგორც ვრცელდება ინფორმაცია სწორედ ამ ფაქტის შემდეგ აბურჯანიას ბინა უყიდეს და დააკმაყოფილეს.İთუმცა ჩვენ ამ ფაქტის დადასტურება ვერ მოვახერხეთ ვერცერთ სტრუქტურაში. ყველას სხვადასხვა ვერსია გააჩნია ამასთან დაკავშირებით. ასეა თუ ისე, მრავალი უბინაო დევნილი დარჩა ახლაც საცხოვრებელი ფართის გარეშე. როდესმე ხომ უნდა მოხდეს სამართლიანად ბინების განაწილება?

Comments are closed.